Facebook Twitter

საქმე №ას-1260-2021 21 აპრილი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სს „ს.კ.ე.ჯ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ.ლ–ი

დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

კ.ლ–მა 2019 წლის 12 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ მიმართ, მოპასუხისთვის 12000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით კ.ლ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ კ.ლ–ის სასარგებლოდ 12000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანიამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სადაზღვევო კომპანიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო დანაწესებიდან გამომდინარე, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ ანაზღაურდებოდა მექანიზმებისა და ელექტრომოწყობილობების გაფუჭებით, მწყობრიდან გამოსვლით, გატეხით გამოწვეული ხარჯები.

კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლომ 12000 აშშ დოლარის გადახდა არასწორად დააკისრა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ლარში იყო დაანგარიშებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს სადაზღვევო რისკის განსაზღვრას.

საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ თავად ხელშეკრულება შეიცავდეს საგამონაკლისო დათქმებს, ასეთ დროს, „ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის №ას-1147-1067-2017 განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ 2019 წლის 23 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც კ.ლ–მა (დამზღვევმა) სს „ს.კ.ე.ჯ–ასთან“ (მზღვეველთან) ყოველგვარი დაფარული რისკებისგან, აგრეთვე, მესამე პირების მიმართ შესაძლო პასუხისმგებლობისგან დააზღვია კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

დადგენილია, რომ დაზღვევის პოლისის მიხედვით, ზიანი დაზღვეული იყო შემდეგი რისკების განვითარებისას: ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; საგნების ვარდნა, გაურკვეველ ვითარებაში დაზიანება, სტიქიური უბედურებები (მიწისძვრის და სეტყვის ჩათვლით). ამასთან, მხარეებმა საგამონაკლისო შემთხვევებიც გაითვალისწინეს, მათ შორის, ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა მექანიზმებისა და ელექტრომოწყობილობების გაფუჭებით, მწყობრიდან გამოსვლით, გატეხით გამოწვეული ხარჯები.

დადგენილია, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა (განადგურდა).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 30 ივნისის დასკვნის თანახმად, ხანძრის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდა საწვავის სისტემიდან გამოჟონილი ნაკადის კონტაქტი ცხელ ზედაპირთან (გამონაბოლქვი აირების შემკრები მილი) ან რაიმე სახის ნაპერწკალთან. ექსპერტის განმარტებით, რაიმე სახის ტექნიკური გაუმართაობა მძღოლისათვის შესამჩნევი ვერ იქნებოდა და დაზიანების ადგილის გათვალისწინებით, მისი აღმოჩენა მხოლოდ მანქანის მთელი რიგი დეტალების სრულად დაშლის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

ამრიგად, საქმეზე უდავოდ დადგენილია სადაზღვევო შემთხვევის - ხანძრის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალების განადგურება, რაც არ ყოფილა გამოწვეული დამზღვევის ბრალით. მაშასადამე, მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის არგუმენტს საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის თაობაზე, რადგან მოსარჩელე არ ითხოვს მექანიზმებისა და ელექტრომოწყობილობების გაფუჭების შედეგად გამოწვეული ფინანსური ხარჯის ანაზღაურებას.

რაც შეეხება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ამასთან, იმავე კოდექსის 821-ე მუხლიდან გამომდინარე, ზიანი სწორედ სადაზღვევო თანხის ფარგლებში ანაზღაურდება.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.

სადავო შემთხვევაში, სადაზღვევო თანხა 12000 აშშ დოლარით განისაზღვრა და ნივთის სრულად განადგურების პირობებში სწორედ ეს თანხა ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. სარჩელითაც 12000 აშშ დოლარის ანაზღაურება იქნა მოთხოვნილი. ამდენად, სასამართლოებმა მართებულად დააკისრეს მოპასუხეს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობის თანხის გადახდა და არ დაურღვევიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესი - არ მიუკუთვნებიათ მოსარჩელისთვის მოთხოვნილზე მეტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1860,24 ლარის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 13.12.2021წ.) 70% - 1302,17 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე