Facebook Twitter

საქმე №ას-486 -2020 23 მარტი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. ქ-ლი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „რ-ი+“, სს „ ….’’(მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. ქ-ლი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასქმებული) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „რ-ი+“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მიმწოდებელი) და სს „...“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, შემსყიდველი ან ბანკი) წინააღმდეგ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, თავდაპირველად სარჩელი სასამართლოში 2018 წლის 20 სექტემბერს წარადგინა, რომელიც იმავე წლის 8 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში არ იქნა მიღებული, 2018 წლის 23 ოქტომბერს კვლავ წარადგინა სარჩელი, თუმცა იმავე წლის 8 ნოემბრის განჩინებით უარი ეთქვა მის წარმოებაში მიღებაზე, შესაბამისად, სასამართლოსთვის ცნობილი იყო სასარჩელო ხანდაზმულობის შეწყვეტის შესახებ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. პირველი მოპასუხე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 29 იანვარს. იგი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული იურიდიული პირია და სააგენტოსთან გაფორმებული ავტორიზაციის ფარგლებში უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე, მინიჭებული აქვს უწყების ერთიან მონაცემთა ბაზაში შესვლის ინდივიდუალური ნებართვა.

5.4. მეორე მოპასუხე ... ... მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირია, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით საბანკო საქმიანობას წარმართავს, კერძოდ, გასცემს სამომხმარებლო, იპოთეკურ და არაუზრუნველყოფილ კრედიტებს.

5.4.1. მეორე მოპასუხე საჯარო რეესტრის ავტორიზებული პირი არ არის და, მიუხედავად საჭიროებისა, საჯარო რეესტრის წარმოებასა ან/და ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება, შესაბამისად, უწყების ერთიან მონაცემთა ბაზაში შესვლის უფლებაც არ აქვს, რის გამოც, 2014 წლიდან დღემდე ერთწლიანი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, პირველი მოპასუხის მომსახურებით სარგებლობს.

5.5. 2017 წლის 29 დეკემბერს მოპასუხეებს შორის მომსახურების ხელშეკრულება დაიდო, რომლის ფარგლებში მიმწოდებელმა/პირველმა მოპასუხემ, როგორც ავტორიზებულმა პირმა, დელეგირებული საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ, იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო შემსყიდველის/მეორე მოპასუხის, როგორც დაინტერესებული ან მესამე პირის განცხადების წარდგენის ხელმისაწვდომობა ელექტრონულ რეესტრზე.

5.5.1. მიმწოდებელი, როგორც ავტორიზებული პირი, დელეგირებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, შემსყიდველის ფილიალსა ან/და სერვისცენტრებში საკუთარ წარმომადგენელს განათავსებდა (იხ. შეთანხმების 3.2.1 პუნქტი).

5.5.2. შეთანხმების მიხედვით, შემსყიდველმა მიმწოდებლის წარმომადგენლისთვის სამუშაო პირობებით, მათ შორის - მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობებითა (კომპიუტერით, ავეჯით, საკანცელარიო ნივთებით) და საკომუნიკაციო საშუალებებით (სატელეფონო და ინტერნეტ კავშირებით) უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრა (იხ. შეთანხმების 3.2.2 პუნქტი).

5.6. შეთანხმების მოქმედების პერიოდში მომსახურების საფასური ერთჯერადად - 6900 (5500 ლარი ... პროგრამის, 1100 ლარი გირავნობა/ლიზინგის პროგრამის, 300 ლარი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა) ლარს შეადგენდა. ამასთან, შემსყიდველი მიმწოდებელს შემსყიდველის ტერიტორიაზე განთავსებული თითოეული თანამშრომლისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიხედვით, ყოველთვიურად ფიქსირებულ 500 ლარსა და 10 ლარს უხდიდა.

5.7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 29 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

5.8. 2014 წლის 1 თებერვალს პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე პირველი მოპასუხის ავტორიზებულ პირად დაინიშნა.

5.8.1. დასაქმებულმა დაკისრებული სამუშაოს იმ რეჟიმით, მოცულობითა და გრაფიკით შესრულების ვალდებულება იკისრა, რაც შეთანხმებით, ბრძანებითა და შინაგანაწესით განისაზღვრა.

5.8.2. მხარეები შეთანხმდნენ შრომის ანაზღაურებაზე, კერძოდ, სამ თვეში ერთხელ დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე თვეში 10 ლარის გადარიცხვაზე.

5.8.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 30 დეკემბრამდე განისაზღვრა, ხოლო, თუ ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე მხარეები არ განაცხადებენ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ავტომატურად, ერთი წლით გაგრძელდებოდა.

5.8.4. დასაქმებულის მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისას, ხელშეკრულების პირობების, შინაგანაწესისა და პროცედურების უგულებელყოფისას, დასაქმებული უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ხელშეკრულება.

5.9. 2014 წლის 6 ივნისს მეორე მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შემსრულებელი დამკვეთს გაუწევდა მომსახურებას, ხოლო ბანკი შემსრულებელს შეთანხმებულ საზღაურს გადაუხდიდა.

5.9.1. ბანკის დავალების საფუძველზე, შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, გაეწია ბანკის კლიენტებისთვის საინფორმაციო – საკონსულტაციო მომსახურება, საჯარო რეესტრის რეგისტრაციის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით და წარდგენილი დოკუმენტები მიეღო საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მიზნით.

5.9.2. შეთანხმება ძალაში იყო ხელმოწერის დღიდან და ძალაში შესვლიდან მის შეწყვეტამდე მოქმედებდა. შემსრულებლის 3 დღით ადრე გაფრთხილების საფუძველზე, ბანკი უფლებამოსილი იყო, ნებისმიერ დროს შეეწყვიტა ხელშეკრულება.

5.9.3. მხარეთა შეთანხმებით, ნებისმიერი სახის საზღაური, ქონება ან სხვა სახის მატერიალური ფასეულობა, რომელსაც ბანკი გადასცემდა უშუალოდ შემსრულებელს ან გამოიყენებდა შემსრულებლის ინტერესებისათვის, საგადასახადო კოდექსის თანახმად, ექვემდებარებოდა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

5.9.4. მხარეთა შეთანხმებით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, გაწეული მომსახურების ყოველთვიური ანაზღაურება - 1058 ლარს შეადგენდა, რომელიც ანაზღაურდებოდა არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს, სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე.

5.9.5. ხელშეკრულებით განისაზღვრა შემსრულებლის მოვალეობა, შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია ბანკის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ბანკის მიერ დადგენილ სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის, 09:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით, 13:00 სთ–დან 14:00 სთ–მდე ერთსაათიანი შესვენების უფლებით.

5.10. 2015 წლიდან ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკში დასაქმებულებსა და მისი ოჯახის წევრებს სადაზღვევო მომსახურებას სს „ა-ი დაზღვევა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადაზღვევო კომპანია) უწევდა.

5.10.1. ბანკის მიერ წარდგენილ დაზღვეულ პირთა სიაში მოსარჩელე არ ფიქსირდება.

5.11. სადაზღვევო კომპანიასა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 1 მაისს ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დამზღვევს სადაზღვევო პრემია - 660 ლარი, განვადებით, თორმეტჯერ, თვეში 55 ლარი უნდა გადაეხადა არაუგვიანეს ყოველი თვის 27 რიცხვისა, ბანკში გახსნილი მზღვევლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით. მოსარჩელემ ვალდებულება სრულად შეასრულა.

5.12. 2018 წლის 20 აგვისტოს პირველმა მოპასუხემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა იმავე წლის 20 აგვისტოდან მოსარჩელისთვის მინდობილობისა და სააგენტოს ელექტრონულ სისტემაზე წვდომის შეწყვეტის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა.

5.13. 2018 წლის 15 აგვისტოს მეორე მოპასუხემ იმავე წლის 20 აგვისტოდან მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა მოსარჩელეს.

5.13.1. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ურთიერთშეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.

5.14. 2018 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა მეორე მოპასუხეს.

5.15. 2018 წლის 23 აგვისტოს საპასუხო წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ის ბანკის თანამშრომელი არ იყო, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმდა არა შრომითი, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც შეთანხმებით გათვალისწინებული წესის დაცვით შეწყდა. ბანკი არ იყო ვალდებული, კონკრეტული მიზეზების გათვალისწინებით მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა დაესაბუთებინა. მათთან არც მოსარჩელის პირადი საქმე გახსნილა და არც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გამოცემულა.

5.16. 2018 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა პირველ მოპასუხეს.

5.17. მოსარჩელეს შეტყობინება/განმარტება არ მიუღია.

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის (უფლებრივი რესტიტუცია), იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას არსებული რედაქცია), ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები. თუმცა, სარჩელის წარუმატებლობას მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა განაპირობებს (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, სსკ-ის 144.1 მუხლი).

7. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არსებობდა მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, სარჩელი ხანდაზმული იყო. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს პირველმა მოპასუხემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა იმავე წლის 20 აგვისტოდან მოსარჩელისთვის მინდობილობისა და სააგენტოს ელექტრონულ სისტემაზე წვდომის შეწყვეტის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა და მითითებული თარიღიდან მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება აეკრძალა. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა პირველ მოპასუხეს, რაზეც მოსარჩელეს პასუხი (შეტყობინება/განმარტება) არ მიუღია. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა მოქმედებდა 2018 წლის 6 სექტემბრიდან იმავე წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი 2018 წლის 20 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა.

8. სშკ-ს 38.4 (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას არსებული რედაქცია) მუხლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მე-7 ნაწილის თანახმად კი, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდალური დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. ამდენად, კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა სპეციალური - 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (შდრ.სუსგ. #ას-11-11-2018, 04.03 2019წ; #ას-1418-2018, 13.12.2019წ).

9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულმა გაუშვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების 30 - დღიანი ვადა, რამაც სარჩელის ხანდაზმულობა განაპირობა. პალატა განმარტავს, რომ, სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ). ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთთან თანხვდენილია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. შრომის კოდექსი უფლების რეალიზაციის ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (შდრ. სუსგ. #ას-1298-1218-2015, 15.03.2016წ; #ას-905-871-2016, 02.11.2016წ; 2021 წლის 20 მაისის #ას-790-2020, 20.05.2021წ; #ას-920-2021, 27.10.2021წ).

10. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი, გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ლი და ი. ხ-ვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც, შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).

12. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას, რომ სასამართლოსთვის ცნობილი იყო ხანდაზმულობის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან, თავდაპირველად სარჩელი სასამართლოში 2018 წლის 20 სექტემბერს წარადგინა, რომელიც იმავე წლის 8 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში არ იქნა მიღებული, 2018 წლის 23 ოქტომბერს კვლავ წარადგინა სარჩელი, თუმცა იმავე წლის 8 ნოემბრის განჩინებით უარი ეთქვა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს. შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია რა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. მოსარჩელეს კი, ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).

12.1. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით უარყო სარჩელი, მოსარჩელეს კი, საქმის მომზადების ეტაპზე ამ გარემოების გასაქარწყლებლად მტკიცებულება (სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება) არ წარუდგენია და სასამართლო მთავარ სხდომაზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, შესაბამისად, ვლინდებოდა მისი ხანდაზმულად მიჩნევისა და ამ მოტივით სარჩელის უარყოფის საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხანდაზმულობის საკითხის შეფასების თაობაზე დასაბუთებულია, ხოლო, კასატორის მითითებული პრეტენზია უსაფუძვლო.

13. საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს კასატორის მიერ სააპელაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს - სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის განჩინებებს. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლით (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.) რეგლამენტირებული დანაწესის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს მხოლოდ ის მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მიღებულია და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას. როგორც მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, კასატორს არც შესაგებელში და არც საქმის მომზადების დასრულებამდე, სასამართლოსთვის არ მიუთითებია შესაბამის მტკიცებულებებზე. სსსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს. გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო მტკიცებულებები მხოლოდ სააპელაციო სასამართალწარმოების ეტაპზე წარადგინა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 380-ე მუხლის დანაწესის შესატყვისად, სწორად არ მიიღო და არ შეაფასა ეს მტკიცებულებები.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #..., გადახდის თარიღი 10.04.2020წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ქ. ქ-ლს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #..., გადახდის თარიღი 10.04.2020წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ....;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე