საქმე №ას-1182-2021 21 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ი.ქ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ.გ–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ზ.გ–მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ი.ქ–ის მიმართ, მოპასუხისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ზ.გ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ.გ–მა საჩივრით გაასაჩივრა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობაზე, კერძოდ, მისი წარმომადგენლის ავადმყოფობაზე. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მეორე წარმომადგენელი ვერ განახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რადგან საჯარო მოსამსახურე გახდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ.გ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი.ქ–ს ზ.გ–ის სასარგებლოდ 100000 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება ი.ქ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით ი.ქ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ქ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოდ გაუქმდა, ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. გარდა ამისა, მოსარჩელეს მეორე წარმომადგენელიც ჰყავდა, რომლის საჯარო სამსახურში მუშაობაც არ უნდა განხილულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ სადავო 100000 ლარი დაფარული აქვს, რასაც მის მიერ ნაწარმოები ე.წ. „შავი ჩანაწერებიც“ ადასტურებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ი.ქ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თანხის დაკისრების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. იმავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო მიზეზად კი, კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 13 ივნისს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თუმცა როგორც საქმეში წარმოდგენილი „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ ცნობით დასტურდება, 2019 წლის 11 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით მოსარჩელის წარმომადგენელი - გ.მ–ი იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე, დიაგნოზით - ჰიპერტონიული კრიზი, ჰქონდა წოლითი რეჟიმი და არ შეეძლო სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. ამდენად, დადასტურებულია მოსარჩელის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, მხარეს კი, „თუკი მას ჰყავს წარმომადგენელი, დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აქვს კეთილსინდისიერი მოლოდინი რწმუნებულის მხრიდან მისი უფლებების კვალიფიციურად დაცვისა, შესაბამისად, რწმუნებულის საპატიოდ გამოცხადების შეუძლებლობა არ შეიძლება მხარეს შეერაცხოს ბრალად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის №ას-28-2021 განჩინება).
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელეს მეორე წარმომადგენელიც ჰყავდა, დადგენილია, რომ ნ.ო–ძე 2019 წლის 13 ივნისისთვის საჯარო მოსამსახურე იყო, რის გამოც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის წარმომადგენლობას ვეღარ გააგრძელებდა. ხსენებული გარემოების თაობაზე სასამართლოსთვის, ასევე, იყო ცნობილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების უკანონობის თაობაზე.
რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილების - თანხის დაკისრების მართლზომიერებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 867-ე მუხლის მიხედვით კი, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
იმავე კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, 905-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ამრიგად, თავდებზე მოთხოვნის გადასვლისთვის აუცილებელია დადასტურდეს ძირითადი და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა და კრედიტორის მოთხოვნის სწორედ თავდების მიერ დაკმაყოფილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი.ქ–მა 2013 წლის 23 აგვისტოს ბანკისგან 1 წლის ვადით აიღო სესხი 100000 ლარის ოდენობით. ზ.გ–ი კი წარმოადგენდა თავდებს.
დადგენილია, რომ სესხი ი.ქ–მა ვერ დააბრუნა.
საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ ზ.გ–მა 2014 წლის 29 აგვისტოს ბანკისგან აიღო სესხი 300000 ლარის ოდენობით, სხვა სესხების რეფინანსირების მიზნით, მათ შორის, ხელშეკრულებაში მითითებულია სესხის ი.ქ–თან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების მიზნით გაცემის თაობაზე.
იმავე დღეს ზ.გ–მა ი.ქ–ს, სესხის დაფარვის მიზნით, გადაურიცხა 100000 ლარი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ მოსარჩელემ, თავდებობის ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, როგორც სოლიდარულმა მოვალემ, მოპასუხის ნაცვლად გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც მასზე გადავიდა მოპასუხისადმი 100000 ლარის მოთხოვნის უფლება.
რაც შეეხება კასატორის მითითებას ვალდებულებების შესრულებასა და ე.წ. „შავ ჩანაწერებზე“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საგულისხმოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის გათვალისწინებით, „მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 განჩინება). ამდენად, ე.წ. „შავი ჩანაწერები“ ვერ იქნება განხილული სასესხო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად, სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა კი კასატორმა ვერ უზრუნველყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში კი, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის 30%-ის - 1500 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ქ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება;
3. კასატორს - ი.ქ–ს (პ/ნ ....) დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1500 ლარის ოდენობით, შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე