საქმე №ას-1238-2021 21 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ფ.ე–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ღ–ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ნ.ღ–ძემ 2018 წლის 27 აპრილს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ფ.ე–ძის მიმართ, მოპასუხისთვის გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის - 18 380 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ღ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.ღ–ძემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ღ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ღ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ფ.ე–ძეს ნ.ღ–ძის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ფ.ე–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან ოქროს სამკაულების შეძენის ფაქტი. მართალია, საქმეში წარმოდგენილ გამოკითხვის ოქმებში მითითებულია ფ.ე–ძის მიერ ოქროს სამკაულების შეძენის შესახებ, მაგრამ ხსენებული ნივთების საფასური მას უკვე გადახდილი აქვს. სოციალურ ქსელში განხორციელებულ მიმოწერასთან დაკავშირებით კი, კასატორი მიუთითებს, რომ მას არ გაუგზავნია დასახელებული შეტყობინებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ფ.ე–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა და მისი შეუსრულებლობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამასთან, სადავოობისას, ნასყიდობის ხელშეკრულების „დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი, ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას, ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას. აღნიშნულ დასკვნას აძლიერებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიც [კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი], რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის №ას-773-773-2018 განჩინება).
სადავო შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურების შეფასების კუთხით, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებების, საქმეში წარდგენილი პოლიციის გამოკითხვის ოქმებისა და სოციალურ ქსელში მხარეთა პირადი მიმოწერის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმის შესწავლის შედეგად, დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულების შეძენის ფაქტი, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტებში კასატორი და მისი მეუღლე ადასტურებდნენ ხსენებულ გარემოებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სოციალურ ქსელში გაგზავნილი შეტყობინების ავტორი ის არ ყოფილა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. სადავო შემთხვევაში კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში კასატორს (მოპასუხეს) სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერის სარწმუნოობა სათანადო წესით სადავოდ არ გაუხდია; სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ აღნიშნა, რომ შეტყობინებები ვალდებულებების არსებობას არ ადასტურებს და რომ ყველა მათგანი ფ.ე–ძის გაგზავნილი არ არის, თუმცა ზოგადად მიმოწერის მხარეთა შორის არსებობა სადავოდ არ გაუხდია.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების დეტალურად შესწავლისა და შეფასების შედეგად, დაადგინა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა და კასატორს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება ნასყიდობის საფასურის გამყიდველისთვის გადაცემას, კასატორმა (მყიდველმა) ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი - ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მაშასადამე, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის საფასურის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ.ე–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. ფ.ე–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ჭ–ძის (პ/ნ ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის (საგადახდო დავალება №12106292101, გადახდის თარიღი 02.12.2021წ.) 70% - 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე