Facebook Twitter

20 აპრილი, 2022 წელი

საქმე №ას-365 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - გ. და ა. გ-ბი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - ჟ. ჯ-ძე, ბ. ც-ლი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და ა. გ-ეები (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ჟ. ჯ-ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ბ. ც-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ თბილისში, .... #...-ში მდებარე 358 კვ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან საზიარო საგანი), მიწის ნაკვეთზე ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორების აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორების მტკიცებით, საერთო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობები როგორც ფაქტობრივად, ასევე - სამართლებრივად გამიჯნულია და აქვს ცალ-ცალკე საკადასტრო კოდი, შესაბამისად, საზიარო უფლების გაუქმებით არც მესაკუთრეთა უფლება ილახება და არც მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ მცირდება.

2.1. გარდა ამისა, კასატორებმა დამატებით წარმოადგინეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 4 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებსს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. მხარეები თბილისში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. მ. შ-ის ქუჩა #...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მათი საკუთრების უფლება, კერძოდ;

5.4. 114,97 კვ.მ საცხოვრებელი და დამხმარე ფართი, ს/კ-ით #..., 2011 წლის 17 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მოსარჩელის საკუთრებაა.

5.5. 139,64 კვ.მ საცხოვრებელი და დამხმარე ფართი, ს/კ-ით #..., 2011 წლის 29 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე მოსარჩელის საკუთრებაა.

5.6. 93 კვ.მ საცხოვრებელი/დამხმარე ფართი და თანასაკუთრებაში არსებული 4 კვ.მ ტუალეტი, ს/კ-ით #..., პირველი მოპასუხის საკუთრებაა.

5.7. 127,87 კვ.მ საცხოვრებელი და დამხმარე ფართი, ს/კ-ით #..., მეორე მოპასუხეს ეკუთვნის.

5.8. თბილისში, მ. შ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 358 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის წინა ნომერი ..) რეგისტრირებულია მხარეთა თანასაკუთრების უფლება.

5.9. შპს „ჯ-ლ-ის“ 2018 წლის 10 იანვრის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მიხედვით, განსაზღვრულია მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული 358 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყოფის შესაძლებლობა, კერძოდ, მოსარჩელეებისთვის 237 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ამ მიწის ნაკვეთზე შენობის პირველი სართული პირველ მოსარჩელეს, ხოლო მეორე სართული მეორე მოსარჩელეს ეკუთვნის), ხოლო მოპასუხეებისთვის 121 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ამ მიწაზე არსებული შენობა მთლიან მიწის ნაკვეთს მოიცავს, რომლის მესამე სართული პირველ მოპასუხეს, ხოლო მეოთხე სართული მეორე მოპასუხეს ეკუთვნის) მიკუთვნება.

5.10. შპს „აუდიტორული ფირმა „ს-ს“ 2018 წლის 23 აპრილის ანგარიშის მიხედვით, სულ შესაფასებლად წარდგენილი უძრავი ქონება 2018 წლის 23 აპრილის ვითარებით ღირს - 585061,50 ლარი, საიდანაც მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ცალკე მდგარი 224,87 კვ.მ ორსართულიანი შენობის ღირებულება 274386,37 ლარია. შესაძლებელია ამ შენობის გამიჯვნა, რომელსაც ცალკე შესასვლელი აქვს ქუჩიდან და არ შეცვლის 358 კვ.მ მიწის ფართზე მდებარე 479.48 კვ.მ შენობა-ნაგებობების საერთო ღირებულებას.

5.11. მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია.

6. ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, სსკ-ის 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 961.1 (თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება), 963-ე (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.

7. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების არარსებობა და, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად სწორად შეაფასა სარჩელის წარუმატებულობაც.

8. მოსარჩელეების/კასატორების მოთხოვნას წარმოადგენდა 358 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება ნივთის ნატურით გაყოფის გზით, კერძოდ, მათთვის 237 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, ხოლო მოპასუხეებისათვის 121 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მიკუთვნება, შპს „ჯ-ლ-ის“ 2018 წლის 10 იანვრის საკადასტრო ნახაზებისა და შპს „აუდიტორული ფირმა „ს-ეს“ 2018 წლის 23 აპრილის ანგარიშის შესაბამისად.

9. მოპასუხებმა სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სადავოდ გახადეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა და მიუთითეს, რომ სახლს აქვს ერთი სახურავი, ეზოში განთავსებულია დამხმარე ფართები, შესასვლელიც ერთი აქვს, რაც შეუძლებელს ხდის ნივთის გამიჯვნას.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პრეტენზიას, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს სადავო გარემოებებთან მიმართებით და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არაა დასაბუთებული, რომ კასატორებს გაზრდილი მოცულობის მიწის ნაკვეთი უნდა მიეკუთვნოთ.

11. დადგენილია, რომ მოსარჩელეები ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გახდნენ უძრავი ქონების მესაკუთრეები. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, მხარეთა ინდივიდუალურ საკუთრებას მხოლოდ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობები წარმოადგენს, თუმცა მიწის ნაკვეთის კონკრეტული წილობრივი კუთვნილება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. ასეთ ვითარებაში კი, თანამესაკუთრეთა წილების დასადგენად გამოიყენება სსკ-ის 954-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ასეთ შემთხვევაში, საკუთრების უფლებაზე გავლენას ვერ მოახდენს მხარეთა შორის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა და უპირატესობა საჯარო რეესტრში ასახულ მონაცემებს უნდა მიენიჭოს (სსკ-ის 311-ე და 312-ე მუხლები).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა/შეუძლებლობაზე დათქმას შეიცავს სსკ-ის 963-ე მუხლი, რომლის თანახმად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფის წინაპირობა მაშინ იარსებებს, როცა შესაძლებელი იქნება საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა ღირებულების შემცირების გარეშე, ხოლო, თუ ამგვარი გაყოფა შეუძლებელია, მაშინ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

12.1. ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული. ასეთი წესით საზიარო ქონების გაყოფისათვის გარკვეული წინაპირობების არსებობაა საჭირო, კერძოდ: საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ №ას-67-65-2014, 31.07.2014; №ას-1653-1550-2012, 15.04.2013; №ას-1089-1020-2012, 8.10.2012; №ას-932-875-2012, 17.09.2012; №ას-1665-1562-2012, 4.02.2013).

13. საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება, როგორც საკასაციო პალატამ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ე.ი. დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება (იხ. სუსგ: №ას-39-39-2016, 1.03.2016).

14. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით, სსკ-ის 963-ე მუხლის კონტექსტით, ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება) (შდრ. სუსგ საქმე №ას-1977-2018, 22.03.2019წ; საქმე №ას-1080-1000-2017, 27.10, 2017 წ).

15. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ თანასაკუთრების გაყოფა მის მიერ მოთხოვნილი წესით შესაძლებელია, მოსარჩელეს ეკისრებოდა. ნატურით გამიჯვნის მოთხოვნისას, სადავოობის შემთხვევაში, სასამართლო, 963-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამოწმებს გაყოფის შედეგად მიღებული საგნების ერთგვაროვნებას და ღირებულებას, რაც გაყოფის შედეგად მიღებული საგნების (მიწის ნაკვეთების) ფუნქციური დანიშნულების და მისი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობას, ასევე ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც ითვალისწინებს“ (შდრ. სუსგ №ას-661-628-20145, 30.09.2015წ).

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები საზიარო უფლების გაუქმებას ითხოვენ შპს „ჯ-ლ-ის“ 2018 წლის 10 იანვრის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებისა და შპს „აუდიტორული ფირმა „ს-ეს“ 2018 წლის 23 აპრილის ანგარიშის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მოცემული მტკიცებულებების არარელევანტურობის კუთხით, ვინაიდან, დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიში და საკადასტრო ნახაზები არ შეიცავენ ინფორმაციას საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობისა და ამგვარი დაყოფის შედეგად მათი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულების შენარჩუნების შესახებ.

17. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის უმთავრესი გარემოება: მოდავე მხარეების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების ნატურით გაუქმების შეუძლებლობა, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

18. საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებას - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 4 თებერვლის დასკვნას. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლით (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.) რეგლამენტირებული დანაწესის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ ის მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც წარდგენილია და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა სადავო მტკიცებულებები მხოლოდ საკასაციო სასამართალწარმოების ეტაპზე წარადგინეს, უზენაესი სასამართლო კი, არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ე. გ-ეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 22.03.2021წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ...., მიმღების ანგარიშის №...., სახაზინო კოდი .....

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. და ა. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ. (პ/ნ ......) და ა. (პ/ნ .....) გ-ებს დაუბრუნდეთ ე. გ-ეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 22.03.2021წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე