საქმე №ას-1268-2021 21 აპრილი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სს „ს.კ.უ–ნი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.გ–ძე
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
გ.გ–ძემ 2019 წლის 14 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „ს.კ.უ–ნის“ მიმართ, მოპასუხისთვის 14500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.გ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს „ს.კ.უ–ნს“ გ.გ–ძის სასარგებლოდ 13775 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანიამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სს „ს.კ.უ–ნის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სადაზღვევო კომპანიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგან გამოწვეულია დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით.
კასატორი, ასევე, სადავოდ ხდის მოთხოვნილი თანხის ოდენობას და აღნიშნავს, რომ ზიანის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაზიანებული მანქანის აღდგენის შესაძლებლობა და მისი ბუნებრივი ცვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „ს.კ.უ–ნის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. იმავე კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს სადაზღვევო რისკის განსაზღვრას. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ გ.გ–ძესა (დამზღვევი) და სს „ს.კ.უ–ნს“ (მზღვეველი) შორის 2019 წლის 2 მაისს, ერთი წლის ვადით, დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც, სხვა რისკებთან ერთად, დაზღვეულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევაც.
საქმეზე, ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ 2019 წლის 12 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომანქანა დაზიანდა.
კასატორი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარს ამბობს მოსარჩელის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითებით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელის მარტივი გაუფრთხილებლობით მოქმედების დადასტურებაზეა დამოკიდებული. „მარტივ გაუფრთხილებლობად კი შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის №ას-1479-2019 განჩინება).
სადავო შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატამ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად და ერთობლივად შეფასების შედეგად, დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას გ.გ–ძე მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით, ფხიზელ მდგომარეობაში. საპატრულო პოლიციამ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მანევრირების წესების დაუცველობისთვის შეუდგინა. ამასთან, მოსარჩელე პოლიციელებისთვის მიცემულ განმარტებებსა და საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, მიუთითებდა, რომ მანქანით მოძრაობისას მოუწია სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს გადასვლა სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად. ამდენად, მოსარჩელის ფხიზელ მდგომარეობაში და დასაშვები სიჩქარით მოძრაობის, მანევრირების წესების დარღვევის ხარისხისა და სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოქმედების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე მოქმედებდა მარტივი გაუფრთხილებლობით, რაც სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნება განხილული. ამდენად, არსებობდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების წინაპირობა.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ამასთან, იმავე კოდექსის 821-ე მუხლიდან გამომდინარე, ზიანი სწორედ სადაზღვევო თანხის ფარგლებში ანაზღაურდება.
სადავო შემთხვევაში, ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო თანხა შეადგენდა 8000 აშშ დოლარს; სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა კი განისაზღვრებოდა სადაზღვევო თანხის ფარგლებში, ფრანშიზისა და ცვეთის გათვალისწინებით.
საგულისხმოა, რომ დამდგარი ზიანის ოდენობის განსასაზღვრად მხარეებმა წარმოადგინეს ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, კერძოდ, კასატორის (მოპასუხის) მიერ წარმოდგენილი, შპს „პ.მ.ჯ–ას“ 2019 წლის 4 ივნისის ინვოისის მიხედვით, ზიანის ოდენობა, დაზიანებული ავტონაწილების ღირებულებებისა და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებების გათვალისწინებით, შეადგენს 6035 ლარს, ხოლო 2019 წლის 17 ივნისის ინვოისის მიხედვით - 7988 ლარს.
გ.გ–ძის მიერ წარმოდგენილი, შპს „ტ–ის“ 2019 წლის 19 ივნისის ინვოისის მიხედვით კი, დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი ღირებულება შეადგენს 41798,43 ლარს, ხოლო შპს „შ–ას“ 2019 წლის 20 ივნისის ინვოისის მიხედვით - 18620 ლარს.
საქმეში მოსარჩელის მიერ, ასევე, წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1 აგვისტოს დასკვნა, რომლის შესაბამისადაც, ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობისა და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, მატერიალური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის. დასკვნის თანახმად, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ, შეადგენს 14500 ლარს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების არსებობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული წესით - ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სრულად შეისწავლა და ერთმანეთს შეადარა მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და სათანადოდ შეაფასა მათი სარწმუნოობა. სააპელაციო პალატამ მართებულად არ იხელმძღვანელა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ინვოისებში დაფიქსირებული ღირებულებით, ვინაიდან ინვოისებში არ იყო ასახული ავტომანქანის ყველა დაზიანებული დეტალი. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შინაარსისა და გამოკვლევის მეთოდის გათვალისწინებით, ვინაიდან ზიანის ოდენობა გამოთვლილი იყო ავტომანქანის საბაზრო ღირებულებასა და ნარჩენ ღირებულებას შორის სხვაობით, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ხსენებული დასკვნის შესაბამისად უნდა დადგენილიყო ზიანის ოდენობა. ამდენად, სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეისწავლა და შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც განსაზღვრა ზიანის ოდენობა. ამასთანავე, ვინაიდან ავტომანქანის საბაზრო ღირებულება განსაზღვრული იყო ავტოსაგზაო შემთხვევამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ არ ყოფილა გათვალისწინებული ბუნებრივი ცვეთა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.უ–ნის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;
3. სს „ს.კ.უ–ნს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 710 ლარის (საგადახდო დავალება №4353833, გადახდის თარიღი 02.11.2021წ.) 70% - 497 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე