Facebook Twitter

საქმე № ას-108-2022 16 თებერვალი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ე–ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჯ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ე–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გ.ჯ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, უმკვიდროდ იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ცნობა-დახასიათების მიხედვით ივანე სოლოდოვნიკოვის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......., ჩიხი 11, და აღნიშნული ქონება უსასყიდლოდ გადაეცა მოსარჩელეს.

2. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის მიხედვით, აპელანტის წარმომადგენლის - მ.ა–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში და ამავე სარჩელზე შეწყდა წარმოება.

4. დასახელებული სხდომის ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას, 2021 წლის 2 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა.

5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლო სხდომას უშუალოდ აპელანტი არ ესწრებოდა და შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მას არ დაუყენებია შუამდგომლობა, ამასთან, აპელანტი წინააღმდეგია ასეთი შედეგით საქმის დასრულების, რის გამოც უნდა განახლდეს საქმის განხილვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კანონიერად შეწყდა თუ არა მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის წარმოება კერძო საჩივრის ავტორის სარჩელის ნაწილში.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რაც მიანიშნებს მხარის უფლებაზე, თავად გადაწყვიტოს დავის სასამართლოში დაწყების საკითხი, ისევე, როგორც მის უფლებაზე, განკარგოს კანონით გარანტირებული შესაძლებლობანი (სარჩელის ცნობა, სარჩელზე უარის თქმა, მორიგება და სხვა).

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები. ამავე კოდექსის 96.3 მუხლის მიხედვით, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „ადვოკატთა შესახებ“ კანონი. მითითებული კანონის 1.1 მუხლის მიხედვით, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.

12. ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ადვოკატის უფლებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ადვოკატს უფლება აქვს ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს ადვოკატის უფლებამოსილება, წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში.

14. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი - მინდობილობა ან ორდერი.

15. მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. მითითებული ნორმის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს კერძო საჩივრის ავტორმა წარმომადგენელს - მ.ა–ძეს მიანიჭა მისი სახელით საქმისწარმოების უფლებამოსილება სხვადასხვა ორგანოებში, აგრეთვე საერთო სასამართლოში, ამასთან, ამავე მინდობილობით/რწმუნებულებით დგინდება, რომ რწმუნებულს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ყველა უფლებამოსილება აქვს მინიჭებული, მათ შორის, შეუძლია მარწმუნებლის სახელით უარი თქვას სარჩელზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დათქმით გაცემულია მეორე მინდობილობა, ასევე კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმავე ადვოკატზე - მ.ა–ძეზე, 2021 წლის 12 ნოემბერს, სადაც ნათლადაა აღნიშნული წარმომადგენლის მიერ სარჩელზე უარის თქმის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მინდობილობა ძალაშია საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის მომენტისთვისაც, და წარმომადგენლის რომელიმე უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ საქმის მასალებში რაიმე დოკუმენტი არ იძებნება და არც მხარეს მიუთითებია ასეთი შეზღუდვის შესახებ.

17. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია და წინააღმდეგობაში მოდის მისივე სახელით გაცემულ მინდობილობებით, ადვოკატისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ჩამონათვალთან, რომლის მიხედვითაც კანონიერად და მართებულად იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ და სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვიტა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ე–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინება

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე