Facebook Twitter

3გ-ად-17-გ-03 11 ივნისი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სსკ-ს 408 მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატასა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატასა შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 26 აპრილს გ. კ.-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე სანოტარო ბიურო “ე. მ.-ის" მიმართ და ნოტარიუსის მიერ 2002წ. 17 იანვარს რეგისტრირებული სანოტარო აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო მისმა წარმომადგენელმა თ. გ.-მა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის წარმომადგენლის დახმარებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება 1200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 17 იანვარს ნოტარიუს ე. მ.-ის მიერ რეგისტრირებული აქტი, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული. მოპასუხე სანოტარო ბიურო “ე. მ.-ს" დაეკისრა მოსარჩელის წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება 1200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სანოტარო ბიურო “ე. მ.-ის" მიერ სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესაბამისად განსახილველად იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცა იმ საფუძვლით, რომ “ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ნოტარიუსი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურებას, ანუ ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, ადმინისტრაციული აქტია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრებას საქმის განსჯადობით გადმოცემის შესახებ და საქმე საკითხის გადასაწყვეტად ზემდგომ _ საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა შემდეგ გარემოებათა გამო:

ვინაიდან გ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნას სანოტარო მოქმედების ბათილად ცნობა წარმოადგენს, მითითებული დავის საგანი არ არის ადმინისტრაციული, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კიდევ უფრო დაკონკრეტებულია თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. სანოტარო მოქმედების ბათილად ცნობა კი ადმინისტრაციული დავის საგანი არ არის, ისევე როგორც სანოტარო ბიურო “ე. მ.-ე" არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული დავის საგანს სანოტარო მოქმედების ბათილობა არ შეესაბამება იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი არც ადმინისტრაციულ აქტს და არც ადმინისტრაციულ გარიგებას არ განეკუთვნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

“ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის თანახმად, სხვა სახელმწიფოებში გაცემულ დოკუმენტებს ნოტარიუსი ამოწმებს, თუ ისინი ლეგალიზებულია კანონმდებლობასთან დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად ნოტარიუსი უარს ამბობს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები არ შეესაბამება დაწესებულ მოთხოვნებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნოტარიუსმა ე. მ.-მ დაამოწმა ს. თ.-ის მიერ გ. ყ.-ზე გაცემული მინდობილობა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, როგორც “უ."-ის წარმომადგენელი. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული არ ყოფილა, რაც ნოტარიუსმა არ შეამოწმა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსი სამოქალაქო-სამართლებრივი ბრუნვის სტაბილურობას ემსახურება და მისი მოქმედების სამართლებრივი შინაარსი დეტერმინირებულია უფლების წარმომქმნელი დოკუმენტაციით. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებისას ადგილი აქვს საჯარო ფუნქციების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ნოტარიუსის ქმედებას და მიიჩნევს, რომ იგი უფლებამოსილების გადამეტებით, უკანონოდ მოქმედებდა.

საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგნის კონკრეტულ ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც არ არის ამომწურავი. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, “საჯარო სამართლის იურიდიული პირი” (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ასრულებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კონკრეტული დავა, მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სფეროში არ ჯდება, მაგრამ იგი ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რაც გამორიცხავს მის სამოქალაქო- სამართლებრივ დავად მიჩნევას. მითუმეტეს, რომ დავა ნოტარიუსის იმ მოქმედების კანონიერებას ეხება, რომელიც საჯარო ფუნქციების განხორციელებასთანაა დაკავშირებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა დაექვემდებაროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მეორე მუხლებით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სანოტარო ბიურო “ე. მ.-ის" სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება