საქმე №ას-1168-2021 21 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი „ცეკავშირი“
მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
მ.ა–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის - „ცეკავშირის“ მიმართ, მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური და რ.ა–ძე. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 14 ნოემბრის №850, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 10 სექტემბრის №2119, ქალაქ თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 23 ივნისის №16529/005-06/6-02 და 2008 წლის 27 ივნისის №16608/005-06/6-02 ბრძანებების ბათილად ცნობა, ასევე, სამეწარმეო რეესტრში „ცეკავშირთან“ დაკავშირებით 2008 წლის 8 თებერვლამდე მდგომარეობით არსებული სარეგისტრაციო მონაცემების აღდგენა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის „ცეკავშირის“ გამგეობის მ.ა–ძის ხელმძღვანელობით დარეგისტრირების დავალება.
სარჩელის თანახმად, „ცეკავშირის“ საბჭოს 2005 წლის 10 ივნისის, 30 სექტემბრისა და 18 ნოემბრის კრებების გადაწყვეტილებებით არჩეულ იქნა გამგეობის ახალი შემადგენლობა, მათ შორის, „ცეკავშირის“ გამგეობის თავმჯდომარედ - რ.ა–ძე, რომლის უფლებამოსილებაც შეჩერდა „სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის განჩინებით. ამასთან, „ცეკავშირის“ 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით რ.ა–ძე გათავისუფლდა თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე და არჩეულ იქნა გამგეობის ახალი შემადგენლობა, მ.ა–ძის თავმჯდომარეობით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2006 წლის 7 აპრილს (მას შემდეგ, რაც რ.ა–ძის უფლებამოსილება, მისი განცხადების საფუძველზე, შეწყვეტილი იყო, ხოლო გამგეობის ახალი შემადგენლობა - არჩეული და რეგისტრირებული) თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაზეც 2008 წლის 29 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. შედეგად კი, საგადასახადო ინსპექციამ უკანონოდ გააუქმა „ცეკავშირის“ გამგეობის ახალი შემადგენლობის რეგისტრაცია და აღადგინა გამგეობის ძველი შემადგენლობის (თავმჯდომარე - რ.ა–ძე) რეგისტრაცია. აღნიშნული რეგისტრაციის კანონიერება მოსარჩელემ სადავოდ გახადა ადმინისტრაციულ ორგანოებში, რა დროსაც კვლავ შეჩერდა ახალი გამგეობის უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, გამგეობის უკანონო შემადგენლობის მიერ მოწვეულ იქნა და ჩატარდა 2008 წლის 8 მარტს საბჭოს კრება, ხოლო 2008 წლის 16 მაისს - ყრილობა, რომლებზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები მ.ა–ძის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თავმჯდომარედ რ.ა–ძის არჩევის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, გამგეობის რეგისტრაციის შესახებ სადავო ბრძანებები ეწინააღმდეგება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ.ა–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, რომლითაც მ.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა ქვედა ინსტანციის სასამართლოში.
საქმის ხელახლა განხილვის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 14 ნოემბრის №850, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 10 სექტემბრის №2119, ქალაქ თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 23 ივნისის №16529/005-06/6-02 და 2008 წლის 27 ივნისის №16608/005-06/6-02 ბრძანებები; აღდგა სამეწარმეო რეესტრში საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალურ კავშირ „ცეკავშირთან“ დაკავშირებით, 2008 წლის 8 თებერვლამდე მდგომარეობით არსებული სარეგისტრაციო მონაცემები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა „ცეკავშირის“ გამგეობის რეგისტრაციაში გატარება მ.ა–ძის ხელმძღვანელობით.
საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ 2006 წლის 10 მარტს რ.ა–ძეს მისივე განცხადების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება; ხოლო 2008 წლის 16 მაისს ყრილობის ჩატარებისას მას შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება საგადასახადო ორგანოებში მიმდინარე დავის გამო. შედეგად, სასამართლომ სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია უკანონოდ მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალურმა კავშირმა „ცეკავშირმა“, რ.ა–ძემ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, 2019 წლის 26 მარტს რ.ა–ძე გარდაიცვალა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივნისის განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის - „ცეკავშირის“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ა–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა სახელმწიფო ბაჟის საკითხი და გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალული ჰქონდა დავის საბოლოო დასრულებამდე „ცეკავშირის“ სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი რეგისტრაციის განხორციელება.
სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მოსარჩელე ასაჩივრებდა მხოლოდ რეგისტრაციის შესახებ აქტებს მაშინ, როდესაც სადავო რეგისტრაციების საფუძვლები - კრების ოქმები გასაჩივრებული არ იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება მ.ა–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლომ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები არასწორად დაადგინა და შეაფასა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ რ.ა–ძე საკუთარი განცხადების საფუძველზე იყო თანამდებობიდან გათავისუფლებული და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იქნა მ.ა–ძე არჩეული გამგეობის ახალ თავმჯდომარედ; ამდენად, არ არსებობდა რ.ა–ძის თავმჯდომარეობით გამგეობის ძველი რეგისტრაციის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი; 2008 წლის თებერვალში საბჭოს კრებისა და მაისში - ყრილობის ჩატარებისას რ.ა–ძეს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება და, ამდენად, მას არ ჰქონდა კრების მოწვევის უფლებამოსილება, შესაბამისად, ამავე კრებასა და ყრილობაზე რ.ა–ძის უფლებამოსილების აღდგენისა და მ.ა–ძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები პროცედურული დარღვევებით იქნა მიღებული; კრებისა და ყრილობის უკანონოდ ჩატარებას ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაც, რომელიც გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხს ეხებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის კანონიერება და მოსარჩელის კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარედ რეგისტრაციის დავალების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო (მარეგისტრირებელი ორგანო), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის“ (ძალადაკარგულია ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №957 ბრძანებით) მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად კი, სახელმწიფო რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების, ასევე საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების ყოველი ცვლილება საჭიროებს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას, რა მიზნითაც საწარმოს უფლებამოსილმა პირმა კანონით დადგენილი წესით (პროცედურებით) განცხადებით და თანდართული დოკუმენტებით უნდა მიმართოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით მარეგისტრირებელ ორგანოს (ცვლილების სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მიზნით გამოიცემა რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი).
ამდენად, სამეწარმეო რეესტრში ცვლილების განსახორციელებლად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ცვლილებების განმაპირობებელი დოკუმენტი, მათ შორის, როდესაც საკითხი ეხება მართვისა და კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების შემადგენლობის რეგისტრაციას, წარდგენილ უნდა იქნეს მათი არჩევის/დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საგულისხმოა, რომ კოოპერატივის შემთხვევაში, „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის „ცეკავშირის“ წესდების გათვალისწინებით, გამგეობის შემადგენლობის დასარეგისტრირებლად წარდგენილ უნდა ყოფილიყო საბჭოს კრების გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი რეგისტრაციების - „ცეკავშირის“ გამგეობის ახალი შემადგენლობის (მათ შორის, თავმჯდომარედ - რ.ა–ძის) დარეგისტრირების საფუძველი გახდა კრების ოქმები, რომლებითაც არჩეულ იქნა გამგეობის ახალი შემადგენლობა. ამრიგად, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი, რაც წარმოშობდა საგადასახადო ორგანოს ვალდებულებას, ამ დოკუმენტის შესაბამისად აღერიცხა მონაცემები მეწარმე სუბიექტის შესახებ. რაც შეეხება კრების ოქმების კანონიერებას, კრების კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვევასა და ჩატარებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელით კრების ოქმები სადავოდ არ არის ქცეული, სასამართლო კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 248-ე მუხლებიდან გამომდინარე, შებოჭილია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით და ვერ იმსჯელებს იმ აქტების კანონიერებაზე, რომლებიც დავის საგანს არ წარმოადგენს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია და არ გასაჩივრებულა სარეგისტრაციო ცვლილების განხორციელების განმაპირობებელი დოკუმენტები, მათ საფუძველზე და მათ შესაბამისად მიღებული „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს (საგულისხმოა, რომ განსახილველი საქმე სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით განსხვავდება კასატორის მიერ დასახლებული, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნასთან დაკავშირებით მიმდინარე სამოქალაქო საქმისგან, რომელშიც სასამართლოს განხილვის საგანი სწორედ გამგეობის არჩევის შესახებ კრების ოქმების კანონიერება იყო).
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა დამატებით განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, წარმოდგენილია აღიარებითი სარჩელი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე გაკეთებული განმარტება, რომ იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად მხარე უნდა იღებდეს გარკვეულ შედეგს - აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის №ას-118-2021 და 2015 წლის 1 ივლისის №ას-17-14-2015 განჩინებები). განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორი (მოსარჩელე) ითხოვს სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების ბათილად ცნობას, რათა აღდგეს 2008 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით არსებული ჩანაწერები და მ.ა–ძე აღრიცხულ იქნეს გამგეობის თავმჯდომარედ. ამრიგად, კასატორის ინტერესის, წარმოდგენილი სარჩელის მიზნისა და სასარჩელო მოთხოვნათა გათვალისწინებით, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობას მნიშვნელობა ექნებოდა, თუკი დადასტურდებოდა არა მხოლოდ მათი უკანონობა (რაც განსახილველ შემთხვევაში მაინც არ დადგენილა), არამედ მ.ა–ძის გამგეობის თავმჯდომარედ რეგისტრაციის შესაძლებლობაც.
მითითებული საკითხის შეფასებისას კი, ნიშანდობლივია „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმადაც, სამომხმარებლო კოოპერატივის მართვისა და კონტროლის ორგანოები ირჩევა 5 წლის ვადით. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის „ცეკავშირის“ წესდება, ასევე, ადგენს, რომ ცეკავშირის მართვისა და კონტროლის ორგანოების არჩევნები ტარდება ხუთ წელიწადში ერთხელ. ამრიგად, სარჩელით მოთხოვნილია ვადიან და არჩევით თანამდებობაზე აღდგენა მაშინ, როდესაც მ.ა–ძის უფლებამოსილება, სრულად განხორციელების შემთხვევაში, ჯერ კიდევ 2011 წლის 10 მარტს ამოიწურებოდა (ის არჩეულ იქნა 2006 წლის 10 მარტს). შესაბამისად, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა, რაც მისი სარჩელის ძირითად მიზანსა და ინტერესს წარმოადგენს, დღეის მდგომარეობით მიღწევადი ვერ იქნება, ვინაიდან გასულია ამ თანამდებობაზე მოსარჩელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ვადა. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ რ.ა–ძე, რომლის გამგეობის თავმჯდომარედ რეგისტრაციასაც ეხება სადავო აქტები, 2019 წელს გარდაიცვალა; მაშასადამე, თავმჯდომარის პოზიცია ვაკანტური გახდა და ის კანონმდებლობისა და „ცეკავშირის“ წესდების მოთხოვნათა დაცვით უნდა იქნეს არჩეული, რა პროცესშიც გადამწყვეტია „ცეკავშირის“ ნება და სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მ.ა–ძის თავმჯდომარედ აღდგენის უფლებამოსილებას მოკლებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;
3. მ.ა–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს მ.ა-ა–ის მიერ საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 12 ნოემბრის №11969067874 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
რ. ნადარაია