საქმე № ას-663-2021 16 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გურჯაანის რაიონული სამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი) სარჩელი დაკმყოფილდა. ლ.მ–ი (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) ცნობილ იქნა 2015 წლის 13 მარტს გარდაცვლილი ნ.დ–ის უფლებამონაცვლედ. აპელანტი ცნობილ იქნა გარდაცვლილი პირის დანაშთი ქონების, კერძოდ - გურჯაანის რაიონის სოფელ .........ში მდებარე უძრავი ქონების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, დაზუსტებული ფართით 474 კვ.მ. ს/კ ......, მესაკუთრედ.
2. მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანება - 850 ლარი;
3. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დადგინდა, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
4. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინდა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათის იყო. გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დავალიანების თანხის - 850 ლარის გადახდა, ასევე სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის მიხედვით ფულადი ვალდებულების გადახდევინება უნდა განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ........., საკადასტრო კოდი №........, იძულების წესით აუქციონზე რეალიზაციის გზით. შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 850.00 ლარს, რაც 2000 ლარზე ნაკლებია. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
7. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მიზნით სააპელაციო პალატაში დაბრუნების მოთხოვნით.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არ იყო გამორკვეული მთელი რიგი საკითხები, რაც არც სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია ისე დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და აღნიშნულის შედეგად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
12. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
13. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივსამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (შენიშვნა: საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა ძალაშია საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონით №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).
15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).
16. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.
17. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლედაა ცნობილი, ხოლო, დავის ფარგლებში 850 ლარის გადახდა დაეკისრა, რომლის დაფარვის უზრუნველსაყოფადაც იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
19. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 2 000 ლარზე ნაკლები ღირებულების დავის საგანი იყო, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუშვებელია სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ამასთან, რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის სხვა პრეტენზიებს, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხება არსებითად, წინამდებარე კერძო საჩივრის განხილვის საგანი ვერ გახდება, იმავე საფუძვლით, რომ განსახილველი დავა ვერ იქცევა სააპელაციო და საკაციო წესით არსებითი განხილვის ფარგლებში დასახელებული მოტივებით.
20. დამატებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სადავო საგნის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივსამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ ცდება, რის გამოც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი სხვა პრეტენზიები განსახილველი საქმის ფარგლებში მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით (2000 ლარი) გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე