საქმე №ას-57-2021 16 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) - შ. ბ-ი, ვ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ა. მ-ი, ლ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
1.1. ა. მ-სა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და ლ. მ-ის (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.2. ვ. ბ-სა (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი განმცხადებელი) და შ. ბ-ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე განმცხადებელი) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
1.4. მ. ლ-ის (შემდეგში - მესამე მოსარჩელე), პირველი მოსარჩელისა და მეორე მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.5. ი. კ-სა და პირველ მოპასუხეს შორის 2007 წლის 9 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა;
1.6. მოსარჩელეები ცნობილ იქნენ ხაშურის რაიონის სოფელ... მდებარე უძრავ ქონების (შემდეგში: სადავო ნივთი, უძრავი ნივთი, უძრავი ქონება) ¾ ნაწილის მესაკუთრეებად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით:
2.1. მოპასუხეთა და მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
2.3. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. 2020 წლის 4 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მოპასუხეებმა, რომლებმაც სააპელაციო 2016 წლის 29 სექტემბრის დასახელებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
განმცხადებლებმა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, შემდეგ გარემოებაზე მიუთითეს:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2016 წლის 29 სექტემბერს, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ი. კ-სა და პირველ მოპასუხეს შორის 2007 წლის 9 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - მოსარჩელეები ცნობილ იქნენ უძრავი ქონების ¾ ნაწილის მესაკუთრეებად. სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 აგვისტოსა და 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილებებით, უძრავი ქონება საკუთრებაში ჯერ ი. კ-მა აღირიცხა, ხოლო შემდეგ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, იგი საკუთრებაში პირველმა მოპასუხემ დაირეგისტრირა.
3.2. ზემომითითებული სარჩელის აღძვრისა და დავის წარმოშობის საფუძველი სწორედ დასახელებული გადაწყვეტილებები იყო, რომლებითაც, როგორც მოსარჩელეები უთითებდნენ, მათ დაკარგეს სამკვიდრო ქონება და ეს ქონება უკანონოდ დაირეგისტრირა ი. კ-მა. ამდენად, წინამდებარე დავის მთავარი ფაქტობრივი გარემოებას წარმოადგენდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 აგვისტოსა და 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებები. მათი არარსებობის პირობებში, დავის საგანი არ იარსებებდა და სარჩელზე წარმოება შეწყდებოდა.
3.3. დღეისათვის, საქმის ფაქტობრივი მოცემულობა შეცვლილია, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, ხსენებული 2007 წლის 31 აგვისტოსა და 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებები ძალადაკარგულადაა გამოცხადებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სადავო ქონება არც ი. კ-ის და არც ნ. კ-ის სამკვიდრო მასა აღარაა. ამდენად, დავის საგანი აღარ არსებობს. შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება უნდა განახლდეს და, დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
3.4. მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად განმცხადებლებმა დაასახელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქმის წარმოების განახლების შესახებ მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი განცხადება არ დაკმაყოფილდა.
4.1. სააპელაციო სასამართლომ, ყურადღება მიაპყრო შემდეგ გარემოებაზე:
4.1.1. 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა, სადავოდ გამხდარი 2009 წლის ჩუქების ხელშეკრულების კანონიერება, დადასტურებულად მიიჩნია - ამ ხელშეკრულებით განკარგულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების არსებობა. იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, რომ არსებობდა მიკუთვნებითი სარჩელის დაკმყოფილების წინაპირობა, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება დაეფუძნა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაუქმდა ყველა ის საკომლო ჩანაწერი და ცნობა, რაც საფუძვლად დაედო კომლში მოსარჩელეთა მამკვიდრებლის რეგისტრაციის გაუქმებას და კომლის ერთადერთ წევრად ამ უკანასკნელის მითითებას, ასევე, სადავო უძრავი ქონების მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებობას. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება არ გაუქმებულა, უფრო მეტიც, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 აგვისტოს №692007003884 (სადავო უძრავი ნივთის მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრაცის შესახებ) და 2007 წლის 15 ოქტომბრის №692007005004 (ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო ქონების პირველი მოპასუხის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ) ჩანაწერები.
4.1.2. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა განმცხადებელთა მითითება იმის თაობაზე, რომ წინამდებარე საქმეზეც და ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს განხილულ საქმეზეც, სარჩელის აღძვრის საფუძველს ქონების ჯერ მამკვიდრებლის, შემდეგ კი, პირველი მოპასუხის სახელზე აღრიცხვის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენა წარმოადგენდა. ამავდროულად, სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებელთა მსჯელობის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მამკვიდრებლისა და პირველი მოპასუხის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების გაუქმება, ახლად აღმოჩენილი გარემოებაა, რადგან აღნიშნულო შედეგი მიღწეულია თავად მოსარჩელეთა ძალისხმევით, მათ სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე იმ საბოლოო მიზნით, რომ მათი დარღვეული საკუთრების უფლება აღდგეს.
4.1.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას, მით უფრო, თავისი არსით, ისეთ ახალ გარემოებას, რომელიც სსსკ-ის 423-ე მუხლის კონტექსტში გადაწყვეტილების გაუქმებას იწვედა.
5. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმის წარმოება განახლება მოითხოვეს, შემდეგი საფუძვლით:
თუკი დავუშვებთ, რომ საქმის განხილვისას არ იარსებებდა საჯარო რეესტრის 2007 წლის 31 აგვისტოსა და 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებები, ასეთ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლო სადავო გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, მოცემულ საქმეზე მესამე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაება პირველი მოსარჩელე და მეორე მოსარჩელე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია განმცხადებლის მოთხოვნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
8. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შინაარსიც ასეთია: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას გაუქმდა.
9. განსახილველი მოთხოვნის სწორად შესაფასებლად და, შესაბამისად, სწორი დასკვნის გასაკეთებლად, პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:
1). ნ. მ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე, ნ. კ. რომელიც 2009 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა) იყო ი. კ-ის შვილი, ხოლო მესამე მოსარჩელე (რომელიც 2021 წლის 9 იანვარს გარდაიცვალა) იყო ნ. მ-ის მეუღლე.
2). 2010 წლის 7 დეკემბერს, მესამე მოსარჩელეზე, როგორც ნ. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრეზე, გაიცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა.
3). პირველი მოსარჩელე და მეორე მოსარჩელე არიან ნ. მ-სა და მესამე მოსარჩელის შვილები.
4). ნ. მ-ი და მეორე მოპასუხე არიან ძმები, ი. კ-ის შვილები. პირველი მოპასუხე მეორე მოპასუხის შვილია, შესაბამისად, მეორე მოპასუხე ნ. მ-ის ძმისშვილია.
5). ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მესამე მოსარჩელის სარჩელი:
- გაუქმდა ხაშურის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს 1991-1995 წლების საკომლო წიგნში 1994 წლის ჩანაწერი, ნ. კ-ის კომლში რეგისტრაციის გაუქმებისა და კომლის წევრად გ. კ-ის მითითების შესახებ;
- გაუქმდა ხაშურის რაიონის სოფელ.... თემის საკრებულოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერი, გ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლის წევრად ი. კ-ის მითითების შესახებ;
- ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 31 აგვისტოს სოფელ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული №483 ცნობა.
ამდენად, ხსენებული გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ის საკომლო ჩანაწერი და ცნობა, რაც საფუძვლად დაედო კომლში ნ. მ-ის (იგივე ნ. კ-ის) რეგისტრაციის გაუქმებას და კომლის ერთადერთ წევრად ი. კ-ის მითითებას, ასევე, სადავო უძრავი ქონების (623კვ.მ მიწის ნაკვეთი და 53.1კვ.მ საცხოვრებელი სახლი) ი. კ-ის საკუთრებაში არსებობას.
6). 2007 წლის 9 ოქტომბერს, ი. კ-სა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.
7). 2010 წლის 7 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრე იყო პირველი მოპასუხე, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა, 2007 წლის 9 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება.
8). წინამდებარე საქმეზე აღძრული სარჩელით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ი. კ-სა და პირველ მოპასუხეს შორის 2007 წლის 9 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად და უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად ცნობა.
9). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის სადავო გადაწყვეტილებით: მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. კ-სა და პირველ მოპასუხეს შორის 2007 წლის 9 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ უძრავი ქონების ¾ ნაწილის მესაკუთრეებად.
სააპელაციო სასამართლომ, 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაში შეაფასა 2007 წლის 9 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების კანონიერება და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამ ხელშეკრულებით განკარგულ უძრავ ქონებაზე არსებობდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება. ამ დასკვნის გაკეთებისას, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც ყველა ის საკომლო ჩანაწერი და ცნობა გაუქმდა, რაც საფუძვლად დაედო კომლში მოსარჩელეთა მამკვიდრებლის - ნ. მ-ის (იგივე ნ. კ-ის) რეგისტრაციის გაუქმებას და კომლის ერთადერთ წევრად ი. კ-ის მითითებას, ასევე, სადავო უძრავი ქონების ი. კ-ის საკუთრებაში არსებობას. სწორედ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძველი გამოეცალა უძრავ ქონებაზე ი. კ-ის საკუთრების უფლებას, რის გამოც ამ უკანასკნელს უფლება არ ჰქონდა, როგორც მესაკუთრეს, სადავო ქონება განეკარგა.
10). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა: ა). ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 აგვისტოსა (სადავო უძრავი ნივთის ი. კ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ) და ბ). 2007 წლის 15 ოქტომბრის (ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონების პირველი მოპასუხის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ) ჩანაწერები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძვლადაც მითითებულია, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ყველა ის საკომლო ჩანაწერი და ცნობა გაუქმდა, რაც საფუძვლად დაედო კომლში მოსარჩელეთა მამკვიდრებლის - ნ. მ-ის (იგივე ნ. კ-ის) რეგისტრაციის გაუქმებას და კომლის ერთადერთ წევრად ი. კ-ის მითითებას, ასევე, სადავო უძრავი ქონების ი. კ-ის საკუთრებაში არსებობას.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი გარემოებების ერთობლიობაში შეფასება, შემდეგი დასკვნის საფუძველს ქმნის:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება (რომელსაც განმცხადებლები ახლად აღმოჩენილ გარემოებად განიხილავენ და, მასზე დაყრდნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ) იმ ძალისხმევის შედეგია, რაც მოსარჩელეთა მხრიდან ორ სხვადასხვა საქმეზე (მათ შორის, წინამდებარე საქმეზე) სარჩელის აღძვრას მოყვა. ამ შემთხვევაში, პალატას, მხედველობაში აქვს შემდეგი გარემოება, კერძოდ: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით განხილულ საქმეზე სარჩელის აღძვრა განაპირობა, უძრავი ქონების ი. კ-ის საკუთრებაში აღრიცხვამ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით განხილულ საქმეზე სარჩელის აღძვრის საფუძველი შეიქმნა, სადავო ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
აქედან გამომდინარე, მითითებული ორივე სარჩელის აღძვრის მიზანი იყო, უძრავი ქონების, თავდაპირველად, ი. კ-ის, ხოლო შემდეგ, პირველი მოპასუხის სახელზე აღრიცხვის გამო, მოსარჩელეთა დარღვეული უფლების აღდგენა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთის ი. კ-სა და პირველი მოპასუხის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 31 აგვისტოსა და 2007 წლის 15 ოქტომბრის ჩანაწერები ძალადაკარგულად გამოცხადდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსარჩელეთა ზემომითითებული მიზანი მიღწეულია.
ამდენად, განმცხადებელთა მიერ მითითებული გარემოება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ი. კ-სა და პირველი მოპასუხის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 აგვისტოსა და 2007 წლის 15 ოქტომბრის ჩანაწერების ძალადაკარგულად გამოცხადება) ახლად აღმოჩენილი გარემოება კი არაა, არამედ ის შედეგია, რაც მოსარჩელეთა მიერ აღძრული სარჩელების წარმატებულად ცნობის პირობებში დადგა, მათ შორის, ესაა შედეგი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით განხილულ საქმეზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებას მოყვა.
ორივე შემთხვევაში, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით (რომლის გაუქმებსაც განმცხადებლები მოითხოვენ) განხილული სარჩელის აღძვრისას, მოსარჩელეთა მიზანი იყო იმ ფაქტობრივი მოცემულობის განხორციელება, რაც სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით შეიქმნა.
11. არასწორია განმცხადებელთა მიერ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ 2007 წლის 31 აგვისტოსა და 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შედეგად, დღეისათვის აღარ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით განხილული სარჩელის დავის საგანი და ეს გადაწყვეტილება გაუქმებას ექვემდებარება (სსსკ-ის 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე).
როგორც ზემოთ განიმარტა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ი. კ-სა და პირველი მოპასუხის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 31 აგვისტოსა და 2007 წლის 15 ოქტომბრის ჩანაწერების ძალადაკარგულად გამოცხადება - ის შედეგია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით განხილულ საქმეზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში განხორციელდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი). ეს გარემოება კი იმის მაუწყებელია, რომ განმცხადებელთა მიერ მითითებული მოსაზრება, ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ შეფასდება და სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას ვერ განაპირობებს.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ბ-სა და ვ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე