Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-17-გ 25 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის პირველ ინსტანციას შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ვ. კ-ძის სარჩელი, მოპასუხე თერჯოლის რაიონის ¹49 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ და გააუქმა ამავე კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულება, რომლითაც უარი ეთქვა ვ. კ-ძეს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 19 ივნისის განჩინებით, მოპასუხე თერჯოლის რაიონის ¹49 საოლქო საარჩევნო კომისიის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების საფუძველზე, გააუქმა ამავე სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება. მოსარჩელე ვ. კ-ძემ 19 ივნისის მთავარ სხდომაზე, გაზარდა დავის საგანი და დამატებით ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულების გაუქმებაც მოითხოვა, რომლითაც უარი ეთქვა ვ. კ-ძეს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 19 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ ვ. კ-ძის სარჩელი არ იყო საოლქო სასამართლოს განსჯადი და განსაჯდობით, პირველი ინსტანციის წესით განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციით 2002წ. 24 ივნისის განჩინებით ვ. კ-ძის სარჩელი ცსკოს 2002 წლის 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულების გაუქმების ნაწილში, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის მე-11 ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, დაუშვებლად მიიჩნია გასაჩივრების სამდღიანი ვადის გაშვების გამო და განუხილველად დატოვა, ხოლო ვ. კ-ძის სარჩელის განსჯადობა თერჯოლის რაიონის ¹49 საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულების გაუქმების ნაწილში, სადავო გახადა და განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგრიის საქმეთა საკასაციო პალატას იმ მოტივით გადასცა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის სადავო განკარგულება მიღებულია «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-11 პუნქტის «ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც საოლქო სასამართლოს განსჯადია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ ვ. კ-ძის სარჩელი თერჯოლის რაიონის ¹49-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულების გაუქმების თაობაზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემდგომ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობით განსახილველად გადასცა საქმე, რომელშიც დავის საგანს წარმოადგენდა:

ა) ¹49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულება ვ. კ-ძის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) საქართველოს ცსკოს 2002წ. 8 ივნისის ¹90/2002 განკარგულება “2002წ. 30 ივნისის ¹49 თერჯილის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის ვ. კ-ძის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ”;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციის წესით განიხილა განსჯადობით გადმოგზავნილი საქმე და 2002წ. 24 ივნისის განჩინებით ვ. კ-ძის სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ¹90/2002 განკარგულების გაუქმების ნაწილში განუხილველად დატოვა, თანახმად «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის მე-11 პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა, ორგანული კანონით გათვალისწინებული სამდღიანი ვადის გაშვებით სარჩელის აღძვრის გამო, ხოლო ¹49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულების ნაწილში სარჩელის განსჯადობა სადავო გახადა, ამავე პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა, არ საჩივრდება და დაუყოვნებლივ შედის კანონიერ ძალაში. ვინაიდან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ვ. კ-ძის სარჩელი ცსკოს ¹90/2002 განკარგულების გაუქმების ნაწილში განუხილველად დატოვა და სადავოდ გახადა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის ¹19 განკარგულება, ¹90/2002 განკარგულება აღარ შეიძლება კვლავ წარმოადგენდეს სასამართლოში დავის საგანს, ამიტომ ამ ეტაპზე სადავოა მარტოოდენ ¹49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულება, მისი განსჯადობა და საკასაციო სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილია სწორედ ¹19 განკარგულების განსჯადობის საკითხი გადაწყვიტოს;

3. «საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მართალია, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით ახდენს საარჩევნო დავების განხილვას, მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სახელდობრ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით იმპერატიულად დადგენილია: «საქართველოს ცსკოს გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ მისი მიღებიდან სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში”, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით: ”პარტიების (საარჩევნო ბლოკების) და პარტიული სიით წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ ცსკოს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში”.

ვინაიდან განსახილველი დავის საგანი – ¹19 განკარგულება სამართლებრივად არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული 77-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცსკოს გადაწყვეტილებას და მიღებულია ¹49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, ამიტომ, პალატის აზრით, სარჩელი უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილია განსჯადობის დარღვევით;

4. მოსარჩელე ვ. კ-ძე არის საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის ¹49 თერჯოლის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელსაც ¹49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის სადავო ¹19 განკარგულებით უარი ეთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

«საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის, რომელიც საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ განკარგულებათა გასაჩივრების იმპერატიულ წესს ადგენს, მე-11 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ნათლად განსაზღვრავს: “ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საოლქო სასამართლოში”.

ამდენად, საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატ ვ. კ-ძის სარჩელი ¹49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულების გაუქმების შესახებ, «საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მე-11 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და განსახილველად მასვე უნდა გადაეცეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-86-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლის მე-11 პუნქტის «ბ' ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. კ-ძის სარჩელი ¹49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის 2002წ. 5 ივნისის ¹19 განკარგულების გაუქმების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. ვ. კ-ძის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. განჩინების ასლები დაეგზავნოთ მხარეებს;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.