საქმე №ას-529-2020 25 სექტემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.ყ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,პ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახალა სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს ,,პ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ყ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამართულ იძულებით აუქციონზე შეიძინა და ქონების მესაკუთრე გახდა. მოპასუხე ქონებას დღემდე უკანონოდ ფლობს, რის გამოც მესაკუთრეს ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკებები თანხის გადახდასთან დაკავშირებით არ დასრულებულა.
4. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვია, რომელსაც სხვა თავშესაფარი არ გააჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, რაც მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.
6. ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახილების თაობაზე მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმისწარმოება განახლდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 233-ე, 241-ე მუხლებსა და იმავე კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან, ამ უკანასკნელი სამართლებრივი დანაწესის მოთხოვნათა საპირისპიროდ, ცნობა არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რამდენად შეუძლებელს ხდიდა პაციენტის მდგომარეობა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.
10. სასამართლოს განმარტებით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე სასამართლოს მიერ დანიშნულ არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და ყოველ ჯერზე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით ან დანიშნული საქმის განხილვის გადადებას ან და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რაც სასამართლოს შეფასებით, შესაძლოა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა იყოს, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.
12. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ცნობა.
13. კასატორის განმარტებით, მისი დიაგნოზის - არასტაბილური სტენოკარდიისა და კარდიალური ასთმის შეტევის დინამიკა დამოკიდებულია ორგანიზმსა და სხვა ფაქტორებზე, შესაბამისად, მისი დაავადება არაპროგნოზირებადი და არასტაბილურია, რის გამოც ექიმის ხშირი პაციენტია.
14. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ადვოკატის მომსახურების მიღების საშუალება მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო არ შეუძლია, ამიტომ სასამართლო პროცესზე თავად აპირებდა მისვლას, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:
19.1 მოსარჩელე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, რომელსაც მოპასუხე მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს.
19.2 მოპასუხე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის სხდომაზე მიწვეული იყო სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
20. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობას შეეხება და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 2016 წლის 3 ივნისის განჩინება). თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 2018 წლის 11 მაისის განჩინება).
22. ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და მიზეზის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობაც. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა.
25. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის საკასაციო პრეტენზიებზე და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს (რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე). ეს უკანასკნელი სამართლებრივი დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
28. საკასაციო პალატის განმარტებით, მართალია, საქმეში წარდგენილია მოპასუხის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (რომლის თანახმად, მოპასუხემ სს ,,შერეული ტიპის №.. პ–ას“ სასამართლო სხდომის დღეს - 2019 წლის 20 თებერვალს მიმართა, როდესაც დაუდგინდა დიაგნოზი: ,,გიდ. არასტაბილური სტენოკარდია. კარდიალური ასთმის შეტევა“. მოკლე ანამნეზის თანახმად: ,,პაციენტი მეორე დღეა საერთო სისუსტეს, ჰაერის უკმარისობასა და მოჭერითი ხასიათის ტკივილს უჩივის გულის არეში. ღამით სიმპტომები გაუძლიერდა, გამოიხატა ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს, ქვემო კიდურების შეშუპება რამდენიმე წელია აღენიშნება". დიაგნოსტიკურ გამოკვლევებსა და კონსულტაციებში მითითებულია, რომ სტაციონარში გადაყვანის რეკომენდაცია გაეწია, რაზეც პაციენტმა უარი განაცხადა; მკაცრი წოლითი რეჟიმი და მედიკამენტური მკურნალობა დაენიშნა. ავადმყოფობა კი ქრონიკულია, პერიოდული გამწვავებით), რომელიც ასახავს სადავო მომენტისათვის მოპასუხის არადამაკმაყოფილებელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, პალატა მიუთითებს, რომ არ არსებობს კასატორის საკასაციო პრეტენზიების გაზიარების საფუძველი და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოპასუხე 2018 წლის 15 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რის საფუძველზეც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო. მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობა დაურთო საჩივარს, იმავე დიაგნოზით რაც 2019 წლის 20 თებერვლის ცნობაშია მითითებული (დიაგნოზით - არტ. ჰიპერტენზია. გიდ. არასტაბილური სტენოკარდია, გულის უკმარისობა, კარდიალური ასთმა), რის საფუძველზეც ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმისწარმოება განახლდა, სასამართლოს მთავარი სხდომა კი - 2019 წლის 21 იანვარს გადაიდო. მოპასუხემ სხდომის დღეს (21.01.2019 წელს) სასამართლოს მიმართა და ავადმყოფობის გამო (დიაგნოზით - წითელა) საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის მოითხოვა, რის საფუძველზეც სასამართლო სხდომა 2019 წლის 20 თებერვალს გადაიდო. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე ისევ არ გამოცხადდა, რასაც საფუძვლად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაედო, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით (წარადგინა ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არასტაბილური სტენოკარდიისა და კარდიალური ასთმის შეტევის დიაგნოზით) განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2019 წლის 6 ნოემბერს დაინიშნა, რის თაობაზეც მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა, თუმცა მოპასუხე სასამართლო სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა და მისმა შვილმა აპელანტის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (დიაგნოზით - ჰიპერტონული კრიზი) წარმოადგინა სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა 2019 წლის 29 ნოემბერს დაადგინა.
29. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას, მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. სწორედ, მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ავადმყოფობა უსასრულოდ ვერ იქნება გათვალისწინებული (როგორც აღინიშნა, მოპასუხე საკუთარი დიაგნოზით, რომელიც წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობით ქრონიკულია, ყოველ ჯერზე ან სასამართლო სხდომის გადადებას და ან მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს). პალატის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხეს საკუთარი საპროცესო უფლებების გამოყენების საშუალება მისცეს, რაც გამოიხატა საპროცესო შედეგების გაუქმებასა (პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა) და სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის რამდენჯერმე გადადებაში, რის გამოც, სამართალწარმოება მოცემულ საქმეზე დიდი ხანია მიმდინარეობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოპასუხის მითითება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება, რაც თავისთავად ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს და არ უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კასატორის საკასაციო პრეტენზიების გაზიარების საფუძველი.
30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. იმავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლად შეიძლება იყვნენ სხვა ქმედუნარიანი პირები - მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
31. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესებიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ მოპასუხეს ქრონიკული დაავადების პირობებში, თან იმის გათვალისწინებით, როცა მის წინააღმდეგ მიღებული ერთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და სასამართლო სხდომები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, შეეძლო, სტაბილურად ყოფნის დროს ნოტარიუსისათვის მიემართა და მინდობილობა, წარმომადგენლისათვის ან თუნდაც საკუთარი შვილისათვის (შვილმა 2019 წლის 6 ნოემბერს დანიშნულ სხდომაზე ჯანმრთელობის შესახებ ცნობა წარადგინა სააპელაციო სასამართლოში) გაეფორმებინა, რომელიც მის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიცავდა და ამით მოპასუხეც საკუთარ საპროცესო ვალდებულებას შეასრულებდა, თუმცა ამ უკანასკნელს აღნიშნული არ განუხორციელებია. პალატა არ იზიარებს კასატორის იმ მითითებასაც, რომლის თანახმად, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, წარმომადგენლის მომსახურებით ვერ ისარგებლებდა და განმარტავს, რომ მოპასუხის ზეპირსიტყვიერი მითითება არ ქმნის ამ უკანასკნელის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას და იმ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას, რომელიც სადავო ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა.
32. სასამართლო ითვალისწინებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და წინამდებარე განჩინების 28-ე პუნქტში მითითებული ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით ასევე აღნიშანვს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნათელია კასატორის მიზანი საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების გამოყენებით საქმის განხილვა გააჭიანუროს, ამდენად, მისი მხრიდან ადგილი აქვს არა დარღვეული უფლების აღდგენის მცდელობას, არამედ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც დაუშვებელია.
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
34. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.).
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
38. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. საქმე №ას-604-2020, 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება; საქმე №ას-1078-998-2017, 2017 წლის 25 ნოემბრის განჩინება).
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ყ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ა.ყ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მანანა საღარაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 9572913890 /გადახდის თარიღი 14.07.2020), 70% - 105 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
გიორგი მიქაუტაძე