ას-98-2022
15 აპრილი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ე.ჯ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2020 წლის 06 აგვისტოს სს „ს.კ.ე.ჯ–ამ“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ზ.ა–ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელი დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს:
1.1. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 18 ნოებერს დამზღვევის - თ.გ–ის მიმართ გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი #001542395, ავტომანქანის (მერსედეს ბენცი, სახელმწიფო ნომრით …..) დაზღვევის მიზნით.
1.2. 2019 წლის 29 აგვისტოს დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მოძრაობისას მიადგა ზიანი. კერძოდ, მოპასუხე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით (ნისანი, სახელმწიფო ნომრით …..) შეეჯახა დაზღვეულ ავტომანქანას. შემთხვევასთან დაკავშირებით შემდგარი საპატრულო დოკუმენტაციის განხილვისას დადგინდა მოპასუხის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და იგი 2019 წლის 29 აგვისტოს ელექტრონული საჯარიმო ქვითრით შეპ01298 ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მიერ შედგენილი პატაკით დასტურდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ის ფაქტი, რომ ზიანი გამოწვეულია მისი მიზეზით. ასევე იმ ფაქტით, რომ მოპასუხე ჯარიმას დაეთანხმა, გადაიხადა და არ გაუსაჩივრებია დადგენილი წესით.
1.3. მოსარჩელის მიერ აღნიშნული შემთხვევის განხილვის შემდგომ, სადაზღვევო პოლისის, დაზღვევის შესაბამისი პირობებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევა აღიარებულ იქნა სადაზღვევო შემთხვევად და 2019 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების #DEC MI 3154/19 საფუძველზე გაიცა სადაზღვევო ანაზღაურება 1200 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გარანტმოტორსის 2019 წლის 31 აგვისტოს კალკულაციის თანახმად, წარმოადგენდა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ნაწილებისა და აღდგენა-შეკეთებისათვის საჭირო ოდენობას. მოპასუხეს აღნიშნული დავალიანება არ დაუფარავს, რაც სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი გახდა.
1.4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ სარჩელი ზ.ა–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1200 ლარის გადახდა.
1.6. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების შესახებ არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა 2021 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება.
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ზ.ა–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დარჩა განუხილველი.
2.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან, სადავო თანხის ოდენობა 2000 ლარზე ნაკლები იყო სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის დასაშვებობის საკითხი დაკავშირებულია მატერიალური მოთხოვნის ოდენობასთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტი დავობს მისი საპროცესო უფლების შეზღუდვის არაკანონიერებაზე. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა განეხილა საქმე მოპასუხის მონაწილეობის გარეშე. მისი სააპელაციო საჩივრის ძირითადი მოთხოვნა წარმოადგენს არამატერიალურ მოთხოვნას და საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულებასთან დაკავშირება დაუშვებელია.
3.2. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. ასევე მიუთითებს მოპასუხე მხარის ინტერესზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მიმართ და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ზღუდავს აპელანტისათვის კანონით მინიჭებულ უფლებას, სასამართლო სხდომაზე მონაწილეობისა და საქმის ყოველმხრივი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად სამართლიანი სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, ზ.ა–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დავის საგნის ოდენობა სააპელაციო საჩივრის მიღებისათვის აუცილებელ პირობად, ვინაიდან აპელანტი დავობს მისი საპროცესო უფლების შეზღუდვის არაკანონიერებაზე და დავის საგნის ოდენობა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს.
8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, სხვა წინაპირობებთან ერთად (რაც გათვალისწინებულია 268-ე მუხლით), მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობის შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან (სსსკ-ის 365-ე მუხლი - სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს ).
9. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.
10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დავა ქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება და მისი საგანი თანხის დაკისრებაა. სასარჩელო მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებით არის დაკმაყოფილებული. შესაბამისად, უტყუარად არის დადგენილი და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ განსახილველი დავის საგნის ღირებულება 1200 ლარს არ აღემატება. როგორც უკვე აღინიშნა, სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმეებზე დაიშვება სააპელაციო საჩივარი და ქონებრივ-სამართლებრივ დავებზე აღნიშნულ კრიტერიუმად მიიჩნია დავის საგნის ღირებულება, რომელიც უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
11. პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romaniaდა სხვა) .
12. პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს დაეკისრა 1200 ლარის გადახდა, რაც მან გაასაჩივრა საჩივრით, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივრის ავტორის მიზანია, რომ არ დაკმაყოფილდეს სარჩელი და მას არ დაეკისროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1200 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი არის ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათის და ასეთ სარჩელზე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოთხოვნაც შესაბამისად არის მატერიალური და არა არამატერიალური ხასიათის, როგორც მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორი. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი არ დაკმაყოფილდება და ის გასაჩივრდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, სააპელაციო/საკასაციო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უწევს მისი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებაზე მოთხოვნის არამატერიალური ხასიათიდან გამომდინარე. ყოველივე ზემოაღნიშნული გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას მოთხოვნის არამატერიალური ხასიათის შესახებ. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი სწორედ ქონებრივ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის დაშვებისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადამწყვეტი საჩივრის ღირებულება იყო და არა თავად გადაწყვეტილების მიღების წესი.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება, მის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების გამო მოთხოვნის არამატერიალური ხასიათის შესახებ, აგრეთვე მითითება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობად დავის საგნის ღირებულების არასწორად მიჩნევაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით მიიღება და მიუხედავად იმისა, მოდავე მხარე ეთანხმება თუ არა ამ გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგს, მისი სააპელაციო წესით განსახილველად დაშვების სავალდებულობას, განსხვავებით საკასაციო სასამართლოსი, საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს (სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი). ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების თავისებურებიდან გამომდინარე, ვინაიდან ქონებრივი დავების გასაჩივრების მიმართ კანონმდებელი ადგენს შეზღუდვას, რაც დავის საგნის ღირებულებაში გამოიხატება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ტიპის მართლმსაჯულების აქტის ერთჯერადად, საჩივრის იმავე ინსტანციის სასამართლოში წარდგენის წესი, სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ადრესატის ინტერესების დაცვას ემსახურება, რათა ყოველმხრივ იყოს გამორიცხული მხარის უფლების არამართლზომიერი შეზღუდვა (სუსგ ას-1677-1665-201, 29.12.2011).
14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს კერძო საჩივარში მითითებულ სხვა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სცილდება აღნიშნული კერძო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხთა წრეს.
15. ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, რაც მისი გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
16. მოცემული დავა მისი საგნის ღირებულების გათვალისწინებით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რადგანად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდეობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებით დგინდება, რომ კერო საჩივრის ავტორმა სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადა 50 ლარი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კი დადგენილია ამ თანხის განახევრების აუცილებლობა, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინება;
3. ზ.ა–ს (.....) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე ნ.ა–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან (საგადახდო დავალება N12582411301, გადახდის თარიღი 10.02.2022) ზედმეტად გადახდილი 25 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე