საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1337-2021 18 მარტი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – უცხოური საწარმოს ფილიალი „ნ. ა. ს. ე. კ“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უცხოურმა საწარმოს ფილიალმა „ნ. ა. ს. ე-სი კ-ომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოითხოვა, გაზრდილი ხარჯის 104 593 ლარის და პირგასამტეხლოს - 23 574,93 ლარის გადახდისგან გათავისუფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 104 593 ლარის გადახდა დაევალა. დარჩენილ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უცხოური საწარმოს ფილიალს ნ. ა. ს-ჯი ე-სი კ-ს (მიმწოდებელი) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემსყიდველი) შორის 2016 წლის 27 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. შესყიდვის ობიექტს 26300 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვა წარმოადგენდა, რაც მოსარჩელეს საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში, 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, უნდა მიეწოდებინა. შესაძლებელი იყო პროდუქციის ეტაპობრივი მიწოდებაც. ხელშეკრულების ღირებულება 2453001 ლარით განისაზღვრა, სადაც საქონლის ერთეულის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 93,27 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ, 2017 წლის 13 აპრილის შეთანხმებით ვადა 2017 წლის 14 მაისის ჩათვლით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 19-34).
6. ხელშეკრულებაში განხორციელებული 23.02.2017 წლის შეთანხმების ოქმის თანახმად, ხელშეკრულების 4.4 და 4.5. პუნქტებში ცვლილება შევიდა, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში შემსყიდველი, საბანკო გარანტიის შესაბამისი თანხის ოდენობით, წინასწარ ანგარიშსწორებას (ავანსი) განახორციელებდა. ავანსის თანხა მოსარჩელემ წინასწარ მიიღო.
7. მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით უნდა დადასტურებულიყო. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად, შემსყიდველისთვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი ჩაითვლებოდა. თავის მხრივ, შემსყიდველი ვალდებული იყო განეხორციელებინა მთლიანი ან ნაწილობრივი ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის საქონელზე, ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში.
8. ხელშეკრულებით მხარეები მასში ცვლილების შეტანის შესაძლებლობის შესახებ შეთანხმდნენ, მათ შორის, გაითვალისწინეს, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება მოჰყვებოდა დაუშვებელი იყო, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისიწინებული შემთხვევისა. ამასთან, დაუშვებელი იყო თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. ამ მუხლით დადგენილ პირობათა გათვალისწინებით, თუ ანგარიშსწორების დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული აშშ დოლარის კურსი წინადადების მიღების ვადის დასრულების დღეს (04.08.2016) დადგენილ კურსთან (2,3470) მიმართებაში შეიცვლებოდა (მოიმატებს ან დაიკლებს) 5% და მეტი ოდენობით, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელი იყო შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით შეცვლილიყო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ფასიც, ამასთან, კურსის გაზრდის შემთხვევაში მატებას (როგორც ერთჯერადი, ასევე ჯამური) ხელშეკრულების ღირებულების 10%-ისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა.
9. ხელშეკრულებით მხარეები მიმწოდებლის გაზრდილი ხარჯის შემსყიდველის მიერ ანაზღაურების კონკრეტულ ვადაზე არ შეთანხმებულან (ტომი I, ს.ფ. 19-34).
10. ხელშეკრულების მე-16 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, კერძოდ: მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა, საქონლის მიუწოდებლობისთვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე), მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაეკისრებოდა. ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის მიერ შემსყიდველის სასარგებლოდ წარდგენილი იქნა საბანკო გარანტია.
11. შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოსარჩელემ 2 ეტაპად განახორციელა: 2016 წლის 22 დეკემბერს, 792795 ლარის ღირებულების 8500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი და 2017 წლის 7 მარტს - 1660206 ლარის ღირებულების 17800 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი. პირველ ეტაპზე მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, მოპასუხემ განახორციელა 2016 წლის 30 დეკემბერს.
12. ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების მოტივით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა. დარიცხვა განხორციელდა მე-2 ეტაპით გათვალისწინებული პროდუქციის 71 დღით ვადაგადაცილებით მიწოდებისთვის, 1660206 ლარის 0,02%, რაც შეადგენს 23574,96 ლარს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ასევე საბანკო გარანტიის თანხა გამოითხოვა.
13. 2016 წლის 29 ნოემბერს, მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და იშუამდგომლა ხელშეკრულების 15.5 პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და/ან დამატების შეტანა და ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა (ტომი I, ს.ფ. 54).
14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივo გარემოება მასზედ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უცხოური საწარმოს ფილიალი ნ. ა. ს-ჯი ე-სი კ-ს სასარგებლოდ 104 593 ლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.
15. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 15.5 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება მოჰყვებოდა დაუშვებელი იყო, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისიწინებული შემთხვევისა. ამასთან, დაუშვებელი იყო თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა. ამ მუხლით დადგენილ პირობათა გათვალისწინებით, თუ ანგარიშსწორების დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული აშშ დოლარის კურსი წინადადების მიღების ვადის დასრულების დღეს (04.08.2016) დადგენილ კურსთან (2,3470) მიმართებაში შეიცვლებოდა (მოიმატებს ან დაიკლებს) 5% და მეტი ოდენობით, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელი იყო შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით შეცვლილიყო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ფასიც, ამასთან, კურსის გაზრდის შემთხვევაში მატებას (როგორც ერთჯერადმა, ასევე ჯამურმა) ხელშეკრულების ღირებულების 10%-ისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა.
16. საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2017 წლის 13 თებერვლის დასკვნის თანახმად, პირველ ეტაპზე მიწოდებული საქონლის მიწოდებისას, მიმწოდებლის ხარჯის ზრდა შეადგენს 13, 193%-ს, რაც გამოწვეულია ლარის აშშ დოლართან მიმართებაში არსებული ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის ცვლილებით. 2016 წლის 4 აგვისტოს (სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების თარიღი) მოქმედი ლარის აშშ დოლართან მიმართებაში არსებული ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის გათვალისწინებით შეადგენდა 70 899 ლარს, ხოლო კომპანიის მიერ საქონლის შესაძენად გაღებული ფაქტიური ხარჯი 80.253 ლარს შეადგენდა. ზემოაღნიშნული სხვაობა გამოწვეულია ლარის აშშ. დოლართან მიმართებაში არსებული ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის ცვლილებით, შესაბამისად ხარჯის ზრდა 13,193 % იყო (ტომი I, ს.ფ. 37-40).
17. როგორც აღინიშნა, კურსთა შორის სხვაობის ის მინიმალური ზრდა, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო - 5%-ს შეადგენდა, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გადამოწმებული მონაცემების მიხედვით, კურსთაშორისი ცვლილება 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო და მიწოდების ვადის ბოლომდე და მის შემდეგაც გრძელდებოდა (2016 წლის 2 ნოემბერი-2,41, 26 ნოემბერი-2,5: 30 ნოემბერი-2,531; 2 დეკემბერი-2,5871; 16 დეკემბერი-2, 668; 20 დეკემბერი 2,74; 22 დეკმბერი-2,78; 28 დეკმბერი-2.66 (იხ. მონაცემები www.nbg.gov.ge), რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამცავი ნორმის ამოქმედებას, ანუ სახელშეკრულებო ღირებულების დაკორექტირების ვალდებულებას იწვევდა.
18. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის განმარტება, იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პროცენტი ხელშეკრულების პირობას ეწინააღმდეგებოდა, რომლის თანახმად, კურსის გაზრდის შემთხვევაში, მატებას ხელშეკრულების ღირებულების 10%-ისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა. აღნიშნული იმ დასკვნას ემყარება, რომ როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, გაანგარიშება მოსარჩელის მიერ არა საერთო ჯამში მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, არამედ მხოლოდ პირველ ეტაპზე (2016 წლის 22 დეკემბრის დროისთვის) მიწოდებული პროდუქციის 8500 წყვილი ფეხსაცმლის შეძენის დროისთვის არსებული კურსთა ცვლილების საფუძველზე მიმწოდებლის გაზრდილი ხარჯიდან განხორციელდა. აღნიშნული კი ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ზე ნაკლებია. პალატამ მიიჩნია, რომ 10%-იანი მარჟა, ის ზედა ზღვარია, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ხელშეკრულების ზრდის შესაძლებლობა დაუშვეს, ამიტომ იმის მიუხედავად თუ რა იქნებოდა ფასთა შორის სხვაობა, ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტად გაზრდა ვერ მოხდებოდა, აღნიშნული კი არც მომხდარა.
19. სააპელაციო პალატამ აქვე განმარტა, რომ გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების 15.5 პუნქტის დათქმა კონტრაჰენტის არა ვალდებულებას, არამედ უფლებას წარმოადგენდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა უნდა გამხდარიყო. პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ სადავოდ გამხდარ ხელშეკრულებაში, ფასთა შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდის თაობაზე შეთანხმება, დათქმის კეთილსინდისიერების პრინციპთან მიმართებით, განმარტების პირობებში, თავისთავად, ამგვარი პირობის დადგომის შემთხვევაში პოზიტიური ქმედების განხორციელების ვალდებულებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კონტრაჰენტს ყოველთვის შეეძლებოდა, ამგვარი დათქმა მის არა ვალდებულებად არამედ, უფლებად მიეჩნია, სახელშეკრულებო დაცვითი ფუნქციის მქონე მითითებების გაკეთებას ფუნქცია დაეკარგებოდა და მოვალე ყოველთვის წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რაც რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი ქცევის ნაგულვები პრინციპიდან არ გამომდინარეობს და გაზიარებული ვერ იქნება.
20. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ე.წ. დამცავი პირობის ამოქმედების წინაპირობების არსებობის ფაქტი უნდა დაედასტურებინა, ანუ, უნდა დაემტკიცებინა, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ გარემოებათა ისეთი აშკარა ცვლილება მოხდა, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში შეუძლებელია სავარაუდო ყოფილიყო ხელშეკრულების დადებისადმი მხარეების (ან ერთ-ერთი მათგანის) დაინტერესება. ასევე უნდა მიეთითებინა, რომ გარემოების ცვლილება იმდენად ამძიმებდა ერთ-ერთი მხარის მდგომარეობას, რომ მისგან ხელშეკრულების უპირობო შესრულების მოთხოვნა მის ინტერესებს არათანაზომიერად ხელყოფდა. სააპელაციო პალატის აზრით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით კურსთა შორის იმგვარი ცვლილების განხორციელება დასტურდებოდა, რომლის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელი იყო და რომელიც მხარეს არა მხოლოდ მოგების მიღების შესაძლებლობას უსპობდა, არამედ საწარმოსთვის დამაზიანებელი იყო. ამიტომ, პალატამ დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლს „ნომინალიზმის პრინციპთან“ მიმართებით უპირატესი მოქმედების ძალა გააჩნდა და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში მართებულად დაკმაყოფილდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
21. აღნიშნული განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
22. საკასაციო საჩივარით კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს. მისი მტკიცებით, მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო შეთანხმებული საქონლის მიწოდება, რის გამოც მოხდა ხელშეკრულების შესრულების ვადის არაერთხელ გაგრძელება. კასატორის აზრით, მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მხოლოდ იმიტომ მოახერხა, რომ მას კონტრაჰენტმა შესრულების ვადები არაერთხელ გადაუწია, აღნიშნული კი იძლეოდა იმგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მხარე თავიდანვე ხელშეკრულების ვადაში და დროულად შესრულების პრინციპით არ მოქმედებდა და მისი ქმედებები მიმართული იყო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდისკენ. კასატორი უთითებს, რომ ვინაიდან 2016 წლის 26 დეკემბერს, სრულად არ მოხდა მისაწოდებელი საქონლის გადაცემა და მისაწოდებელი საქონლის ნაწილზე 2017 წლის თებერვალში დაინიშნა ექსპერტიზა - მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ზრდის შესახებ, უდავოა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში, ამგვარი ზრდის წინაპირობა აღარ დადგებოდა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ მოსარჩელემ დაარღვია ფორმალური წესი და ხელშეკრულების ფასის გაზრდა არ მოუთხოვია წერილობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა. გარდა ამისა, კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს ექსპერტიზის დასკვნის შინაარსობრივ მხარეზეც, რადგან მხარეთა შორის ხელშეკრულებით მხოლოდ ღირებულების გაზრდის 10%-იან მაჩვენებელზე იყო საუბარი, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში 13%-ია მითითებული.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საკასაციო საჩივარი, 2021 წლის 21 დეკემბერს, წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია(შედავება).
26. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ მოსარჩელე, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა, კერძოდ, ხელშეკრულების შესრულების ვადა რამდენიმეჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, 2017 წლის 13 აპრილის შეთანხმებით ვადა 2017 წლის 14 მაისის ჩათვლით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 19-34). კასატორის მტკიცებით, ამ ქმედების საბოლოო მიზანს სწორედ, გაზრდილი ღირებულების (საფასურის) მიღება წარმოადგენდა, ასევე მიმწოდებელს ვალდებულება დროულად არ შეუსრულებია, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიწოდება შეთანხმებულ ვადაში ვერ შეძლო.
27. საკასაციო პალატა კასატორის მითითებებს ვერ გაიზიარებს და უპირველესად განმარტავს, რომ ხელშეკრულების ვადის ორმხრივი შეთანხმების შედეგად, გაზრდის ფაქტი, სამოქალაქო ურთიერთობებში უცხო არაა, მეტიც, ზოგადი შეხედულების თანახმად, მხარეთა მოქნილობა, როგორც საბაზრო ეკონომიკის ასევე, სამოქალაქო ურთიერთობების წარმატების გარანტიაა, სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატამ არაერთგზის აღნიშნა, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1338-1376-2014), ამიტომ, ცალკე აღებული ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაწევა, თუ იგი გამყარებული არ არის სხვა არგუმენტაციით, ხელშეკრულების მხარეთა არაკეთილსინდისიერებაზე წარმოდგენას არ ქმნის.
28. კასატორი ასევე აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება, თუ რომელი პერიოდიდან დაიწყო აღნიშნული საქონელის ღირებულების გაზრდა, ამიტომ შეუძლებელი იყო ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლა. გარდა იმისა, რომ ეს პრეტენზია მხარის მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში არ გაჟღერებულა და მასზე მსჯელობას გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს არგუმენტი იმ მიზეზითაც ვერ იქნება გაზიარებული, რომ დაუსაბუთებელია.
29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს. მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1298-2019).
30. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ მისი გაზრდილი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის დასადასტურებლად წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 20-22 ტომი II), სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთი ერთეული საქონლის ღირებულება, კომპანიის მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე, 2016 წლის 4 აგვისტოს (სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მდგომარეობით, აშშ დოლარის კურსი ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში ხელშეკრულებაში მიეთითა 2,3470) მოქმედი ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის გათვალისწინებით, შეადგენდა 70,899 ლარს, ხოლო კომპანიის მიერ საქონლის შესაძენად გაღებული ფაქტიური ხარჯი შეადგენს 80,253 ლარს. აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია ლარის აშშ დოლართან მიმართებაში არსებული ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის ცვლილებით. ამდენად, მიმწოდებლის ხარჯის ზრდა შეადგენს 13,193%-ს, რაც თანხობრივად არის 104593 ლარი. აღნიშნულის დაანგარიშება შემდეგნაირად მოხდა: 8500 ცალი ფეხსაცმლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს - 8500X93,27 (ერთი ერთეულის ფასი) =792795 ლარს, ხოლო 792 795-ის 13,193% არის 104593 ლარი. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ გაანგარიშება განხორციელდა მოსარჩელის მიერ არა საერთო ჯამში მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან არამედ მხოლოდ პირველ ეტაპზე (2016 წლის 22 დეკემბრის დროისთვის) მიწოდებული პროდუქციის 8500 წყვილი ფეხსაცმლის შეძენის დროისთვის არსებული კურსთა ცვლილების საფუძველზე, მიმწოდებლის გაზრდილი ხარჯიდან. შესაბამისად, აღნიშნული ზრდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 10%-ზე ნაკლებია.
31. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას შეეძლო კანონით დადგენილი წესით გაეხადა ექსპერტიზის დასკვნა სადავოდ და საჭიროების შემთხვევაში, გამომრიცხავი მტკიცებულება წარმოედგინა. ამ საპროცესო მოქმედების განხორციელება საკასაციო ინსტანციაში შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მოსარჩელის არგუმენტაცია ამ კუთხითაც დაუსაბუთებელია, შესაბამისად, საკასაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს.
32. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ნაწილში არ გააჩნია რელევანტური საფუძველი, ვინაიდან იგი არ შეიცავს მითითებებს, თუ რა არსებითი სამართლებრივი გარემოება (გარემოებები) არსებობდა გაზრდილი ფასის ანაზღაურებაზე უარის თქმისთვის. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა საქმეზე და გადაწყვიტა იგი.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
34. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
35. წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
36. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "უ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე