საქმე №ას-1356-2021 30 მარტი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ.ჯ–ძე, შპს „მ–ა ...“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ფ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2021წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.03.2021 წლის გადაწყვეტილებით მ.ფ–ძის სარჩელი მ.ჯ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და შპს „მ–ა ...“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები, „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ სოლიდარულად 300 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ, განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა (გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობად განისაზღვრა 7000 ლარი, საიდანაც 5000 ლარი ერთობლივად უნდა გადაეხადათ მოპასუხეებს, დარჩენილი 2000 ლარი კი - მეორე მოპასუხეს) და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისი სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის (სადაც მითითებული იქნებოდა თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი თუ სამართლებრივი უსწორობა) წარდგენა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო: ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირველი მოპასუხის წარმომადგენელს - ზ.პ–ძეს ჩაჰბარდა 12.07.2021 წელს. განჩინება გაეგზავნა ასევე მეორე მოპასუხის დირექტორს - ი.ნ–ძეს და პირადად ჩაჰბარდა 01.11.2021 წელს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე მუხლებით და მიუთითა, რომ აპელანტებს სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება არ წარუდგენიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვიათ, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2021 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, აპელანტებს განჩინებით დადგენილ ვადაში არ წარუდგენიათ არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც შუამდგომლობა ხარვეზისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორები უთითებენ, რომ ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის პირობებში სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ იყო საკმარისი დიდი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
9. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს ხარვეზის შევსებად განესაზღვრათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღე, განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგი (ს.ფ. 298-302).
10. საქმის მასალებით დასტურდება, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2021 წლის განჩინება გაეგზავნა პირველი მოპასუხის წარმომადგენელს, ზ.პ–ძეს (იხ.: მინდობილობა, ს.ფ. 220) და ჩაჰბარდა პირადად, 12.07.2021 წელს (იხ., ს.ფ. 305). ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2021 წლის განჩინება გაეგზავნა მეორე მოპასუხეს და გზავნილი პირადად ჩაიბარა დირექტორმა, ი.ნ–ძემ 01.11.2021 წელს (იხ., ს.ფ.312, 313). სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი აპელანტებს არ შეუვსიათ.
11. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები უთითებენ, რომ ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის პირობებში სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ იყო საკმარისი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
12. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. ამდენად, სააპელაციო საჩივარზე დაწესებული ხარვეზის შევსების ვადის გასაგრძელებლად აუცილებელია თავად აპელანტის ნების გამოვლენა - ვადის გაგრძელების თხოვნა. აპელანტებს (მათ წარმომადგენელს) ასეთი შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსთვის. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჯ–ძისა და შპს „მ–ა ...“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.11.2021წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია