Facebook Twitter

საქმე №ას-1024-2021 13 მაისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ.ბ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, სს "თ.ბ–ის" სარჩელი, ი.მ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ი.მ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 25 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება ი.მ–ს, მის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სამჯერ, თუმცა როგორც საფოსტო შეტყობინებებით ირკვევა, ადრესატი მისამართზე არ იმყოფება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო აჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ი.მ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 25 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქმეში არსებული 2021 წლის 14 დეკემბრის, 2022 წლის 27 იანვრის და 11 აპრილის უკუგზავნილებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების ასლი ი.მ–ს, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, სოფ. ........, N2) გაეგზავნა სამჯერ თუმცა ვერ ჩაბარდა, ვინაიდან კურიერს არავინ დახვდა მისამართზე (2022 წლის 11 აპრილის უგუზავნილზე მითითებულია, რომ ადრესატი ინფორმირებულია გზავნილის თაობაზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის თანახმად, თუ მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინება კერძო საჩივარზე საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ,, ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის საფუძველზე, უნდა ჩაითვალოს ჩაბარებულად.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი