Facebook Twitter

ას-291-2022

05 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.კ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებებიდან გასვლა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 20 ივლისს გ.ა–ძემ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა შპს „ს.კ.ბ–ის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 18 დეკემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (N22 და N23 ავტოსადგომების თაობაზე) გასვლის შედეგად 15 192 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში გადახდა, საიდანაც 6000 აშშ დოლარი არის გადახდილი თანხა და 9192 აშშ დოლარი - მატერიალური ზიანი; 2013 წლის 18 დეკემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (N51 ბინის თაობაზე) გასვლის შედეგად 246 535 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში გადახდა, საიდანაც 70 680 აშშ დოლარი არის გადახდილი თანხა და 175 855 აშშ დოლარი - მატერიალური ზიანი; 2014 წლის 18 იანვრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (N80, N81, N82, N83 და N84 ავტოსადგომების თაობაზე) გასვლის შედეგად 50 960 2 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში გადახდა, საიდანაც 15 000 აშშ დოლარი არის გადახდილი თანხა და 35 960 აშშ დოლარი - მატერიალური ზიანი.

1.2. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა გამორიცხა მოთხოვნის საფუძვლიანობა.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 18 დეკემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან N22 და N23 ავტოსადგომებისათვის გადახდილი თანხის 15 192 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, საიდანაც 6 000 აშშ დოლარი შეადგენს მის მიერ გადახდილ თანხას, ხოლო 9 192 აშშ დოლარი - მიღებულ მატერიალურ ზიანს. 2013 წლის 18 დეკემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან N51 ბინისათვის გადახდილი თანხის 246 535 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, საიდანაც 70 680 აშშ დოლარი შეადგენს მის მიერ გადახდილ თანხას, ხოლო 175 855 აშშ დოლარი - მიღებულ მატერიალურ ზიანს. 2014 წლის 18 იანვრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან N80, N81, N82, N83 და N84 ავტოსადგომებისათვის გადახდილი თანხის 50 960 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, საიდანაც 15 000 აშშ დოლარი შეადგენს მის მიერ გადახდილ თანხას, ხოლო 35 960 აშშ დოლარი - მიღებულ მატერიალურ ზიანს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2.2. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

2.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მის თანამშრომელს - ლ.კ–ას, 2022 წლის 4 იანვარს. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2022 წლის 14 იანვარს, ხოლო აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ კორესპონდენცია (სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია) სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა 2022 წლის 20 იანვარს და ამავე წლის 24 იანვარს სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

2.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან აპელანტის მიერ დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი, სააპელაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩენილიყო.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

3.1. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მისი საადვოკატო ოფისი განთავსებულია შპს „თ.ჰ.ს.უ–ის“ შენობაში და იქ დასაქმებულ პირებს შეხება არ აქვთ საადვოკატო ოფისთან და მის საქმიანობასთან.

3.2. ნ.ქ–ას საადვოკატო ოფისის 2021 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საადვოკატო ოფისში დასაქმებულ პირებს, მათ შორის ნ.ქ–ას, შობა-ახალი წლის დღესასწაულისა და პანდემიასთან დაკავშირებული უქმე დღეების გათვალისწინებით მიეცათ შვებულება. აპელანტის წარმომადგენელ ნ.ქ–ას შვებულების დღეები განისაზღვრა 1 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით. შესაბამისად, ის აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ იმყოფებოდა საადვოკატო ოფისში.

3.3. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8-9 იანვარი გამოცხადდა უქმე დღეებად ადმინისტრაციული პერსონალისთვისაც, გარდა სამედიცინო დახმარების სერვისზე პასუხისმგებელი პირებისათვის (ექიმი/მედდა) და ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურში დასაქმებული უსაფრთხოების თანამშრომლებისთვის. შესაბამისად, შპს „სკს-ს“ კურიერის მიერ შენობაში მიტანილი გზავნილი ჩაიბარა უნივერსიტეტის თანამშრომელმა, მედდა - ლ.კ–ამ, რომელიც უნივერსიტეტის შესასვლელ კართან ტემპერატურას უზომავდა შენობაში შემსვლელ პირებს და მიიჩნია, რომ შენობაში შესული ყველა გზავნილის ადრესატი იყო უნივერსიტეტი.

3.4. ლ.კ–ას მიერ მიღებული გზავნილები პირველივე სამუშაო დღეს, 2022 წლის 10 იანვარს გადაეცა უნივერსიტეტის კანცელარიის საქმისწარმოების მენეჯერს, რომელმაც აღნიშნული კონვერტი იმავე დღეს, შემოსული კორესპონდენციის დაურეგისტრირებლად გადასცა იურიდიული სამსახურის უფროსს.

3.5. ნ.ქ–ას შვებულების ამოწურვის შემდეგ, პირველივე სამუშაო დღეს - 2022 წლის 17 იანვარს მან მიიღო აღნიშნული გზავნილი, თუმცა არ განუმარტეს, რომ გზავნილი მიღებული ჰქონდათ არა 10 იანვარს, არამედ 4 იანვარს. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ კორესპონდენცია სასამართლოს წარუდგინა განჩინებით დადგენილ 10 დღიან ვადაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

6. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „ს.კ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

7. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, შპს „ს.კ.ბ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა აღნიშნულ ვადაში 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა (ტ.3, ს.ფ. 10-13).

8. დადგენილია ასევე, რომ ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ წარმომადგენლის მისამართზე, თბილისი, ........ გამზირი N31, გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს ნ.ქ–ას. საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების დასტურით კი ირკვევა, რომ აღნიშნულ მისამართზე კორესპოდენცია ჩაბარდა თანამშრომელს - ლ.კ–ას 2022 წლის 4 იანვარს (ტ. 3, ს.ფ. 14).

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. 74-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ შპს „ს.კ.ბ–ის“ ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა ნ.ქ–ა. დადგენილია ასევე, რომ როგორც შესაგებელში, ასევე სააპელაციო საჩივარში წარმომადგენლის მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ........ გამზირი N31. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება გაიგზავნა უშუალოდ წარმომადგენელ ნ.ქ–ას მის სამუშაო ადგილზე, მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ........ გამზირი N31.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე დართულ წერილობით მტკიცებულებებს. კერძოდ, წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ მისამართზე: ქ. თბილისი, ........ გამზირი N31 მდებარეობს შპს „თ.ჰ.ს.უ–ი. ამავე უნივერსიტეტის მიერ 2022 წლის 28 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ნ.ქ–ას საადვოკატო ოფისს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში აქვს შპს თ.ჰ.ს.უ–ის შენობაში (მისამართი - ქ. თბილისი, ........ გამზირი, N31, საკადასტრო კოდი: .....) არსებული N2 შენობა-ნაგებობის N1 ოთახი. კერძო საჩივარს ასევე ერთვის შპს „თ.ჰ.ს.უ–ის მიერ“ 2022 წლის 28 თებერვალს გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ლ.კ–ა ნამდვილად არის დასაქმებული აღნიშნულ უნივერსიტეტში მედდის პოზიციაზე. წარმოდგენილი შპს „ნ.ქ–ას საადვოკატო ოფისის“ 2021 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ნ.ქ–ას და მის თანამშრომლებს ფ.კ–სა და თ.გ–ს განესაზღვრათ შვებულება 1 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, ხოლო ნ.გ–ს 3 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით. კერძო საჩივარზე დართული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ნ.ქ–ამ უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსისგან 2022 წლის 17 იანვარს ჩაიბარა აღნიშნული გზავნილი.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

13. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

14. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ.კ–ას სამუშაო მისამართი ემთხვევა აპელანტის წარმომადგენლის ოფისის მისამართს, რომელზეც გაიგზავნა ხარვეზის გაგრძელების შესახებ სასამართლოს განჩინება, თუმცა ასევე დასტურდება, რომ ლ.კ–ა არ არის აპელანტის წარმომადგენლის თანამშრომელი.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებს გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების შინაარსს, ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინების აპელანტის წარმომადგენლის თანამშრომლისათვის ჩაბარებაზე და ადასტურებს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის ოფისის მისამართზე მდებარე სხვა ორგანიზაციის თანამშრომელს - ლ.კ–ას, რომელიც ვერ მიიჩნევა სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად, რომელსაც აქვს გზავნილის ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარება არაუფლებამოსილი პირისათვის, რომელსაც არ გააჩნია ვალდებულება ადრესატისათვის გზავნილის გადაცემაზე, ვერ ჩაითვლება გზავნილის მხარისათვის გადაცემად და ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის ათვლის საფუძველი ვერ გახდება. ამგვარად, აპელანტს სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის გაგრძელებისა და მის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია და შესაბამისად, არ არსებობდა შპს „ს.კ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

16. ამდენად, რაკი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, სსსკ-ის 412-ე (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა) მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე შპს „ს.კ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.კ.ბ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე