Facebook Twitter

¹ 3გ-ად-16-გ-03 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის შესახებ დავა, საქმეზე ა. უ.-ისა და ზ. მ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიმართ, საჯარო კონკურსის გამოცხადების ბათილად ცნობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 5 მარტს ა. უ.-მ და ზ. მ.-მ სარჩელი აღძრეს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოსასუხეების: საქართველოს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიმართ.

მოსარჩელეებმა სარჩელით ითხოვეს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობასა და რეგიონალური საბაჟო რკინიგზის საბაჟო გაფორმების განყოფილების თბილისის ჯგუფის ინსპექტორის თანამდებობაზე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის ბიუროს მიერ საჯარო კონკურსის გამოცხადების ბათილად ცნობა.

ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 11 მარტს განიხილა ა. უ.-ისა და ზ. მ.-ის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, აღნიშნული სარჩელი არ იყო ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განსჯადი.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 მარტის განჩინებით ა. უ.-ისა და ზ. მ.-ის სარჩელი მოპასუხეების: საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიმართ, საჯარო კონკურსის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 18 მარტს განიხილა ა. უ.-ისა და ზ. მ.-ის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და მიიჩნია, რომ იგი არ არის თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით განსახილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლში ჩამოთვლილია საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. სარჩელში მითითებული მოპასუხეები წარმოადგენენ სამთავრობო დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებს. ამდენად, ეს დაწესებულებები არ მიეკუთვნებიან იმ უწყებებს, რომელთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე სარჩელს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის წესით იხილავენ საოლქო სასამართლოები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 მარტის განჩინებით ა. უ.-ისა და ზ. მ.-ის სარჩელი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ისანი-სამგორის რიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ა. უ.-ისა და ზ. მ.-ის სარჩელი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილისა და რეგიონალური საბაჟო რკინიგზის საბაჟო გაფორმების განყოფილების თბილისის ჯგუფის ინსპექტორის თანამდებობაზე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის ბიუროს მიერ საჯარო კონკურსის გამოცხადება არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ ადმინისტრაციული გარიგების დადებისათვის მიმართული ქმედებაა, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოები არ განიხილავენ სარჩელებს ადმინისტრაციული გარიგების დადების კანონიერების თაობაზე, ამიტომ მოცემული საქმე რაიონული სასამართლოს განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. უ.-ისა და ზ. მ.-ის სარჩელი მოპასუხეების: ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიმართ, საჯარო კონკურსის გამოცხადების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.