Facebook Twitter

საქმე №ას-511-2020 29 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი.გ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.გ–ა (შემდგომ - მოსარჩელე, კასატორი) და ნ.გ–ა (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) 1999 წლის 13 ნოემბერს დაქორწინდნენ.

2. მხარეებმა 2009 წლის 8 აპრილს თბილისში, ...... №6-ში მდებარე ბინა შეიძინეს.

3. მოსარჩელესა და ტატიანა კანდელაკს (შემდგომ - მოსარჩელის და, გამსესხებელი) შორის, 2015 წლის 5 ნოემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება 50 000 აშშ დოლარზე, 5 წლით - 2020 წლის 5 ნოემბრამდე.

4. 2018 წლის 24 სექტემბერს (სარჩელის აღძვრის შემდეგ), მოსარჩელემ გამსესხებლის წინაშე დამატებით, ზემოხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება აღიარა.

5. მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ არის შესრულებული.

სარჩელის საფუძვლები:

.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება და 2015 წლის 5 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 50 000 აშშ დოლარის 1/2-ის 25 000 აშშ დოლარის, მოპასუხისათვის დაკისრება; ასევე, რეგისტრირებული ქორწინების დროს შეძენილი ტელევიზორ ,,სამსუნგისა“ და ჩაშენებული სამზარეულოს 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობა (2019 წლის 14 მარტის საოქმო განჩინებით, შეწყდა წარმოება სხვა მოთხოვნილი ავეჯის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში).

7. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები დაქორწინების შემდეგ, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, რუსეთის ფედერაციაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო შემდგომ, შვილების სწავლა-განათლების საქართველოში მისაღებად, მოპასუხე შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნდა.

8. მოსარჩელემ სესხით შეიძინა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება, რომელიც მოპასუხის სახელზე აღირიცხა. მოსარჩელემ ფართის შეძენისთვის გადაიხადა 92 323 აშშ დოლარი, ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის - 30 000 აშშ დოლარი, ხოლო ბინის ავეჯით მოწყობისათვის 27 300 აშშ დოლარი, ჯამურად - 149 623 აშშ დოლარი.

9. მოსარჩელეს უძრავი და მოძრავი ქონების შეძენისათვის ფინანსური დახმარება გაუწია დამ, რომელმაც 2006 წლის 25 დეკემბრის გენერალური ხელშეკრულებით 60 000 აშშ დოლარის კრედიტი აიღო და ეტაპობრივად მოსარჩელის მიერ გამოგზავნილი თანხებით გადაიხადა.

10. მოსარჩელემ საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებისთვის და ავეჯით მოსაწყობად დისგან დამატებით 50 000 აშშ დოლარი ხუთი წლით ისესხა, რომლის ნახევარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

მოპასუხის პოზიცია:

11. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საცხოვრებელი ბინა და ავეჯი შეძენილია ერთობლივი შემოსავლით მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში.

12. მოპასუხის განმარტებით, მისთვის მხოლოდ წარმოდგენილი სარჩელით გახდა ცნობილი, რომ მოსარჩელემ დისგან 2015 წელს სესხი აიღო. სესხის ხელშეკრულება ფიქციურია. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ვალდებულების დამადასტურებელი და არც იმის მტკიცებულებები, რომ ვალდებულებით მიღებული თანხა მთელი ოჯახის ინტერესებს მოხმარდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; 2015 წლის 5 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს 50 000 აშშ დოლარის 1/2-ის 25 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; მოპასუხე ცნობილ იქნა ქორწინების დროს შეძენილი ტელევიზორ ,,სამსუნგისა“ და ჩაშენებული სამზარეულის 1/2 წილის მესაკუთრედ.

14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ 25 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს 50 000 აშშ დოლარის 1/2 - 25 000 აშშ დოლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

16. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1169-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებით, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქორწინების პერიოდში თანხის სესხება, მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევის საფუძველი არ არის.

17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა არა მარტო ის რომ ქორწინების პერიოდში სესხი მართლაც აიღო, არამედ ისიც, რომ ეს თანხა ოჯახის ერთიან მიზნებს მოხმარდა. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი ვერცერთი ფაქტობრივი გარემოება ვერ დაადასტურა, კერძოდ, მას თანხის მიღების დამადასტურებელი საბუთი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ეს ფაქტი არ დადასტურდა არც საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითაც. ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სესხის აღების შემთხვევაშიც კი, ის გარემოება, რომ თანხა ოჯახის საერთო მიზნებისთვის დახარჯა. ამ საკითხზე დაკითხული მოწმების ჩვენება დამაჯერებელი არ არის, მოსარჩელეს კი საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად სხვა მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია.

18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს არა მისი ვალის საერთო ვალად აღიარებას, არამედ მოპასუხისათვის ამ თანხის გადახდის დაკისრებას. თანხის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება გამომდინარეობდეს სსკ-ის 986-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც - პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ სამართლებრივი შედეგის დასადგომად მეუღლის მიერ კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულება აუცილებელია. სხვისი ვალის გასტუმრების გარეშე, ე.ი. არარსებული შესრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა მას, ცხადია, არ და ვერ წარმოეშობა. დადგენილია, რომ მოსარჩელეს არათუ ვალი არ გადაუხდია, არამედ ჯერ მისი გადახდის ვადაც კი არ მოსულა, შესაბამისად, მოსარჩელეს 50 000 აშშ დოლარი მართლაც რომ ესესხა და ოჯახის მიზნებისათვის გამოეყენებინა, მისი მოთხოვნა მაინც უსაფუძვლო იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

22. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ კასატორის მოთხოვნა ვალის გაყოფაზე იმ შემთხვევაში იქნება დასაბუთებული, თუ მოთხოვნის დაყენების დროისათვის სხვა გარემოებებთან ერთად, იგი ვალს სრულად გადაიხდის, სსკ-ის 1169-ე მუხლის შინაარსსა და მიზანს არ შეესაბამება.

23. კასატორის მითითებით, მან 2015 წლის 5 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 50 000 აშშ დოლარი ისესხა, რომელიც მოხმარდა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინის სარემონტო სამუშაოებს. კასატორს არ ჰქონდა იმდენი შემოსავალი, რომ სამუშაოები მხოლოდ საკუთარი ხელფასიდან დაეფინანსებინა, რამაც სესხის ხელშეკრულების გაფორმება განაპირობა.

24. კასატორის მითითებით, საქმეში წარდგენილია 2018 წლის 24 სექტემბრის დოკუმენტი, რომლითაც კასატორმა გამსესხებლის წინაშე 2015 წლის 5 ნოემბერს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა აღიარა, შესაბამისად, ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ კასატორმა თანხა მიიღო, რადგან წარმოშობილი აქვს შემხვედრი ვალდებულება თანხის უკან დაბრუნების სახით.

25. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა აუდიტორული დასკვნები და მტკიცებულებები, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ქონების ფასს, ისევე, როგორც ის გარემოება - რომ მოდავე მხარეებს არ ჰქონდათ საკმარისი შემოსავალი ამ ღირებულების ქონების შექმნისათვის. ამას ადასტურებს მოწმე ნ.დ–ას ჩვენებაც, რომელიც სასამართლომ რატომღაც არ გაიზიარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

30. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, 50 000 აშშ დოლარის ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრება, სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1169-ე (მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად) და 1170-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილიდან (ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის) გამომდინარეობს.

31. მეუღლეთა ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა მჭიდროდაა დაკავშირებული მათი პირადი და საერთო ვალის ცნებასთან. საერთო ვალი ისეთი ვალია, რომელიც აღებულია ორივე მეუღლის მიერ ან თუნდაც ერთ-ერთის მიერ, მაგრამ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვალი აღებულია ერთ-ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ ოჯახის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ვალი საერთოა და გადახდილ უნდა იქნეს ორივე მეუღლის თანაზიარი საკუთრებიდან. ისეთ შემთხვევაში, როცა მეუღლეთა საერთო ვალი აღემატება თანაზიარი ქონების ღირებულებას, გადახდევინება უნდა გავრცელდეს თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაზეც. პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად, ჩვეულებრივ, მიიჩნევა კრედიტორის მოთხოვნა მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის მიმართ თანხის გადახდის შესახებ. იყო თუ არა ვალის აღება ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა დაადგინოს სასამართლომ. სასამართლომ ყოველ შემთხვევაში უნდა გაარკვიოს ვალის აღების მიზანი და მისი გამოყენების შედეგები (იხ. რ. შენგელია, ე.შენგელია, საოჯახო სამართალი, თბ., 2015, გვ.131.). მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევისათვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ ვალი აღებულია ორივე მეუღლის მიერ, ან ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ მეორე მეუღლის თანხმობით და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აკისრებს კანონმდებელი პასუხისმგებლობას მეორე მეუღლეს საერთო ვალის გაყოფით (შდრ. სუსგ №ას-1029-964-2012, 2012 წლის 23 ივლისის განჩინება).

32. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის საერთო ვალის ნახევრის დაკისრება წარმოადგენს, რასაც ეს უკანასკნელი იმაზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ სესხის აღების ფაქტი არ დასტურდება, ისევე, როგორც - ვალდებულებით მიღებული თანხის ოჯახის ინტერესებისათვის მოხმარება.

33. მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) შედავების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა, უპირველესად, იმ გარემოებაზე იმსჯელებს, რამდენად დასტურდება მოსარჩელის მიერ საკუთარი დისგან თანხის სესხების ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დაუდასტურებლობა თავისთავად მოწინააღმდეგე მხარისათვის (მოპასუხისათვის) საერთო ვალის ნახევრის დაკისრებას გამორიცხავს.

34. სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ. სუსგ №ას-1245-1168-2015, 2016 წლის 20 მაისის განჩინება). სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინება).

35. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავოა სესხის აღების ფაქტი, სსსკ-ის მე-4 (მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მუხლების დისპოზიციიდან გამომდინარე, აღნიშნულის მტკიცება მოსარჩელეს ეკისრება, რაც მან სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო.

36. საკასაციო პალატა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) ხაზს უსვამს სესხის რეალურ ბუნებაზე და განმარტავს, რომ სსკ-ის 624-ე მუხლი სესხის ხელშეკრულებისათვის სპეციალურ ფორმას არ ადგენს, თუმცა წერილობითი ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება პირდაპირ მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული, თუკი მისი შინაარსით თანხის გადაცემის ფაქტი დასტურდება (შდრ. საქმე №ას-938-888-2015, 2016 წლის 27 მაისის განჩინება). საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტი - 2015 წლის 5 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება ამგვარ დათქმას არ შეიცავს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებას საკასაციო პალატა სასესხო დავალიანების არსებობის თაობაზე მოსარჩელისათვის გასესხებული თანხის - 50 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს.

37. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, არ ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ მოსარჩელეს მართლაც გადაეცა თანხა, რაც სესხის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევას განაპირობებს. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია, თანხა კონკრეტულად როდის და რა ფაქტობრივ გარემოებებში გადაცემა. ნიშანდობლივია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდეგ - 2018 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა, მაშინ, როდესაც 2015 წლის 5 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება 5 წლითაა დადებული, შესაბამისად, გაუგებარია, რაში დასჭირდა სესხის ხელშეკრულების მხარეებს დამატებით ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმება 2018 წლის სექტემბერში, სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან (31.07.2018) ორი თვის შემდეგ. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, გარდა იმისა, რომ ცალკე აღებული არ შეიძლება თანხის გადაცემის მტკიცების საკმარისი საფუძველი იყოს, იგი არადამაჯერებელიცაა, ვინაიდან მოწმემ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარეც ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები გააკეთა (მოწმე ნ.დ–ამ, რომელიც მოსარჩელის დაა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჯერ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების დადების თაობაზე არაფერი იცოდა და ამის შესახებ, სასამართლო სხდომაზე გაიგო. ამასთან, არც ის იცოდა, რომ გამსესხებელს 2006 წლის 25 დეკემბერს აღებული ჰქონდა უძრავი ნივთით უზრუნველყოფილი სესხი, რომელიც მოსარჩელემ გამოიყენა და გაისტუმრა კიდეც, ხოლო შემდგომ მიუთითა, გამსესხებელი მოსარჩელეს ფინანსურად ეხმარებოდა და სესხის ხელშეკრულება მხოლოდ კრიზისის შემდგომ გააფორმეს).

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამსესხებლის მიერ მოსარჩელისათვის სესხის გადაცემის ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება, შესაბამისად, 50 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხის ნახევარზე მოპასუხის მიმართ სარჩელის უარყოფა დასაბუთებულია.

39. მიხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ სესხის აღება საქმის მასალებით არ დადასტურდა, რაც თავისთავად მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას გამორიცხავს, სასამართლო დამატებით მაინც განმარტავს, რომ სსკ-ის 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებისათვის, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმის დადგენა, რომ ვალი, რომელსაც მოვალეს ედავებიან, გამოყენებულია ოჯახის საერთო ინტერესებისათვის, რაც მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა.

40. მეუღლეთა საერთო ვალის დაფარვის საკითხის გადაწყვეტისას მეტად პრაქტიკული მნიშვნელობისაა პროცესუალური საკითხი მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, კერძოდ, ვინ უნდა ამტკიცოს ის ფაქტი, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ვალი საერთო ვალს. საკასაცო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტისას მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები არ გვთავაზობს პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას და მტკიცების საგანში შედის სწორედ საერთო მიზნებისათვის სადავო ხარჯების გაწევის ფაქტი, ხოლო მტკიცების სტანდარტს ადგენს სსსკ-ის 102-ე მუხლი (იხ. სუსგ-ებები: №ას-516-489-2015, 17 ივნისი, 2015 წელი, №ას-1035-1228-2008, 23 მარტი, 2009 წელი, №ას-605-579-2016, 17 თებერვალი, 2017 წელი).

41. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება არ ადასტურებს სადავო თანხის ოჯახის ერთიანი მიზნებისათვის მოხმარების ფაქტს. ამასთან, სესხად აღებული თანხის მეუღლეთა ბინის მოსაწყობად დახარჯვის შესახებ კასატორის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, სადავო გარემოებას ვერ დაადასტურებს. ამ მხრივაც, კასატორს სასამართლოში არცერთი დამაჯერებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. რაც შეეხება საქმეში არსებულ უძრავი ქონების შეფასების ანგარიშს, აღნიშნული სადავო გარემოებას ვერ დასტურებს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც კასატორს არ წარუდგენია მისი შემოსავლების ქონების ღირებულებასთან შეუსაბამობის რომელიმე არსებითი მტკიცებულება. ნიშანდობლივია, კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით მოწმე ქრისტინე ლომაიას ჩვენებაც, რომელმაც საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითა.

42. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

43. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

47. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1334-1254-2017, 2018 წლის 18 მაისის განჩინება; №ას-1646-2018, 2019 წლის 22 მარტის განჩინება; №ას-260-2021, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება; №ას-938-888-2015, 2016 წლის 27 მაისის განჩინება).

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ი.გ–ას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3805 ლარის (საგადასახადო დავალება 0 / გადახდის თარიღი 06.08.2020), 70% - 2663.5 ლარი;

3. ი.გ–ას ნ.გ–ას სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 750 ლარის ოდენობით;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე