საქმე №ა-1158-შ-36-2022
21 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ტ.
განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის NFM-07-170-14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის NFM-07-170-14 გადაწყვეტილებით ჯ. ტ. და მ. ტ. განქორწინდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 29 ოქტომბერს.
მ. ტ. შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის NFM-07-170-14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ტ-ს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს, არსებობს თუ არა შუამდგომლობის (განცხადების) წარმოებაში მიღების წინაპირობები.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია არ ცნოს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილება. ამავე კანონის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების ცნობა საჭირო არ არის, თუ გადაწყვეტილების გამოტანისას მეუღლეები იმ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, რომლის დაწესებულებამაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამრიგად დასახელებული ნორმა აყალიბებს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საჭიროება აღმოფხვრილია და საკასაციო პალატა უფლებამოსილია განსახილველად არ მიიღოს შესაბამისი განცხადება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შესახებაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების წესს, რომლის თანახმადაც საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენილად მიჩნევისთვის სასამართლო უნდა დაეყრდნოს მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს რომელთა ანალიზი უნდა მოხდეს ერთობლივი, სრული, ყოველმხრივი და ობიექტური შესწავლის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 12 იანვრის #9-ე ბრძანებულებით მ. ტ-ს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით.
ამასთან საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ იკვეთება 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღების მომენტში განმცხადებელს მოპოვებული ჰქონდა თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა და შესაბამისად ხომ არაა სახეზე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გარემოება (გადაწყვეტილების მიხედვით მოსარჩელე ჯ. ტ-ო აშშ-ს მოქალაქეა) რომელიც თავის მხრივ გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელ წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მ. ტ-ს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მ. ტ-ს უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე;
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები;
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე