საქმე №ას-1249-2021 16 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ლ. კ-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. პ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2017 წლის 25 სექტემბერს მ. პ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ლ. კ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ საადვოკატო მომსახურებისა და დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე 43 370 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე განთავსებულ ფულად სახსრებს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში - 45 791 ლარის ფარგლებში და საქართველოს მთავარი პროკურატურის ანგარიშიდან - 33 700 ლარის ჩარიცხვის თაობაზე მოპასუხის მოთხოვნას. დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა დარჩეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხის მოთხოვნა კი, დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა - 6966,1 ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 და 22 ნოემბრის განჩინებები, მოპასუხის საჩივარი და განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე და მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება - 6966.1 ლარის ოდენობით, მოსარჩელემ თანხა განათავსა ანგარიშზე.
2018 წლის 22 იანვრის განჩინებით ყადაღა მოეხსნა სს "... ბანკში" მოპასუხის ანგარიშზე დადებულ თანხას მხოლოდ საარსებო მინიმუმის - 150 ლარის ფარგლებში.
7. 2018 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა დამატებით ერთ წელზე - 6966.1 ლარის ოდენობით.
8. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე მოპასუხის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რაზეც მოპასუხემ კერძო საჩივარი წარადგინა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
9. 2020 წლის 22 ივნისს მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი და მხარეებს შორის 2013 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, დამატებით იშუამდგომლა შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მიუთითა მის მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებულ ზიანზე.
10. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით, შეგებებულ მოსარჩელეს უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, რაზეც ამ უკანასკნელმა საჩივარი წარადგინა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით, უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე მოპასუხის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
12. მოპასუხემ 2020 წლის 3 აგვისტოს სასამართლოს მიმართა დაზუსტებული შეგებებული სარჩელით, ამასთან, კვლავ უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა ითხოვა.
13. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, უზრუნველყოფის გარანტიის დამატებით გამოყენებაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
14. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი ამავე სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
15. 2020 წლის 24 ნოემბერს მოპასუხემ კვლავ მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს უზრუნველყოფის გარანტიის - 6966,1 ლარის სამმაგი ოდენობის - 20 898,3 ლარის - გამოყენების თაობაზე. ამავე სასამართლოს 2020 წლის 28 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის გარანტიის დამატებით გამოყენების თაობაზე მოპასუხის მოთხოვნა.
16. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე - 11 910 ლარის გადახდა დაეკისრა; 31 460 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა; ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა, ძალაში დარჩა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანგარიშიდან მოპასუხის სასარგებლოდ თანხის ჩარიცხვის მოთხოვნაზე მხოლოდ - 11 910 ლარის ნაწილში. დანარჩენი თანხის ნაწილში (21 790 ლარი) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა, ასევე გაუქმდა ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე განთავსებულ ფულად სახსრებს საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში - 45 791 ლარის ფარგლებში.
17. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს მხარეებმა.
18. 2020 წლის 2 დეკემბერს მოპასუხემ/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ წერილობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა უზრუნველყოფის გარანტიის - 6966,1 ლარის სამმაგი ოდენობის - 20898,3 ლარის განთავსება სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განჩინება. ამავე განჩინებით მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხის 2020 წლის 2 დეკემბრის განცხადება დარჩა განუხილველად.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე მოპასუხის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე, წარმოებაში მიღების შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, კერძოდ:
23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საკითხი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე (1) მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.
24. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 57.1 მუხლის შინაარსზე (თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც სსსკ-ის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად) და განმარტავს, რომ სსსკ-ი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. მაგალითად, მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია, მიიღოს სარჩელისა და, მათ შორის, ჯერ კიდევ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც მხარემ განიცადა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. ამავე დროს, სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს და მხარეს, რომელმაც ასეთი უზრუნველყოფა მოითხოვა, თავის მხრივ, შეიძლება დააკისროს იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ. უზრუნველყოფის საპროცესო საშუალებად მიჩნეულია ფულადი ან ფასიანი ქაღალდების დადება, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით.
25. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება - 6966.1 ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის გზით. ასევე დადგენილია, რომ ამ უკანასკნელმა ეს ვალდებულება შეასრულა და თანხა განათავსა ანგარიშზე, ამდენად, მოსარჩელემ უზრუნველყო მოწინააღმდეგე მხარისათვის შესაძლო ზიანის ანაზღაურება და ამ ეტაპისთვის, დამატებითი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაც არ არსებობს.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თვალსაზრისით ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს: სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ნორმის გამოყენების განმაპირობებელი გარემოებები, პალატა მიზანშეწონილად თვლის, განმარტოს თუ რას წარმოადგენს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე განცხადების „საგანი“ და „საფუძველი“:
ა) განცხადების საგანი არის განმცხადებლის მატერიალურ-სამართლბრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის მიმართაც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად განცხადების საგანი არის მოთხოვნის შინაარსი და არა მისი მატერიალური ობიექტი;
ბ) რაც შეეხება განცხადების საფუძველს, ეს არის გარემოებები, რომელზეც მხარე ამყარებს საკუთარ მოთხოვნებს და რომელთა დადასტურებაც სწორედ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება მიზნად.
ამავდროულად, არც ერთი საპროცესო ნორმა არ უკრძალავს მოპასუხეს სასამართლოსათვის უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების მოთხოვნით განმეორებით მიმართვას, თუკი იგი მიუთითებს/დაამტკიცებს განსხვავებული საფუძვლის არსებობას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, მიიღოს და განიხილოს განცხადება.
27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 12 თებერვლის განჩინებით ლ. კ-ის განცხადება იმ მოტივით იქნა განუხილველად დატოვებული, რომ როგორც ამჟამინდელ, ისე ადრე წარდგენილ განცხადებებში მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა ერთსა და იმავე გარემოებებზე.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და საქმეში არსებულ განცხადებებსა და მასზე დართული მტკიცებულებებიდან გამომდინარე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ლი უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებისას ყველა განცხადებაში, ძირითადად იდენტური შინაარსის მქონე არგუმენტებზე აპელირებდა. ამასთან, უმნიშვნელო გრამატიკული განსხვავება წინამორბედ და ამჟამინდელ განცხადებებს შორის საკასაციო პალატის დასკვნით, არსობრივად არ ცვლის ლ. კ-ის მოთხოვნის საფუძველს.
ამდენად, სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4, 264.3-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის და 27 სექტემბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე