Facebook Twitter

ას-294-2022

05 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 02 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 18 იანვარს ჯ.გ–მა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა შპს „მ–ოსა“ (შემდეგში პირველი მოპასუხის) და შპს „ჯ.მ–ის“ (შემდეგში მეორე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა 192000 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება.

1.1. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ცხოვრობს ჭიათურაში, სოფელ .......... 2018 წლის გაზაფხულზე მის უძრავ ნივთზე გაჩნდა შესამჩნევი დეფორმაციები. 2020 წლის 19 თებერვალს ეს დეფორმაციები გაძლიერდა და აღნიშნულ სახლში ცხოვრება საშიში გახდა, დეფორმაციები უძრავ ქონებაზე თანდათან იზრდება. დაზიანდა და გამოუსადეგარი გახდა არა მხოლოდ აშენებული დამხმარე ნაგებობა, არამედ დაზიანდა მარანი და მასში არსებული ქვევრებიც. თითქმის სრულად გახმა ეზოში არსებული ნარგავები, ვენახი, ხოლო მიწის ნაკვეთი იმის გამო, რომ ვერ ინარჩუნებს წყლის ბალანსს, გახდა უნაყოფო. ჯ.გ–მა, მეზობლებთან ერთად, რამდენჯერმე მიაკითხა მოპასუხეს, რათა შეეფასებინათ და აენაზღაურებინათ ზარალი, მაგრამ უშედეგოდ.

1.2. 2017 წლამდე მოსარჩელის, როგორც სახლი დამხმარე ნაგებობებით, ისე ბაღ - ვენახი და მიწის ნაკვეთი იყო ნორმალურ მდგომარეობაში. 2017, 2018 და 2019 წლებში, ჯ.გ–ის ქონების უშუალო სიახლოვეს შპს „მ–ომ“, შპს „ჯ.მ–ის“ ლიცენზირებით, ასევე ამ საქმიანობის აუცილებელი კონტროლის გარეშე ღია კარიერზე აწარმოა სამთო სამუშაოები საყოველთაოდ აღიარებული წესების, ნორმატიული აქტებისა და სახელმწიფო კანონმდებლობის აბსოლუტური უგულვებელყოფით, რაც დეტალურადაა გაწერილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N271-ე დადგენილებაში. აღნიშნულმა სამუშაოებმა დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. ზარალი ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 192 000 ლარს.

1.3. შპს „ჯ.მ–ის“ წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს „ჯ.მ–ის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მოსარჩელის საკუთრება არ დაზიანებულა. მოპასუხის აზრით გარდა იმისა, რომ მოსარჩელე არ აკონკრეტებს თუ რომელმა მოპასუხემ დააზიანა მისი ქონება და რომელი ქონება დააზიანა, ასევე არ უთითებს თუ რაში გამოიხატება ზიანის მიყენების ფაქტი, რა ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება ზიანი და რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს შპს „ჯ.მ–ს“ აღნიშნული ქონების დაზიანებასთან. სარჩელში მითითებულია, რომ სამუშაოები, რომლითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს აწარმოა შპს „მ–ომ“, შესაბამისად, შპს „ჯ.მ–ი“ მიიჩნევს, რომ არასათანადო მოპასუხეა.

1.4. სარჩელზე დართული „სამთო გეოლოგ პროექტის“ 2020 წლის დასკვნა არის არაკომპეტენტური. მასში არ არის მითითებული, თუ როდის მიიღო დაზიანებები უძრავმა ქონებამ, გამოკვლეული ქონება აშენებულია დიდი ხნის წინ და ექსპერტი საერთოდ არ მსჯელობს აშენებული სახლი აკმაყოფილებს თუ არა მშენებლობისათვის აუცილებელ სტანდარტებს, ასევე არ მსჯელობს გამოწვეულია თუ არა სახლის ბზარები მისი ბუნებრივი ცვეთით და სხვა გარემო პირობების ზეგავლენით. დასკვნის კვლევით ნაწილში წერია, რომ დაზიანებები მთლიანად გამოწვეულია შპს „მ–ოს“ მიერ ნაწარმოები სამუშოებით, ხოლო დასკვნით ნაწილში დამატებული აქვს შპს „ჯ.მ–ის“ მიერ ნაწარმოები სამუშოები.

1.5 მოსარჩელის განმარტებით, მისი დაზიანებული ქონების ღირებულება შეადგენს 192000 ლარს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი შპს „უ–ს“ დასკვნით დგინდება, რომ შეფასებული ქონების ღირებულება 134000 ლარის. შესაბამისად, გაუგებარის სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა.

1.6. შპს „მ–ომ“ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ქონება მას არ დაუზიანებია.

1.7. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოაპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 44800 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ხოლო მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოსაჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს „ჯ.მ–ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

2.2. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს „მ–ოს“ დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.

2.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით შპს „მ–ოს“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

2.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ორჯერ, 2021 წლის 27 სექტემბერსა და 2021 წლის 23 დეკემბერს, მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და გზავნილები დაბრუნდა ჩაუბარებელი მოუძიებლობის გამო. მეორედ გაგზავნილი გზავნილის ჩაუბარებლობის თარიღი, 2021 წლის 27 დეკემბერი მიჩნეულ იქნა მხარისათვის ჩაბარების თარიღად და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოწურულად ჩაითვალა 2022 წლის 10 იანვარს (უქმე დღეების გათვალისწინებით).

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „მ–ომ“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

3.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი საწარმო არის ერთადერთი საწარმო სოფელ ........., რომელიც დღის საათებში ფუნქციონირებს, ხოლო ღამის საათებში მას იცავს დარაჯი, რაც გამორიცხავს მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენციის ჩაუბარებლობას. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ფოსტის თანამშრომელმა ადგილზე მიუსვლელად აღნიშნა კონვერტზე, რომ საწრმო ვერ მოიძია და ტელეფონი გამორთული იყო. აღნიშნულ მისამართებზე აქვს ჩაბარებული კერძო საჩივრის ავტორს მიმდინარე საქმეზე გაგზავნილი ყველა კორესპონდენცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

6. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „მ–ოსათვის“ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და მისი შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

7. სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა მიექცეს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს:

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს „მ–ოს“ დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით და განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

7.2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს გაეგზავნა ორჯერ მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ კონვერტზე მითითებული ტელეფონი გამორთული იყო, ხოლო ადრესატი ვერ მოიძიეს მითითებულ მისამართზე. მეორედ გაგზავნილი გზავნილის ჩაუბარებლობის თარიღი, 2021 წლის 27 დეკემბერი მიჩნეულ იქნა მხარისათვის ჩაბარების თარიღად და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოწურულად ჩაითვალა 2022 წლის 10 იანვარს (უქმე დღეების გათვალისწინებით).

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნული მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს: სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლში მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას.; თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა; ი) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

10. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, ხარვეზის დადგენის საფუძვლად მიიჩნია სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარუდგენლობა და მიუთითა სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, ასევე „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის N1/107 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ნაბეჭდი სახით წარდგენილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის N1/107 გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძვლებსა და მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივ წინაპირობებს ამომწურავად განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის მთხოვნას კი არ წარმოადგენს CD დისკის მხარის მიერ წარმოდგენის სავალდებულობა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის - CD დისკის სასამართლოსათვის წარუდგენლობის მოტივით ხარვეზის დადგენის მიუხედავად, საჩივრის განუხილველად დატოვება დაუშვებელია. ასეთივე პრაქტიკაა დადგენილი საქართველოს უზენაეს სასამართლოს განჩინებით - ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022.

13. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაუბარებლობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან, არ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, უმნიშვნელოა საკითხი მისი გაგზავნისა და ჩაბარების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

14. ამდენად, რაკი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, სსსკ-ის 412-ე (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა) მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე შპს „მ–ოს“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ–ოს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 02 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე