საქმე №ას-191-2021 29 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,მ–ს“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ც–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს ,,მ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, გამყიდველი, კასატორი) 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი მ–ს ჰ–ია.
2. შპს ,,ც–ოს“ (შემდგომ - მოპასუხე, მყიდველი, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) 100%-იანი წილის მესაკუთრე გ.ც–ძეა, დირექტორი კი - თ.ჯ–ია.
3. 2018 წლის 19 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის თანახმად, მოსარჩელე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა და დირექტორმა საზოგადოების სახელით პ.ვ–იას მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: ყოფილიყო მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელი ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, შემოსავლების სამსახურში, გადაეხადა ყოველნაირი გადასახადი, მათ შორის დღგ, ასევე - წარმომადგენელი ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში, სანოტარო ბიუროში, იუსტიციის სახლში, მის სივრცეში განთავსებულ ნებისმიერ სამსახურში, მათ შორის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, წარედგინა და მიეღო შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის - საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები. მინდობილი პირი უფლებამოსილი იყო მიმნდობის წარმომადგენელი ყოფილიყო საბაჟო სამსახურში, სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში, საპატრულო პოლიციაში, განებაჟებინა მიმნდობის სახელზე გამოგზავნილი ავტომანქანების ან/და ტვირთი, აეღო სანომრე ნიშნისა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, ხელი მოეწერა მიმნდობის მაგივრად შესაბამის დოკუმენტებზე და შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც გათვალისწინებული იყო ამ დავალების შესრულებით. მიემართა განცხადებით, კომპანიის სახელით შეეძინა/ეყიდა ნებისმიერი უძრავ/მოძრავი ქონება, მათ შორის - ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებები (მიწის ნაკვეთები), მანქანა-დანადგარები საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება (წინარე ხელშეკრულება) და მოეწერა ხელი მიმნდობის სახელით, შემდეგ უძრავი ქონება დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში მოსარჩელე კომპანიის სახელზე, ყველა გარიგება გაეანგარიშებინა, გადაეხადა ნასყიდობის ფასი და შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც დავალების შესრულებას უკავშირდებოდა. მინდობილობა გაიცა ორი წლის ვადით და ძალაში იყო 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით.
4. 2019 წლის 8 თებერვალს, მხარეებს შორის არსებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს 29 486.7 ლარის რკინის წნელი მიაწოდა.
5. 2019 წლის 12 თებერვლის შედარების აქტის თანახმად, რომელიც ხელმოწერილია მოპასუხის დირექტორისა და მოსარჩელის მხრიდან, როგორც მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლის - პ.ვ–იას მიერ, შემსყიდველი მოპასუხისათვის საანგარიშო პერიოდში (01.02.2019წ.-12.02.2019წ.) სულ მიწოდებული საქონლის ღირებულება 29486.70 ლარი იყო, რაც გადახდილი იქნა სრულად.
6. 2019 წლის 12 ნოემბრის პ.ვ–იას მიერ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ მას, როგორც მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მინდობილ პირს, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა ნაღდი ანგარიშსწორებით, ხელზე გადასცა მოსარჩელე კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 29486.70 ლარი, რაც ასახულია 2019 წლის 12 თებერვლის შედარების აქტში.
სარჩელის საფუძვლები:
.
7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის რკინის წნელის შესყიდვის ღირებულების - 29486.7 ლარის დაკისრება.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რკინის წნელის ღირებულება ნაღდი ანგარიშსწორებით სრულად გადაუხადა მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელ - პ.ვ–იას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 29486.7 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 103-ე და 104-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ 2019 წლის 8 თებერვალს, 29486.7 ლარის რკინის წნელის ნასყიდობაზე ზეპირი ფორმით ხელშეკრულება გამყიდველის - მოსარჩელე კომპანიის სახელით დადებული იქნა ამ უკანასკნელის მინდობილი პირის (წარმომადგენელის) პ.ვ–იას მიერ.
13. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო მინდობილობის, თავად მოსარჩელის განმარტების, ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების - პ.ვ–იას მიერ სანოტარო წესით შედგენილი ე.წ. განცხადებისა და 2019 წლის 12 თებერვლის შედარების აქტის შეფასების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა, ნაღდი ანგარიშსწორებით, პ.ვ–იას, როგორც მოსარჩელე კომპანიის მინდობილ პირს, გადაუხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 29 486.70 ლარი. სასამართლოს განმარტებით, ამ გადახდით ვალდებულება შესრულებულად ითვლება თავად წარმოდგენილი პირისათვის - მოსარჩელისათვის, რისი გათვალისწინებითაც, სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, აღარ არსებობს ნასყიდობის საფასურის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თუკი მინდობილობით ასეთი უფლებამოსილება პ.ვ–იასათვის მინიჭებული არ იქნებოდა, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა, გარიგება დადო და ნასყიდობის საგანი - რკინის წნელი მყიდველს პ.ვ–იამ გადასცა, ამ ქმედებებმა განაპირობა ის, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა, რაც სსკ-ის 104.2 მუხლის მიხედვითაც მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულებულად ცნობის საფუძველია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაც მოითხოვა.
16. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 248-ე მუხლი, კერძოდ, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის უკან დაბრუნების ნაცვლად, სარჩელი არ დააკმაყოფილა.
17. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს აპელანტის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 19 ნოემბრის მინდობილობა არ უნდა მიეღო მტკიცებულებად. ამასთან, სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება სათანადოდ არც შეაფასა. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით პ.ვ–იას მიეცა კონკრეტული დავალება და უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ პ.ვ–იას ამ მტკიცებულებით მოპასუხისგან ნასყიდობის თანხის აღების უფლებამოსილება ჰქონდა.
18. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას რომლის თანახმად, გამყიდველის მხრიდან მოლაპარაკებებს პ.ვ–ია უძღვებოდა და თითქოს მან მიაწოდა მოპასუხეს ტვირთი.
19. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215.2 მუხლის დარღვევით მიიღო და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო აპელანტის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული მინდობილობა, რომლის წარდგენა მოპასუხეს შესაბამის საპროცესო ეტაპზეც შეეძლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
20. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. საკასაციო პალატა საკასაციო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების შემდეგ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც საკასაციო საჩივრის წარმატებას განაპირობებს.
25. საკასაციო პალატის განმარტებით, დავა წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რომელიც ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს აქვს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება (სსკ-ის 477-ე მუხლი).
26. მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველის (მოსარჩელის) მოთხოვნას - ნასყიდობის თანხის მყიდველისათვის (მოპასუხისათვის) დაკისრებას, ეს უკანასკნელი იმაზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია მოსარჩელე კომპანიის მინდობილი პირისათვის, რისი გათვალისწინებითაც მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს ნასყიდობის საფასურის მისთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
27. სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდაგნ გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.
28. საკასაციო პალატის განმარტებით, წარმომადგენლობთი უფლებამოსილება შეიძლება გამომდინარეობდეს კანონიდან ან გარიგებიდან. მისი ნამდვილობისათვის არ არის დადგენილი კონკრეტული ფორმა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), რასაც ფორმის თავისუფლების პრინციპი განაპირობებს. წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადებისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული შემდეგი ფაქტორები: ა) წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ ნებას; ბ) ამას იგი აკეთებს სხვისი სახელით; გ) უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს. ჩამოთვლილი კრიტერიუმები კუმულაციური ხასიათისაა და მათი ერთობლიობა ქმნის შესაბამის სამართლებრივ შედეგს. ამასთან, წარმომადგენლობის ყველაზე გავრცელებული შემთხვევა მინდობილობაა, კერძოდ, სწორედ მინდობილობის გაცემით გამოიტახება პირისათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების - რწმუნებულების მინიჭება. ეს კი შეიძლება, განხორციელდეს ზოგადი, სპეციალური ან ერთჯერადი მინდობილობით. თითოეული მათგანი შეიძლება გაიცეს როგორც ზეპირად, ისე წერილობით. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში უფრო გავრცელებულია წერილობითი მინდობილობა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ნოტარიუსთანაც კი იდება და მას უდიდესი, კანონიერი ნდობა ენიჭება. წარმომადგენლის მიერ ქმედების განხორციელების მიუხედავად, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილს. ეს დათქმა წარმომადგენლობით დადებული გარიგების განსაზღვრის უმთავრესი კრიტერიუმია (იხ. სერგი ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.). 2017, მუხლი 103, 104).
29. საკასაციო პალატა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) მიუთითებს, რომ უტყუარად დასტურდება მოსარჩელე კომპანიის მიერ პ.ვ–იასთვის თავისი ინტერესების რეალიზებისათვის უფლებამოსილების გადაცემა, კერძოდ, აღნიშნულს ადასტურებს როგორც საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 19 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუქნტი), ასევე - 2019 წლის 12 თებერვლის შედარების აქტი, რომლის თანახმად, მოპასუხემ პ.ვ–იას, როგორც მოსარჩელე კომპანიის უფლებამოსილ პირს, მიწოდებული პროდუქციის ღირებულება გადაუხადა. ნიშანდობლივია, რომ ამ უკანასკნელმაც მისთვის, როგორც მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მინდობილი პირისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების - 29 486.70 ლარის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა დაადასტურა, რისი გათვალისწინებითაც დგინდება, რომ პ.ვ–იასთვის ნასყიდობის თანხის გადაცემა, მოსარჩელის მიმართ სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საფუძველს ქმნის.
30. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, წარმოდგენილი მინდობილობით პ.ვ–იას მიერ ნასყიდობის თანხის აღების უფლებამოსილება არ დასტურდება და მიუთითებს, რომ მისი შინაარსის გათვალისწინებით, კასატორის არგუმენტი დაუსაბუთებელია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება მოსარჩელე კომპანიის ნება გარიგებისმიერი წარმომადგენლობის შესახებ, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, შეიძლება გაიცეს როგორც ზეპირად, ისე წერილობით. გასათვალისწინებელია, თავად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სადაც მოსარჩელე სწორედ წარმომადგენლის მიერ მოლაპარაკებების გამართვისა და ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე მიუთითებს. მართალია, ეს უკანასკნელი არ ადასტურებს, რომ წარმომადგენელი სწორედ პ.ვ–ია იყო, თუმცა საქმის მასალებით სწორედ აღნიშნული დასტურდება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე სხვა პირის (წარმომადგენლის) ვინაობა არ დაუსახელებია, რომელიც მოსარჩელე კომპანიის მხრიდან მოლაპარაკებებს მართავდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას. ნიშანდობლივია, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე (15:13:57) მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლის მითითებაც, რომლის თანახმად, სწორედ პ.ვ–ია ეხმარებოდა მოსარჩელე კომპანიას კლიენტების მოძიებაში.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა ნაღდი ანგარიშსწორებით, პ.ვ–იას, როგორც მოსარჩელე კომპანიის მინდობილ პირს, გადაუხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება 29 486.70 ლარი, რისი გათვალისწინებითაც, ვალდებულება შესრულებულია წარმოდგენილი პირისათვის - მოსარჩელისათვის და არ არსებობს, მოპასუხისათვის ნასყიდობის თანხის ხელახლა დაკისრების საფუძველი.
32. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ პ.ვ–იას ქმედებები - ხელშეკრულების დადებისას მოლაპარაკებების წარმოება, გარიგების გამართვა და ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემა, ასევე ქმნის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოვლენის შესახებ მოლოდინის გონივრულ საფუძველს. აღნიშნული სწორედ ობიექტურ გარემოებებს ეფუძნება, რისი გათვალისწინებითაც, სსკ-ის 104.2 მუხლის (თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმომადგენელმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა) შინაარსიდან გამომდინარეც, მოწინააღმდეგე მხარისათვის ნასყიდობის თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
33. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა დაარღვია და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრება ის სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა არსებობაც გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების საფუძველია, ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 385-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, რაც სსსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევად ვერ შეფასდება.
34. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული მინდობილობის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საპროცესო ნორმების დარღვევით დართვასთან დაკავშირებითაც და განმარტავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაშვებია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. აღნიშნული საპროცესო შესაძლებლობა არ არის აბსოლუტური და, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
35. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ახალი ფაქტების/მტკიცებულებების საქმეზე დაშვება შეფასების გონივრულ სტანდარტზეა დამოკიდებული და სასამართლო ამ საკითხს წყვეტს იმ გარემოების გამორიცხვით, რომ მხარეს მათი ქვემდგომ სასამართლოში წარდგენის ფაქტობრივი შესაძლებლობა ჰქონდა.
36. დადგენილია, რომ მოპასუხე შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნას სწორედ მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლისათვის (პ.ვ–იასთვის) ნასყიდობის თანხის გადახდის ფაქტით შეედავა. მოპასუხემ პ.ვ–იას მოწმის სახით დაკითხვაც იშუამდგომლა, თუმცა შემდგომ შუამდგომლობა მოხსნა (იხ. 2020 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი), ვინაიდან მოწმედ დასაკითხი პირი საქართველოში არ იმყოფებოდა და მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. ზემოაღნიშნული თავად 2020 წლის 23 ივლისის განცხადებით პ.ვ–იამაც დაადასტურა და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოხდა მოწინააღმდეგე მხარესთან დაკავშირება, რის შემდგომაც მინდობილობა მოიძია და მოწინააღმდეგე მხარეს გადასცა. პალატა მიუთითებს, რომ ეს გარემოებები ის ობიექტური მიზეზებია, რის გამოც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სსსკ-ის 380-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება განიკარგა მართლზომიერად, რომლის შედეგადაც ხელი შეეწყო ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
42. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-124-116-2017, 2020 წლის 23 ივლისის განჩინება; №ას-127-124-2011, 2012 წლის 5 სექტემბრის განჩინება).
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მ–სს"-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,მ–სს“ (ს/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.დ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1474.33 ლარის (საგადასახადო დავალება 0 / გადახდის თარიღი 16.03.2021), 70% - 1032 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე