Facebook Twitter

ას-932-2021

30 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ.გ–ია, მ.შ–ია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 4 მარტს ა.ჩ–ძემ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ნ.გ–იას (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, ქ. თბილისში, ....... I შესახვევი, N6, სართული 4, ბ. 27, ს/კ ......... მდებარე უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.

1.1. 2021 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ნ.გ–იას წარმომადგენელმა თ.ო–ძემ. განმცხადებელმა მიუთითა სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) და ითხოვა ა.ჩ–ძის ვინდიკაციურ სარჩელზე წარმოების შეჩერება, ვინაიდან სასამართლოში ასევე მიმდინარეობდა დავა მ.შ–იას სარჩელიდან გამომდინარე ა.ჩ–ძისა და ლ.ნ–ას მიმართ, სადაც მ.შ–ია ითხოვდა ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ამ ორ დავას შორის არსებობდა კავშირი და მიიჩნევდა, რომ სახელშეკრულებო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდებოდა, თუ ა.ჩ–ძის ვინდიკაციური სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.

1.2. 2021 წლის 8 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და არ დააკმაყოფილა. საოქმო განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღძრული ქონდა ვინდიკაციური სარჩელი, წარმოდგენილი ჰქონდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც იგი მითითებული იყო სადავო ფართის მესაკუთრედ. სასამართლომ განმარტა საკუთრების უფლება, როგორც აბსოლუტური უფლება და მიუთითა, რომ ამ უფლების მატარებელი, სანამ იგი ასეთად ითვლება, უფლებამოსილია ყველა მესამე პირს მოსთხოვოს თავი შეიკავოს მისი საკუთრების უფლების დარღვევისაგან. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეზე, რომლის განხილვის დასრულებამდეც ითხოვდა მოპასუხე საქმის წარმოების შეჩერებას, მხარეებს წარმოადგენდნენ სხვა პირები და მათ შემხებლობა არ ჰქონდათ ა.ჩ–ძის სარჩელთან.

1.3. 2021 წლის 30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს ნ.გ–იას წარმომადგენლებმა ლ.ბ–ამ და თ.გ–ძემ და ითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება N2/10095-20 სამოქალაქო დავის დასრულებამდე. განმცხადებელები მიუთითებდნენ, რომ ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის გამოსახლებას უძრავი ქონებიდან და ამავე დროს საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა სამართალწარმოება უშუალოდ სადავო ქონების ა.ჩ–ისადმი კუთვნილების ფაქტის ბათილად ცნობის შესახებ, ამ ორ საქმეს შორის არსებობდა ურთიერთკავშირი და სასამართლოს მიერ ა.ჩ–ძის საკუთრების უფლების ნამდვილობის დადგენამდე შეუძლებელი იყო ვინდიკაციური სარჩელის განხილვა.

1.4. 2021 წლის 30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მ.შ–იას წარმომადგენლებმა, მიუთითეს, რომ მართალია მოპასუხედ დასახელებულია მხოლოდ ნ.გ–ია, მაგრამ აღნიშნულ სახლში ცხოვრობს ასევე მისი მეუღლე - მ.შ–ია და ითხოვეს მ.შ–იას საქმეში ჩართვა მესამე პირად.

1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 აპრილის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენის შუამდგომლობა მ.შ–იას მოპასუხედ ჩაბმის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მ.შ–იას წარმომადგენელმა მოხსნა შუამდგომლობა მ.შ–იას მესამე პირად საქმეში ჩართვის შესახებ. ამავე სხდომაზე სასამართლომ განიხილა მოპასუხეების წარმომადგენლის განმეორებითი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და არ დააკმაყოფილა ის. სასამართლომ მიუთითა, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ესე იგი რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ამონაწერით მოსარჩელე იყო მესაკუთრე და მას ჰქონდა უფლებამოსილება მიემართა სასამართლოსთვის ვინდიკაციური სარჩელით. სასამართლომ აღნიშნა, რომ მან ერთხელ უკვე განიხილა შუამდგომლობა იმავე საფუძვლით და არ დააკმაყოფილა, ამასთან დამატებით მიუთითა, რომ სამოქალაქო საქმეზე, რომლის წარმოების დასრულებამდე შეჩერებასაც შუამდგომლობდნენ მოსარჩელეები, სარჩელის საგანს წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო მოთხოვნა სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ წარდგენილი არ ყოფილა. მიმდინარე საქმეში კი სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნა და მოპასუხის მიერ უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერება. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო. აღნიშნული საოქმო განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება შეეძლოთ გაესაჩივრებინათ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ....... I შესახვევი, N6-ში, სართული 4, ბ. 27, ფართი: 36.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ........) და დადგინდა აღნიშნული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, იმავე, 2021 წლის 01 აპრილის სხდომაზე გამოტანილ საოქმო განჩინებას საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საჩივრდებოდა საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო საჩივრით მოპასუხეებს არ გაუსაჩივრებიათ.

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2021 წლის 28 ივნისს შუამდგომლობით მიმართეს მოპასუხეების წარმომადგენლებმა და კვლავ ითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება. შუამდგომლობის ავტორებმა მიუთითეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა სამართალწარმოება უშუალოდ სადავო ქონების ა.ჩ–ძისადმი კუთვნილების ფაქტის ბათილად ცნობის შესახებ საქმე N2ბ/1945-21 (საქალაქო სასამართლოში საქმის N2/10095-20), საქმეებს შორის არსებობდა ურთიერთკავშირი და მანამ, სანამ სასამართლო არ დაადგენდა ფაქტს, ნამდვილი არის თუ არა ის სამართლებრივი ურთიერთობა, რის საფუძველზეც ა.ჩ–ძე გახდა სადავო ქონების მესაკუთრე, სასამართლო მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას განეხილა ვინდიკაციური სარჩელი და გამოეტანა გადაწყვეტილება. განმცხადებლების მითითებით, არსებობდა საფუძველი იმისა, რომ დაკმაყოფილებულიყო მათო სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილების დაკმაყოფილება აზრს დაკარგავდა, რადგან საქმეზე წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის პირობებში, ა.ჩ–ძეს ეძლეოდა უძრავი ქონების განკარგვის შესაძლებლობა და შეუძლებელი გახდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება.

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით ნ.გ–იასა და მ.შ–იას შუამდგომლობაზე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, შეწყდა საქმის წარმოება.

2.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებაზე და რომელიც საჩივრდებოდა საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, მიღებულ იქნა 2021 წლის 01 აპრილს, სხდომას ესწრებოდნენ მოპასუხეები და წარმომადგენლები, სადაც მოსამართლის მიერ განიმარტა გასაჩივრების წესი.

2.4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს მხოლოდ 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. რაც შეეხება 2021 წლის 01 აპრილის განჩინებას საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

2.5. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლით; შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გაჩინება შესულია კანონიერ ძალაში და მისი ხელახალა განხილვა არ შეიძლება მოხდეს სასამართლოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერება №2ბ/2392-21 საქმეზე.

3.1. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ საქალაქო სასამართლოში პირველად დაყენებულ შუამდგომლობაზე სასამართლომ ნ.გ–იას იმ საფუძვლით უთხრა უარი, რომ სამოქალაქო საქმეებში მხარეებს არ წარმოადგენდნენ ერთი და იგივე მხარეები, რაც გამორიცხავდა საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას. მ.შ–იას მოპასუხედ ჩართვის შემდგომ დაყენებულ შუამდგომლობაზე კი მოპასუხეებს იმ საფუძვლით ეთქვათ უარი, რომ სასამართლოს ერთხელ უკვე ჰქონდა ნამსჯელი აღნიშნულ შუამდგომლობაზე.

3.2. კერძო საჩირის ავტორები მიიჩნევენ, რომ მათ მიერ განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობა გასაჩივრების ვადის გასვლის შესახებ არასწორია.

3.3. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, ისინი უფლებამოსილი იყვნენ კვლავ დაეყენებინათ შეჩერების შესახებ შუამდგომლობა, შესაბამისად, ხელახალი შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნულ სამოქალაქო საქმეებს შორის არსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირი და ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შემთხვევაში გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. ვინდიკაციურ სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმისას ა.ჩ–ძეს ეძლევა შესაძლებლობა განკარგოს მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გაჩინება შესული იყო კანონიერ ძალაში და არ არსებობდა მისი ხელახალა განხილვის შესაძლებლობა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტისა (საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლით).

8. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 215-ე მუხლზე, როგორც ზოგად ნორმაზე, რომელიც ეხება ყველა სახის შუამდგომლობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების (განჩინების) დამოუკიდებლად გასაჩივრების წესს საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, მხარეს შეუძლია ისარგებლოს სსსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 404-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით და, პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, გაასაჩივროს ზემოხსენებული განჩინება. მოცემულ შემთხვევაშიც, მხარის შუამდგომლობის განხილვის შედეგად, თუ იგი არ დაკმაყოფილდებოდა მიღებული განჩინების გასაჩივრება მხარისათვის შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად სსკ-ის 404-ე მუხლის საფუძველზე.

9. ამდენად, თუ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა არ ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, სასამართლო იხილავს მას, იმის მიუხედავად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მსგავსი შუამდგოლობა უკვე იყო დაყენებული და სასამართლოსაც ნამსჯელი ჰქონდა თუ არა. აღნიშნულ საკითხზე იხილეთ: სუსგ 16.12.2019წ. საქმე №ას-1525-2019; 28.02.2019წ. საქმე №ას-1618-2018; 13.07.2018წ. №ას-276-276-2018. აღნიშნულ გადაწყვეტილებებში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა მხარეთა შუამდგომლობებზე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეს ანალოგიური შუამდგომლობა დაყენებული ჰქონდა პირველი ან სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში და მიღებული განჩინებები არ გაუსაჩივრებია. ამდენად, თუ პალატა აღნიშნული შუამდგომლობის დაყენებას შეაფასებდა გაჭიანურების მცდელობად, მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, რომლის გასაჩივრება შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

10. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას ამავე მუხლში ჩამოთვლილი ერთ-ერთი ან რამდენიმე შემთხვევის არსებობისას შეაჩეროს საქმის წარმოება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, გასაჩივრებულია თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 აპრილის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო შეემოწმებინა შუამდგომლობის საფუძვლიანობა.

11. პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის განჩინების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობა განვითარებულია შუამდგომლობაზე საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთებით, თუმცა, მსჯელობის შეჯამებისას მითითებულია, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობაზე შეწყდა საქმის წარმოება.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა შუამდგომლობზე წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმების და შუამდგომლობის განსახილველად საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–იასა და მ.შ–იას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობისათვის, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

ლაშა ქოჩიაშვილი