Facebook Twitter

საქმე №ას-525-2021 29 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.ს–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს–ვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.გ––მა (შემდგომ - გამყიდველი, აწ გარდაცვლილი, მოსარჩელის მამკვიდრებელი) 2009 წლის 1 ივნისს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, მ.ს–ვს (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიჰყიდა ქ. გორში, ..........., 60/39-ში, მე-3 სართულზე მდებარე 55.70 კვ.მ უძრავი ქონება, რომელიც საკუთრების უფლებით დღემდე მოპასუხის სახელზეა რეგისტრირებული.

2. აწ გარდაცვლილმა 2018 წლის 8 მაისს მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება თ.ს–ვს (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) უანდერძა.

3. მოსარჩელის მამკვიდრებელი 2018 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა.

სარჩელის საფუძვლები:

.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღრიცხვა.

5. მოსარჩელე საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულების თანხა არ გადაუხდია.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნასყიდობის საგნის საფასური გადახდილი აქვს.

7. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მარტის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 477-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობათ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს და გარიგების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენს.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს წინაშე ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის მოტივით გარიგების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, ასევე, ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში სარჩელის შეტანის ფაქტიც ვერ დაადასტურა, რაც მის სააპელაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდის.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ (აპელანტმა) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეს სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულება - ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილია.

14. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება 2009 წლის პირველ ივნისს დაიდო და სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა 2019 წლის პირველ ივნისს გავიდა, ხოლო სარჩელი მოსარჩელის მამკვიდრებელმა სასამართლოში 2018 წლის 31 მაისს შეიტანა, ე.ი ხანდაზმულობის საერთო ვადის გასვლამდე. კასატორი სსკ-ის 130-ე მუხლზე მითითებით ასევე განმარტავს, რომ აწ გარდაცვლილმა უფლების დარღვევის შესახებ 2017 წლის 31 დეკემბერს შეიტყო, როდესაც მისი მოტყუების შესახებ გაიგო.

15. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებულ მსჯელობასაც და მიუთითებს, რომ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია სსკ-ის 55-ე მუხლი, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებულ დისპოზიციურობისა (მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (მე-4 მუხლი) პრინციპზე და განმარტავს, რომ მხარეების მიერ დავის საგნის განსაზღვრა დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვერ შეცვლის სარჩელის საგანსა და საფუძველს. მათ განსაზღვრავს მხოლოდ მოსარჩელე, რომელიც თავად წყვეტს, თუ რომელ გარემოებებსა და ფაქტებს წარადგენს სასამართლოში. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.; საქმე №ას-384-2020, 2022 წლის 28 მარტის განჩინება).

21. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის (კასატორის) სარჩელში მითითებულ შედავებაზე, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაუხდელობის გამო გარიგების ბათილად ცნობის ეხება და განმარტავს, რომ ამ საკითხზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას შეესაბამება (იხ. საქმე №1655-1552-2012, 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინება; საქმე №1231-1172-2014, 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება), კერძოდ, საკასაციო პალატა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და იმავე კოდექსის 361-ე მუხლზე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) მითითებით განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეებს წარმოეშობათ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების შესრულების მოთხოვნის უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივმავალდებულებელი ხელშეკრულება, რადგან ხელშეკრულების თითოეულ მხარეს (როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს) აქვს უფლება-მოვალეობები - ანუ ვლინდება ნასყიდობის შემხვედრი ვალდებულებების არსებობა: გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნივთისა და ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა. ეს ორი ვალდებულება ერთმანეთს განაპირობებს, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას და არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს, შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ნივთის საფასური არ გადაუხდია, არ შეიძლება ამ ხელშეკრულების ბათილობას დაედოს საფუძვლად. გარიგების ბათილობის საფუძვლები პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსით, რომელთა შორისაც ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა ან სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობა, თავისთავად, მითითებული არ არის.

22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მიერ დასახელებული საფუძველი - ნასყიდობის თანხის გადაუხდელობა, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ვერ გამოიწვევს, რაზეც სსსკ-ის მე-3 და 248-ე (სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა) მუხლებზე მითითებით კანონიერად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ.

23. კასატორმა საკასაციო საჩივრით სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნია მისი გავლენის ბოროტად გამოყენების გამო დადება (სსკ-ის 55-ე მუხლი), რასთან დაკავშირებითაც, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 4.1 მუხლის მიხედვით, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. მოხმობილი ნორმები განსაზღვრავს ფაქტების მითითების თაობაზე მხარეთა ტვირთს. განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს.

24. საკასაციო პალატის მითითებით, სარჩელში საერთოდ არ არის დასახელებული ის ფაქტები, რომლებიც მოპასუხის მიერ გავლენის ბოროტად გამოყენების გამო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას ეხება, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს (კასატორს) სარჩელში არ მიუთითებია ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, საკასაციო პალატას არ გააჩნია პროცესუალური შესაძლებლობა, სადავო გარემოებაზე იმსჯელოს.

25. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებით არის შეზღუდული, ამასთან, საკასაციო პრეტენზიის შეფასებისას, ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და კასაციის საფუძვლების კვლევისას, უფლებამოსილია შეამოწმოს მხარეთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომამდე გაცხადებული პოზიციები, რომლებიც ასახულია, როგორც მხარეთა სარჩელსა და შესაგებელში, ასევე - მათ მიერ წარდგენილი სხვადასხვა მტკიცებულების სახით და დაფიქსირებულია სხდომის ოქმებში.

26. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელე ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სარჩელშიც თუ მიუთითებდა, სასამართლო მის პოზიციას უპირობოდ მაინც ვერ გაიზიარებდა, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების მოპასუხის მიერ გავლენის ბოროტად გამოყენებას დაადასტურდებდა.

27. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებასაც, რომლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და განმარტავს, რომ იმ დაშვებითაც, თუ მოსარჩელის მიერ დაყენებულ სარჩელს გააჩნია ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და მოთხოვნა წარმოშობილია, მისი სასამართლოს გზით განხორციელებადობა გამორიცხულია მოპასუხის მიერ ხანდაზმულობაზე მითითებით, რომელის წინაპირობებიც მოცემულ შემთხვევაში ვლინდება.

28. საკასაციო პალატის განმარტებით, დავა ეხება 2009 წლის 1 ივნისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც მოპასუხე იმავე დღეს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა, ამასთანავე, მოპასუხე აწ გარდაცვლილთან ერთად ცხოვრობდა და სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ ცნობილი იყო, რისი გათვალისწინებითაც, მის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს აღძრული სარჩელი (ისევე, როგორც აწ გარდაცვლილის მიერ 2018 წლის 31 მაისს აღძრული სარჩელი) სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულია.

29. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენების წინაპირობა ვლინდება, ისევე როგორც ის გარემოება, რომ მისი მამკვიდრებლისთვის შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ მხოლოდ 2017 წელს გახდა ცნობილი, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს ნასყიდობის თანხა მხოლოდ წლების შემდეგ - 2017 წელს უნდა გადაეხადა.

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

31. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. საქმე №ას-1655-1552-2012, 2013 წლის 8 ნოემბრის განჩინება; საქმე №ას-1231-1172-2014, 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება; საქმე №ას-1590-2018, 2020 წლის 22 ივლისის განჩინება).

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ს–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე