14 აპრილი, 2022 წელი,
საქმე №ას-793-793-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ყ-თ“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-ნი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს-ნი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) შპს „ყ-თ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) აბონენტია (#.....), ყიდულობს გაზს და ვალდებულია, აანაზღაუროს მიწოდებული გაზის საფასური.
2. განაწილების ლიცენზიატი მოპასუხე კომპანიაა.
3. 2011 წლის ბოლოს მოპასუხემ ბუნებრივი გაზის მარეგულირებელი პუნქტი თბილისში, …. ქუჩა …-ის მიმდებარედ გაზმომარაგების ქსელს მიუერთა მოსარჩელის თანხმობის გარეშე.
4. თბილისში, …. ქ. #...ის მიმდებარედ (ს/კ-ით #01.01.395) გაზმომარაგების ქსელზე (მილსადენი, ობიექტის სიგრძე -321მ) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გაზმომარაგების ქსელი) 2012 წლის 30 ნოემბრიდან რეგისტრირებულია შპს „ს-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ბუნებრივი აირის გატარების საფასურის 1მ3-ზე 0.02 ლარის გადახდა 2012 წლის 30 ნოემბრიდან 2013 წლის მაისამდე დროის მიხედვით. სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ფასის დადგენისას მიუთითა: „იმ ვითარებაში, როდესაც სადავო პერიოდის განმავლობაში (2011 წლის ნოემბრიდან -2013 წლის მაისი, სარჩელის აღძვრის მომენტი) არ არსებობს კონკრეტული გატარების საფასურის დამდგენი ფორმულა, შესაბამისად, გატარების საფასური იმ საშუალო გონივრული სტანდარტით უნდა დადგინდეს, რაც მითითებული დადგენილების მე-16 მუხლის საფუძველზე არ გამოიწვევს ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირებას და ამავე დროს არ უგულებელყოფს ქსელის მფლობელის უფლებას, მიიღოს მისი კუთვნილი ქსელით სარგებლობისათვის გონივრული საფასური. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიზაშეწონილად მიიჩნია 2012 წლის 30 ნოემბრიდან (ხაზოვანი ნაგებობის საკუთრებაში აღრიცხვის მომენტი) სარჩელის აღძვრის მონეტისათვის - 2013 წლის მაისამდე (5 თვე) საშუალოდ დადგენილი თვიური გატარების ოდენობის - 77 478 მ3 გათვალისწინებით 1მ3 x 0.02 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრება, რაც ჯამურად შეადგენს - 7748 ლარს“.
5.1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული (თბილისი, … ქ. N…-ის მიმდებარედ (ს/კ-ით N01.01.395) გაზმომარაგების ქსელი, მილსადენი საშუალოდ თვეში - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს ატარებს.
6. მხარეებს შორის ბუნებრივი აირის გატარების შესახებ ხელშეკრულება არ დადებულა.
7. მიუხედავად მხარეებს შორის არსებული დავებისა, გატარების საფასურის ან/და თმენის კომპენსაციის გადახდის თაობაზე შეთანხმება არ მიღწეულა.
8. 2017 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 26 მაისამდე მოპასუხე სარგებლობდა მოსარჩელის კუთვნილი ბუნებრივი აირის ქსელით.
9. ზემოღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ გაზის გატარებისა და მილსადენით სარგებლობის თმენის საკომპენსაციოდ - 5888.33 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოქმედებს რა კანონმდებლობით განსაზღვრული წესების ფარგლებში, პოტენციური მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში, აკისრია გაზიფიცირებისა და ბუნებრივი აირით უწყვეტი და უსაფრთხო მომარაგების უზრუნველყოფის ვალდებულება, როგორც განაწილების ლიცენზიატს. თუ ამ ვალდებულების შესასრულებლად აუცილებელია მესამე პირთა საკუთრებაში არსებული მილსადენის გამოყენება, მაშინ მხოლოდ მესაკუთრის მიმართვის შემდეგ ევალება კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდა.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს - 5888.33 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13.1. 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების არსებობა სავალდებულო წინაპირობა იყო N15 დადგენილებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშების წესის გამოყენებისათვის, ხოლო ასეთი ხელშეკრულების, ასევე, ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძის არარსებობა (მაშინ, როდესაც მილსადენის მფლობელი წინააღმდეგი იყო მითითებული დადგენილებით განსაზღვრული დაანგარიშების წესის გამოყენებისა), გამორიცხავდა 2013 წლის 30 დეკემბრის N15 დადგენილებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშების წესის გამოყენების საფუძველს. ამასთან, N15 დადგენილებით გათვალისწინებული გატარების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაუფორმებლობაში მოსარჩელის ბრალეულობა არ იკვეთებოდა.
13.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა ბუნებრივი გაზის გატარების საფასური, კერძოდ, 0.02 ლარი 1მ3, სწორედ ამ ფასით ითხოვდა მოსარჩელე 2017 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 26 მაისამდე ბუნებრივი აირის გატარებისა და თმენის საკომპენსაციოდ მოპასუხისთვის - 5888.33 ლარის დაკისრებას.
13.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი იყო ფაქტების პრეიუდიცია, რაც სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით პრაქტიკულად გაბათილების შეუძლებლობას ნიშნავდა. მოცემულ შემთხვევაშიც, დადგინდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მილსადენი თვეში ატარებდა - 77 478 მ3 ბუნებრივ გაზს, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა. მართლზომიერია 0.02 ლარი 1მ3 ბუნებრივი გაზის გატარებაც. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს 2017 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 26 მაისამდე ბუნებრივი აირის გატარებისა და თმენის საკომპენსაციოდ - 5888.33 ლარი მართებულად დაეკისრა.
14. გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
14.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სადავო გარემოების მიმართაც ბუნებრივი აირის გატარების საფასურთან მიმართებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ანალოგიური წესი უნდა გავრცელებულიყო, მაშინ, როცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა/მოქმედებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის #15 დადგენილება, რომელიც 2014 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში და წინასწარ გახდა ცნობილი ბუნებრივი აირის გატარებისთვის გადასახდელი საზღაურის ოდენობა (გამოსაანგარიშებელი ფორმულა), რომელიც თვეში 66,63 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, შესაბამისად, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებაც არ იკვეთება.
14.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელის კუთვნილი ქსელი მხოლოდ დამხმარე ხაზოვანი ნაგებობაა, რომელიც მხოლოდ ზამთრის პერიოდში მოქმედებს და ისიც იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი აირის წნევა დაბალია. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, სემეკის ზემოაღნიშნული დადგენილებით, განისაზღვრა მესამე პირთა საკუთრებაში არსებულ ქსელში ბუნებრივი აირის გატარების საკომპენსაციო საფასურის განსაზღვრის წესი, შესაბამისად, იგი სახელმძღვანელო ხასიათისა, რომლის მიხედვითაც ერთმნიშვნელოვნად უნდა დაანგარიშდეს საკომპენსაციო თანხის ოდენობა, რომელიც შესაძლებელია იყოს გატარების საფასურის ტოლი ან ნაკლები და არავითარ შემთხვევაში ამ ტარიფზე ნაკლები, რათა სემეკის #12 დადგენილების მე-16 მუხლისა და სემეკის მიერ დადგენილი სატარიფო განაკვეთის შეცვლა ან/და გაუარესება არ გამოიწვიოს.
14.3. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს თმენის სტანდარტზეც, მაშინ, როდესაც მოსარჩელე არავითარ ხარჯს არ წევდა ქონებაზე და არც რაიმე ზიანი არ ადგებოდა, ასევე, უფასოდ იღებდა იმ მომსახურეობას, რასაც მოპასუხე ასრულებდა ქსელის დიაგნოსტიკისა და ექსპლუატაციისათვის ვარგისად შენახვის კუთხით.
14.4. კასატორის მითითებით, ვინაიდან მოსარჩელემ კუთვნილ ქსელზე ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი არ მოაწყო, შესაბამისად, მხარეთა შორის გატარების მომსახურებასთან დაკავშირებით ვერ დაიდებოდა ხელშეკრულება.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.
17. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა გაზის გატარებისა და მილსადენით სარგებლობის თმენის კომპენსაციის ოდენობა და გამოანგარიშების წესი, კერძოდ:
17.1. მოსარჩელე ითხოვს გაზის გატარებისა და მილსადენით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციას 2014 წლის შემდგომი პერიოდისთვის - 2017 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 26 მაისამდე, როდესაც უკვე მოქმედებდა სემეკის №15 დადგენილება, სახელდობრ, 2013 წლის 30 დეკემბერს სემეკმა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 (თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია, თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა) და მე-5 პუნქტების (გატარების საფასურის გაანგარიშების წესები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებისათვის დგინდება კომისიის დადგენილებით) საფუძველზე მიიღო #15 დადგენილება, რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან და რომლითაც დამტკიცდა მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესები. ამდენად, სემეკმა მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ბუნებრივი გაზის გატარების საფასურის გაანგარიშება სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას დაუქვემდებარა, რომლის საფუძველზეც უნდა დაანგარიშდეს არალიცენზიატ ქსელში გატარების საფასურის ოდენობა 2014 წლის 1 იანვრიდან არსებულ პერიოდზე (წესების პირველი მუხლი: ამ წესების მიზანია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის სფეროებში მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დადგენა. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები: ა) ქსელის მფლობელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ელექტრულ (ელექტროგადამცემ ხაზს ან/და სატრანსფორმატორო პუნქტს ან/და გამანაწილებელ, დაცვისა და საკომუტაციო მოწყობილობებს), ბუნებრივი გაზის (ბუნებრივი გაზის მილსადენს) ან სასმელი წყლის (სასმელი წყლის მილსადენს) ქსელს და არ არის განაწილების, გადაცემის ან წყალმომარაგების ლიცენზიატი; ბ) გატარების მომსახურება არის ქსელის მფლობელის აქტივების მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ქსელამდე; გ) გატარების საფასური არის ამ წესების საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება საანგარიშო პერიოდზე).
18. მოხმობილი ნორმა ზოგადი დანაწესია და მიუთითებს ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულებაზე, ითმინოს მისი საკუთრებით სარგებლობა, რომელიც სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული უფლების საკანონმდებლო ბოჭვაა, ასევე, დადგენილია, არალიცენზიატის უფლება, ამ კანონისმიერი ბოჭვისათვის მოითხოვოს საფასური.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილებას, სხვის მიერ მისი საკუთრების შეზღუდვის გამო, თმენის ვალდებულებისათვის, მაგრამ განსახილველი ურთიერთობის თავისებურება ვლინდება იმაში, რომ არალიცენზიატი მფლობელის საკუთრებას წარმოადგენს გაზმომარაგების ქსელის მილსადენი, რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ გამოიყენებს სხვა დანიშნულებით გარდა იმისა, რომ გაატაროს ბუნებრივი აირი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები (რომელშიც ივარაუდება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო, გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელი გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება), არამედ მილსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით -1მ3 ბუნებრივი გაზის გატარებაზე დადგენილი ტარიფი - 0,02 ლარი ვერ იქნება მიჩნეული პრეიუდიციულ ფაქტად, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა გატარების საფასურის ოდენობა 2014 წლის 1 იანვრამდე არსებული პერიოდისთვის, როდესაც სემეკის №15 დადგენილება ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული და, შესაბამისად, მასზე ვერც გავრცელდებოდა („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24.1. მუხლი: „1. ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით), ხოლო, რადგან მოსარჩელე ითხოვს გატარების საფასურს 2014 წლის 1 იანვრიდან არსებულ პერიოდზე, კერძოდ, 2017 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 26 მაისამდე, სასამართლომ დავა უნდა გადაწყვიტოს სემეკის ნორმატიულ სამართლებრივი აქტით - #15 დადგენილებით. („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.1. მუხლი: საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად. სსსკ-ის 6.1 მუხლი: მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს), რომელიც აწესრიგებს სწორედ ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ (2014 წლის 1 იანვრიდან) პერიოდში წარმოშობილ ურთიერთობებს.
21. ამდენად, მესაკუთრე მესამე პირის უფლებადამცავ დანაწესად გვევლინება სემეკის №15 დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია კომპენსაციის გამოთვლის მეთოდოლოგია.
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სემეკის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „წესებში“ განხორციელებულ ცვლილებაზე, რომელიც წინამდებარე შემთხვევაზე ვრცელდება (1.2. მუხლი) და აღნიშნავს, რომ 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილების (სპეციალური რეგულაცია) ამოქმედების შემდგომ („წესებში“ მართალია, მოგვიანებით განხორციელდა ცვლილება, თუმცა სემეკის დადგენილებათა სწორი განმარტების შესაბამისად ეს ცვლილება ხელს არ უშლის სადავო პერიოდში არალიცენზიატის კუთვნილ ქსელში ბ/გაზის გატარების საკომპენსაციო თანხის გამოანგარიშებას), „წესების“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით კომისიამ გაათანაბრა „ბ/აირის გატარებისა“ და „თმენის“ გადასახადი და მისი ანაზღაურების მანამდე არსებული წესისაგან განსხვავებით (კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად), დაადგინა შემდეგი ქცევის წესი: თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ბ/აირის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ შესაბამისად.
23. სემეკის №15 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის გამოანგარიშების მეთოდოლოგია (მსგავსად ლიცენზიატებს შორის მანამდე არსებული რეგულაციისა) მიუთითებს ერთგვარ პრეზუმფციაზე, რომ არალიცენზიატის კუთვნილ ქსელში ბ/აირის გატარებაზე გაწეულია იმ ოდენობის მომსახურება, რაც ტარიფის სახით ამ მომსახურებისთვის არის დადგენილი. თავის მხრივ, ბ/გაზმომარაგების ხაზის დანიშნულებიდან გამომდინარე, თმენის ვალდებულება უნდა განიმარტოს სწორედ ამ ურთიერთობის მახასიათებელი სპეციფიკიდან. იმ ფაქტობრივი სიტუაციიდან გამომდინარე, რომ გაზმომარაგების ქსელის გამოყენება, გარდა ბ/გაზის გატარებისა, სხვა თვალსაზრისით შეუძლებელია, არალიცენზიატი მესაკუთრის თმენის ვალდებულებაც სწორედ ახალი რეგულაციის ფარგლებში უნდა შეფასდეს. თავად სემეკის №15 დადგენილების 2.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტით კომისიამ განსაზღვრა, რომ გატარების საფასური არის ამ წესების საფუძველზე გაანგარიშებული გატარების მომსახურების ღირებულება საანგარიშო პერიოდზე, ხოლო მე-4
მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით დაწესებულია ქსელის მფლობელი არალიცენზიატის ვალდებულება, ერთი მხრივ, (მოთხოვნის შემთხვევაში) ქსელში გაატაროს სხვისი კუთვნილი ბ/გაზი, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალი რეგულაციის შემოღებითა (30.12.2013წ. №15 დადგენილება) და სპეციალურ ნორმაში ცვლილების განხორციელებით (18.09.2008წ. №20 დადგენილების 15.2 მუხლი) თმენის კომპენსაციის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრის შესაძლებლობა გაუქმდა და იგი მთლიანად მოაწესრიგა სემეკის №15 დადგენილებამ, ანუ გატარების მომსახურება და თმენის კომპენსაცია, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში გაიგივდა და, თუ არ არსებობს მხარეთა განსხვავებული შეთანხმება, იგი სემეკის ზემოხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება (სუსგ №ას-1174-1104-2015).
24. „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის №15 დადგენილებით 2014 წლის 01 იანვრიდან დადგინდა ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასურის გაანგარიშების სპეციალური ფორმულა (წესი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს მისი ქსელით სარგებლობისთვის თმენის კომპენსაციას 2014 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისთვის - 2017 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 26 მაისამდე, შესაბამისად ასანაზღაურებელი თანხა, უნდა გამოანგარიშდეს ხსენებული დადგენილების მიხედვით.
25. სემეკის №15 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბ/გაზის გატარების საფასურის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:
P=(A*K)/(S)
სადაც,
P- გატარების ფასი (ლარი/მ3;)
A- გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება (ლარი);
K- მისაღები შემოსავლის ნორმა გატარებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულებასთან მიმართებაში, რომელიც ტოლია 0.2-ის;
S - ქსელის მფლობელის ბ/გაზის მილსადენის წლიური მაქსიმალური გამტარუნარიანობა (მ3);
ხსენებული ფორმულის შესაბამისად:
A=4000 ათას ლარს (გატარების მომსახურებაში მონაწილე აქტივების ბაზის ღირებულება, რომლის განსხვავებული ღირებულების დამდგნი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის);
K = 0.2;
S = 77478 (გატარებული ბ/აირის თვიური მოცულობა) * 12 (თვე) = 929736 მ3;
P = (4000*0,2) /929736 = 0.00086 (ლარი);
სემეკის № 15 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქსელის მფლობელის მიერ გაწეული გატარების მომსახურების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით - R=P*W;
სადაც,
R - ქსელის მფლობელისათვის საანგარიშო პერიოდში გატარების მომსახურებისათვის გადახდილი გატარების საფასური (ლარი, დღგს გარეშე);
P - გაანგარიშებული გატარების ფასი (ლარი/მ3);
W - ქსელის მფლობელის მიერ საანგარიშო პერიოდში გატარებული ბ/გაზის რაოდენობა (მ3);
P=0.00086 (ლარი)
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სემეკის №15 დადგენილების საფუძველზე, სათანადო ფორმულის (R=P*W) საფუძველზე ნაწარმოები არითმეტიკული გაანგარიშების შედეგად (0,00086X929736:12=66,63), ბუნებრივი გაზის გატარების ერთი თვის საფასური შეადგენს 66,63 ლარს, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ბუნებრივი გაზის გატარების საფასურს - 2017 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 26 მაისამდე ანუ 3 თვის (66,63X3=199,89 ლარი) და 26 დღის (66.63:31=2,15; 2,15X26=55,88 ლარი) პერიოდისთვის, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 255,77 (199,89 +55,88) ლარის გადახდა.
27. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სულ - 536 (236+300) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ყ-თ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ს-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ყ-თ-სს“ შპს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 255,77 ლარის გადახდა;
5. შპს „ს-ს“ შპს შპს „ყ. თ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 536 (236+300) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე