2 მარტი, 2022 წელი
საქმე №ას-1206 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „სადაზღვევო კომპანია …“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 20 მარტს, შპს „…“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დამზღვევი) და სს „სადაზღვევო კომპანია …“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია) შორის, დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება ან დაზღვევის ხელშეკრულება), ერთი წლის ვადით, რომელზეც გაიცა სადაზღვევო პოლისი. ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა ქ.თბილისში, … ქ. N..-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, იგივე საპარკინგე ადგილას დასაწყობებული, დამზღვევის კანონიერ სარგებლობაში არსებული ქონება - სამზარეულოს ავეჯი (შემდეგში - დაზღვეული ქონება).
2. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 207 595 ევროს ოდენობით. ხელშეკრულება და, შესაბამისად, სადაზღვევო პოლისი, ითვალისწინებდა, მათ შორის, ბუნებრივი რისკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, როგორიცაა: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, წყალდიდობა, უხვთოვლიანობა, მიწისძვრა და ა.შ.
3. ხელშეკრულების 2.16 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მიზნებისთვის, „წყალდიდობა“ წარმოადგენს წყლის გარედან შესვლას დაზღვეულ შენობაში იმ მიწის ზედაპირის დატბორვის შედეგად, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით და რაც განპირობებულია: ა). წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევით; ბ) ტაიფუნის, ციკლონის ან ქარბუქის შედეგად; გ) მდინარეების, რეზერვუარების, არხების და მსგავსი ნაგებობების დატბორვის ან ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად.
4. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის (დათქმა სტელაჟების შესახებ) 6.1 ქვეპუნქტის თანახმად, მარაგების დაზღვევის შემთხვევაში, თუ შესაბამისი სადაზღვევო პოლისით დაფარულია 2.16 (წყალდიდობა) და 2.17 (წყალგაყვანილობის სისტემების მწობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რისკები, ამ რისკებისგან დაზღვეულად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი მარაგები, რომელიც ინახება იატაკის დონიდან არანაკლებ 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე მდებარე თაროებზე ან სტელაჟებზე.
5. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018 წლის 11-12 ივნისის ღამეს, ქ.თბილისში, დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძალიან ძლიერი ნალექი. 3 საათში მოსული ნალექის რაოდენობამ შეადგინა 40 მმ. რასაც შესაძლოა გამოეწვია ნიაღვრები და ქალაქის ქუჩების დატბორვა.
6. 2018 წლის 11 ივნისის ღამეს, ავტოსადგომის შენობის პირველ და მეორე სართულებს შორის არსებული ღიობებიდან პირველ სართულზე არსებულ საპარკინგე ადგილზე, მოხდა წვიმის წყლის ჩადინება, დაიტბორა ავტოსადგომის ტერიტორია, სადაც დასაწყობებული იყო დაზღვეული ქონება (სამზარეულოს ავეჯის კომპლექტები).
7. მზღვეველმა, დამზღვევისგან, სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე შეტყობინება მიიღო ცხელი ხაზის საშუალებით, რის საფუძველზეც, 2018 წლის 12 ივნისს, … ქ. N…-ში გამოცხადდა სადაზღვევო კომპანიის ზარალების მენეჯერი მ.ს-ა და აქტი შეადგინა.
8. 2018 წლის 4 ივლისს, მოპასუხემ წერილობით უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ, ვინაიდან, დაზიანება გამოწვეული იყო წვიმის შედეგად, ხოლო წვიმა ხელშეკრულებით არ წარმოადგენდა სადაზღვევო რისკს, განცდილი ზარალი არ იყო გამოწვეული არცერთი სადაზღვევო რისკის ხდომილებით და ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
9. სასამართლოში სარჩელი აღძრა დამზღვევმა, მზღვეველის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელისათვის 159 848 ევროს დაკისრების მოთხოვნით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 159 848 ევროს გადახდა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელისათვის ზიანის გამომწვევი ისეთი გარემოება, რომელიც სადაზღვევო პოლისით დაფარული სადაზღვევო შემთხვევების რიცხვს განეკუთვნებოდა.
12.1.1. დასაწყისში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ხელშეკრულება, და, შესაბამისად, სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებდა, მათ შორის, ისეთი ბუნებრივი რისკის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, როგორიცაა წყალდიდობა. ხელშეკრულების 2.16 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მიზნებისთვის „წყალდიდობა“ წარმოადგენს წყლის გარედან შესვლას დაზღვეულ შენობაში იმ მიწის ზედაპირის დატბორვის შედეგად, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით და რაც განპირობებულია: ა). წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევით; ბ). ტაიფუნის, ციკლონის ან ქარბუქის შედეგად; გ). მდინარეების, რეზერვუარების, არხების და მსგავსი ნაგებობების დატბორვის ან ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად.
სააპელაციო სასამართლომ უპასუხა მოპასუხის პრეტენზიას, სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით კონკრეტულად არის შეთანხმებული სადაზღვევო რისკები და მათ შორის წვიმა არ წარმოადგენს დაზღვეულ რისკს; წვიმით მიყენებული ზიანი ვერც ხელშეკრულებით შეთანხმებულ წყალდიდობის რისკთან ვერ იქნება გაიგივებული. მოპასუხის მოსაზრებით, ხელშეკრულების 2.16 პუნქტში მითითებული „წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევა“ უკავშირდება ოკეანის (ზღვის) დონის, ატმოსფერული წნევის, დედამიწის მყარი სხეულის დეფორმაციის პერიოდულ რხევებს, რომლებსაც მთვარისა და მზის მიზიდულობა განაპირობებს და არა წვიმას, როგორც ამაზე მოსარჩელემ მიუთითა.
სააპელაციო სასამართლომ, ხელშეკრულებაში წყალდიდობასთან დაკავშირებით გამოხატული ნების განმარტების მიზნებისათვის, ყურადღება მიაქცია, ხელშეკრულების 2.16 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დანაწესზე: ხელშეკრულების მიზნებისთვის „წყალდიდობა“ წარმოადგენს წყლის გარედან შესვლას დაზღვეულ შენობაში იმ მიწის ზედაპირის დატბორვის შედეგად, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით და რაც განპირობებულია წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევით. რაკი მოცემულ საქმეზე დადგინდა, რომ მოსარჩელის ნივთების დაზიანება გამოიწვია არა უბრალოდ წვიმამ, არამედ - ძლიერმა ნალექმა (სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის თანახმად, შემთხვევის ღამეს დაფიქსირდა ძალიან ძლიერი ნალექი და 3 საათში მოსული ნალექის ოდენობა 40 მმ-ს შეადგენდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ნიაღვრები და ქალაქის ქუჩების დატბორვა), სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება, შესაძლებელია შეფასებულიყო, ხელშეკრულებით შეთანხმებულ „წყლის უჩვეულოდ დიდ მოქცევად“, რადგან ხსენებული მოვლენა არ წარმოადგენდა ჩვეულ, სტანდარტულ შემთხვევას. კონკრეტულ შემთხვევაში, ზიანის დადგომის მიზეზი გახდა „ძალიან ძლიერი ნალექით“ გამოწვეული წყლის უჩვეულოდ დიდი მასის ჩადინება საწყობის ტერიტორიაზე (ასეთი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა), რის შედეგადაც ტერიტორია დაიტბორა.
12.1.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 2.16 პუნქტზე მითითებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, წინააღმდეგობაში მოდის, როგორც სამართლიანობის, ისე - კეთილსინდისიერად ქცევის სტანდართან. მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია, დასაზღვევ რისკებში წვიმით გამოწვეული ძლიერი ნალექის შედეგად შენობების დატბორვის გამორიცხვით და მისი წყალდიდობის ეფექტისგან მკვეთრი განსხვავებით, მხარეს სთავაზობს არასამართლიან პირობას, რადგან დამდგარი შემთხვევა შედეგობრივად უთანაბრდება წყალდიდობას, ძლიერი წვიმის დროსაც შესაძლებელია შენობის დატბორვა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, დატბორვა საიდან მომდინარეობს - მიწის ზედაპირიდან, როგორც ეს წყალდიდობის შემთხვევაშია, თუ, ციდან, როგორც ეს უხვი ძლიერი ნალექის შემთხვევაში ხდება წვიმის სახით. მიუხედავად ამისა, ორივე შემთხვევა განაპირობებს წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევას. ხდომილების, შედეგის ამგვარი დიფერენცირება, როგორც ამას სადაზღვევო კომპანია ასაბუთებს, ფაქტობრივად გამორიცხავს მოსარჩელის უფლების რეალიზებას, რადგან, უდავოა, რომ დაზღვეული ობიექტი არ მდებარეობს არც მდინარის პირას, მითუმეტეს, არც ოკეანისა და ზღვის ზოლში. ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა, ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა, რომ სადაზღვევო კომპანია წყალდიდობით გამოწვეულ ზიანში არ იგულისხმებდა ძლიერი წვიმის შედეგად დატბორვით გამოწვეულ ზიანს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სკ-ის 8.3, 52-ე, 325-ე, 338-ე მუხლები). დამზღვევს არ შეეძლო ევარაუდა, რომ სადაზღვევო კომპანია წყალდიდობას აიგივებდა მხოლოდ მთვარისა და მზის მიზიდულობით გამოწვეულ წყლის უჩვეულოდ დიდ მოქცევასთან.
12.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ იმაზე შედავება, რომ მზღვეველს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა ხელშეკრულების 6.1 პუნქტის (ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, წყალდიდობის რისკისგან დაზღვეულად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი მარაგები, რომლებიც იატაკის დონიდან არანაკლებ 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე მდებარე თაროებზე ან სტელაჟებზე იქნებოდა განთავსებული) დარღვევა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 814.2 და 814.4 მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, ყველა ის გარემოება, რაც უკავშირდება სადაზღვევო შემთხვევას და მისგან გამომდინარე საზღაურის ოდენობის განსაზღვრის საკითხს, გამოკვლეული და დადგენილი უნდა იქნეს მზღვეველის მიერ, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი (სადაზღვევო აქტი). სადაზღვევო აქტი უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესახებ, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ მხარეები. სადაზღვევო აქტით მხარეები თანხმდებიან სადაზღვევო ანაზღაურების საბოლოო მოცულობაზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო აქტი - სადავო გარემოებების დასადასტურებლად ან უარსაყოფად არავარგისი მტკიცებულება იყო. მოსარჩელის შედავების არსებობის პირობებში, მოპასუხეს წარმოეშვა სასამართლოსათვის იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და სადაზღვევო აქტის შედგენისას, უზრუნველყო, მეორე მხარის წარმომადგენლის მონაწილეობა. უფრო კონკრეტულად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს წარმოეშვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის საპროცესო ტვირთი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს „…-ის“ ზედამხედველი პირი, ო.გ-ი, უფლებამოსილი იყო, დამზღვევის სახელით დაედასტურებინა სადაზღვევო აქტში აღწერილი გარემოებების სისწორე, თუმცა მოპასუხემ სასამართლოს ასეთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარის მიერ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, არ ქმნიდა მასში მითითებული გარემოებების, მათ შორის წყლის დონის (5-8 სმ), საქონლის სტელაჟებზე განთავსებისა თუ ზიანის ოდენობის დაანგარიშებასთან დაკავშირებით მითითებული გარემოებების გაზიარების საფუძველს.
ზემოაღნიშნული სააპელაციო პრეტენზიის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თავად სადაზღვევო კომპანიის მიერ 2018 წლის 4 ივლისს მოსარჩელისადმი გაგზავნილ წერილზეც, რომლითაც დგინდებოდა, რომ ზიანის ანაზღაურებაზე სადაზღვევო კომპანიის უარი ეფუძნება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ზარალი არ იყო გამოწვეული სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული არცერთი სადაზღვევო რისკით. დასახელებული წერილი არ შეიცავდა რაიმე მითითებას, დამზღვევის მხრიდან ხელშეკრულების 6.1 პუნქტის დარღვევაზე.
12.3. რაც შეეხებოდა ფოტოსურათებს, აღნიშნული მტკიცებულებით დგინდებოდა, რომ საქონლის ნაწილი განთავსებული იყო სტელაჟებზე. ამასთან, საქმეში არ არსებობდა განკუთვნადი მტკიცებულება, რომლითაც დეტალურად იქნებოდა დადგენილი სტელაჟებზე განთავსებული დაზიანებული საქონლის ოდენობა და ღირებულება. მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ საქონელი დაზიანდა არა მხოლოდ იატაკიდან წყლის მაღალი დონის გამო, არამედ პარკინგის ზედა სართულზე არსებული ღიობიდან წვიმის წყლის ჩასვლის შედეგადაც, რის გამოც გასაზიარებელი იყო მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ, ნივთები, რომლებიც პალეტზე არ იყო განთავსებული, დასველდა, მათ შორის, ზემოდან ჩამონადენი წყლით.
საპირისპირო განკუთვნადი მტკიცებულებების არარსებობამ, სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის იმ მტკიცების გაზიარების საფუძველი შეუქმნა, რომ უშუალოდ წყალმოვარდნის დროს წყლის დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოგვიანებით მზღვეველის წარმომადგენლის გამოცხადებისას. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ჩვენების თანახმად, სასაწყობე ტერიტორიაზე წყალი დაახლოებით 20-25სმ სიმაღლის იქნებოდა, რის გამოც დასველდა, როგორც პალეტზე მდებარე ნივთები, ისე ის ნივთებიც, რომლებიც, მართალია, პალეტზე არ იყო განთავსებული, თუმცა განლაგებული იყო 15სმ-ზე მაღლა. ნივთები დასვლდა, მათ შორის, ზემოდან ჩამონადენი წყლით.
12.4. სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა ზიანის ანგარიშში საქონლის იმ ღირებულების გათვალისწინება, რაც მოსარჩელემ დაზიანებული ავეჯის ხელახლა შესყიდვის დროს გადაიხადა. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნა იმის შესახებ, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი 159 848 ევროს შეადგენდა.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, ხსენებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:
13.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული რისკის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რომელი რისკისგან იყო დაზღვეული მოსარჩელის ქონება. ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მოცემულია სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, ეს რისკებია: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, წყალდიდობა, თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის ან მათი ნაწილების ჩამოვარდნა, უხვთოვლიანობა, მიწისძვრა, შტორმი, ქარიშხალი, წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან უეცრად და მოულოდნელად გამოსვლა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან მათი მცდელობა, ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი, სატრანსპორტო საშუალების შეჯახებით მიყენებული ზიანი. ამდენად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება, ე.წ. „კონკრეტული რისკებისგან დაზღვევის“ ხელშეკრულებაა. ამასთან, სადაზღვევო კომპანიას იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ დამზღვევს უფრო ფართო დაფარვა (ე.წ. „ყველა რისკისგან დაზღვევა“) შესთავაზოს. სადავო ხელშეკრულებაში, წვიმა და ნალექი, როგორც სადაზღვევო რისკი, ცალსახად აღნიშნული არაა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ წვიმისა და ნალექის სადაზღვევო რისკად მიჩნევაზე ნება, მხარეებს არ გამოუვლენიათ. ზემოაღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ხელშეკრულების 3.1 პუნქტი, რომლითაც დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს, მხოლოდ შესაბამისი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული რისკების ხდომილებით გამოწვეული დაზღვეული ქონების დაზიანება-განადგურება.
13.2. ხელშეკრულების მიხედვით, წინამდებარე დაზღვევის მიზნებისათვის წყალდიდობის რისკის სარეალიზაციოდ, კუმულატიურად უნდა არსებობდეს 3 პირობა: იმ მიწის ზედაპირის დატბორვა, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით; დატბორილი ზედაპირის შედეგად წყლის გარედან შესვლა დაზღვეულ შენობაში, რაც განპირობებულია: ა). წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევით; ბ). ტაიფუნის, ციკლონის ან ქარბუქის შედეგად; გ). მდინარეების, რეზერვუარების, არხების და მსგავსი ნაგებობის დატბორვის ან ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად. კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი კუმულატიური პირობები არ არსებობდა.
13.3. საქმეზე დადგენილია, რომ ძლიერი ნალექის შედეგად, წვიმის წყალმა პირველ და მეორე სართულზე არსებული ღიობებიდან შეაღწია ავტოსადგომის (დაზღვეული ქონების) ტერიტორიაზე და არა - დატბორილი მიწის ზედაპირიდან. ადგილი არ ჰქონია გარე პერიმეტრის (ზედა, ბოლო სართულის) დაგუბებას ან/და დატბორვას და შემდეგ დაგუბებული წყლის ავტოსადგომის ტერიტორიაზე (სადაც დაზღვეული ქონება იყო განლაგებული) შეღწევას. ამდენად, არ არსებობს წყალდიდობის რისკის არსებობისათვის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი წინაპირობა - მიწის ზედაპირის დატბორვა და დაზღვეულ ტერიტორიაზე ამგვარად შეღწევა.
13.4. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ დაზღვეული ქონება არ იყო განლაგებული იატაკის დონიდან არანაკლებ 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე მდებარე თაროებზე ან სტელაჟებზე. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა საფუძვლით არ მიიჩნია სასამართლომ ისინი ვარგის მტკიცებულებებად.
13.5. სადაზღვევო კომპანია ვალდებული არ იყო ემტკიცებინა, დათვალიერების აქტზე (სასამართლო მასზე არასწორად მიუთითებს, როგორც სადაზღვევო აქტზე) ხელმომწერი პირის, ო.გიგაურის უფლებამოსილება - დამზღვევის სახელით დაედასტურებინა დათვალიერების აქტში აღწერილი გარემოებების სისწორე.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა მოსარჩელის (დამზღვევი) მოთხოვნა, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის მოპასუხის (მზღვეველი) მიერ ანაზღაურების თაობაზე.
18. სარჩელის ზემომითითებული მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 799.1 მუხლის პირველი წინადადებიდან, რომლის შინაარსიც ასეთია: დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
19. რაც შეეხება განსახილველ სადაზღვევო შემთხვევას, მოსარჩელემ ასეთად შემდეგ გარემოებაზე მიუთითა: 2018 წლის 11 ივნისის ღამეს, ავტოსადგომის შენობის პირველ და მეორე სართულებს შორის არსებული ღიობებიდან პირველ სართულზე არსებულ საპარკინგე ადგილზე, მოხდა წვიმის წყლის ჩადინება, დაიტბორა ავტოსადგომის ტერიტორია, სადაც დასაწყობებული იყო დაზღვეული ქონება (სამზარეულოს ავეჯის კომპლექტები).
ამავდროულად, მოსარჩელემ საქმეზე წარმოადგინა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ 2018 წლის 11-12 ივნისის ღამეს, ქ.თბილისში, დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძალიან ძლიერი ნალექი. 3 საათში მოსული ნალექის რაოდენობამ შეადგინა 40მმ, რასაც შესაძლოა გამოეწვია ნიაღვრები და ქალაქის ქუჩების დატბორვა.
20. პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტა დაკავშირებულია შემდეგი საკითხის ზუსტად განსაზღვრასთან - საქმეზე გამოიკვეთა თუ არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, მოსარჩელის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევა, მიეკუთვნება თუ არა, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით შეთანხმებულ რისკს.
21. დასმულ საკითხზე პასუხის გასაცემად უნდა მივმართოთ დაზღვევის ხელშეკრულების პირველი პუნქტის 1.1 პუნქტს, რომლის მიხედვით, ამ ხელშეკრულების საგანია, მოსარჩელის კანონიერ სარგებლობაში არსებული ქონების დაზღვევა მოპასუხის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დამზღვევის მხრიდან სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე, მათ შორის, წყალდიდობისგან.
ხელშეკრულების 2.16 პუნქტში „წყალდიდობა“ შემდეგნაირადაა განმარტებული: „წყლალდიდობა წარმოადგენს წყლის გარედან შესვლას დაზღვეულ შენობაში იმ მიწის ზედაპირის დატბორვის შედეგად, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით და რაც განპირობებულია: ა. წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევით; ბ. ტაიფუნის, ციკლონის ან ქარბუქის შედეგად; გ. მდინარეების, რეზერვუარების, არხების და მსგავსი ნაგებობების დატბორვის ან ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად.
22. პალატის განსჯით, შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევა, დაზღვევის ხელშეკრულებითა და სადაზღვევო პოლისით დაფარულ სადაზღვევო რისკს მივაკუთვნოდ. ამ მხრივ სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ რაკი მოსარჩელის ნივთების დაზიანება გამოიწვია არა უბრალოდ წვიმამ, არამედ - ძლიერმა ნალექმა (როგორც ზემოთ მიეთითა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შემთხვევის ღამეს გამოვლინდა ძალიან ძლიერი ნალექი და სამ საათში მოსული ნალექის რაოდენობა 40მმ-ს შეადგენდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ნიაღვრები და ქალაქის ქუჩების დატბორვა), ეს გარემოება შესაძლებელია შეფასდეს, ხელშეკრულებით შეთანხმებულ „წყლის უჩვეულოდ დიდ მოქცევად“; რადგან ხსენებული მოვლენა არ წარმოადგენდა ჩვეულებრივ სტანდარტულ შემთხვევას, ზიანის დადგომის მიზეზი გახდა „ძალიან ძლიერი ნალექით“ გამოწვეული წყლის უჩვეულოდ დიდი მასის ჩადინება საწყობის ტერიტორიაზე (ასეთი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა), რის შედეგადაც ტერიტორია დაიტბორა.
23. რაც შეეხება სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე მზღვეველის მიერ გაცხადებულ მიზეზებს, რაზეც იგი საკასაციო საჩივარშიც მიუთითებს, მათი შინაარსი ასეთია: კონკრეტულ შემთხვევაში, დაზიანება გამოწვეულია წვიმის შედეგად, ხოლო წვიმა ხელშეკრულებით არ წარმოადგენს სადაზღვევო რისკს; განცდილი ზარალი არ გამოწვეულა არცერთი სადაზღვევო რისკის ხდომილებით და ანაზღაურებას არ ექვემდებარება; ხელშეკრულების 2.16 პუნქტში მითითებული „წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევა“ უკავშირდება ოკეანის (ზღვის) დონის, ატმოსფერული წნევის, დედამიწის მყარი სხეულის დეფორმაციის პერიოდულ რხევებს, რომლებსაც მთვარისა და მზის მიზიდულობა განაპირობებს და არა წვიმას, როგორც ამაზე მოსარჩელემ მიუთითა, ამ შემთხვევაშიც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მიზეზებით დამზღვევის მოთხოვნის უარყოფა წინააღმდეგობაში მოდის, როგორც სამართლიანობის, ისე - კეთილსინდისიერი ქცევის სტანდართან (სსკ-ის 8.3, 115-ე მუხლები).
საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ დაზღვევის ხელშეკრულების სადავო პირობა სამართლიანობის საფუძველზე განსაზღვრა, რის უფლებასაც მას ანიჭებდა სსკ-ის 325-ე მუხლი (თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე; თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო). აშკარაა, რომ სადაზღვევო კომპანიამ, დასაზღვევ რისკებში წვიმით გამოწვეული ძლიერი ნალექის შედეგად შენობების დატბორვის გამორიცხვით და მისი წყალდიდობის ეფექტისგან რადიკალურად განსხვავებით, მხარეს არასამართლიანი პირობა შესთავაზა, რადგან დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა შედეგობრივად უთანაბრდება წყალდიდობას და შენობის დატბორვა ძლიერი წვიმის დროსაცაა შესაძლებელი. ორივე შემთხვევას წყლის უჩვეულოდ დიდი მოქცევა იწვევს. სადაზღვევო რისკის მზღვეველისეული განსაზღვრება, ფაქტობრივად, მართლაც გამორიცხავდა მოსარჩელის უფლების რეალიზებას, რადგან, დაზღვეული ობიექტი არც მდინარის პირას არ მდებარეობდა და, არც - ოკეანისა და ზღვის სანაპირო ზოლში. ამდენად, დამზღვევი ვერ ივარაუდებდა, რომ სადაზღვევო კომპანია წყალდიდობას მხოლოდ მთვარისა და მზის მიზიდულობით გამოწვეულ წყლის უჩვეულოდ დიდ მოქცევასთან გააიგივებდა და წყალდიდობით გამოწვეულ ზიანში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორვით გამოწვეული ზიანი არ იგულისხმებოდა.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 52-ე (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან) და 338-ე (ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს) მუხლები და ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათალისწინებით სწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევა, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო რისკს მიეკუთვნებოდა.
24. გასაზიარებელია გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილიც, სადაც სააპელაციო სასამართლომ უპასუხა მოპასუხის პრეტენზიას, ხელშეკრულების 6.1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მზღვეველის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების თაობაზე. მითითებული პუნქტის მიხედვით, წყალდიდობის რისკისგან დაზღვეულად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი მარაგები, რომლებიც იატაკის დონიდან არანაკლებ 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე მდებარე თაროებზე ან სტელაჟებზე ინახება.
ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 12 ივნისის აქტის შინაარსი (ტომი 1, ს.ფ. 155) ვინაიდან საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ფაქტის დასადგენად მტკიცებულებითი მნიშვნელობა მხოლოდ ორმხრივად დადასტურებულ და ხელმოწერილ დოკუმენტს შეიძლება მიენიჭოს (სსსკ-ის 105-ე მუხლი); ხოლო ის გარემოება, რომ შპს „..-ის“ ზედამხედველ ო.გ-ს (რომელიც, მზღვეველთან ერთად, ხსენებულ აქტს ხელს აწერს), დამზღვევის სახელით, აღნიშნულ აქტში აღწერილი გარემოებების დადასტურების უფლება გააჩნდა, სწორედ მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), რაც მან ვერ შეძლო. ამასთან, სსკ-ის 814.2 (მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა,რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად) და 814.4 (მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ) მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ მზღვეველს უნდა გამოეკვლია და დაედგინა ყველა ის გარემოება, რაც სადაზღვევო შემთხვევას და მისგან გამომდინარე საზღაურის ოდენობის განსაზღვრას უკავშირდებოდა.
მოცემული საკითხის შეფასებისას კიდევ ერთი გარემოებაა საყურადღებო (რაზეც გასაჩივრებულ განჩინებაში მიეთითა), კერძოდ, 2018 წლის 4 ივლისს მოსარჩელისათვის გაგზავნილ წერილში, მზღვეველმა, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა მხოლოდ იმით დაასაბუთა, რომ ზარალი გამოწვეული არ ყოფილა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული არცერთი სადაზღვევო რისკის ხდომილებით (ტომი 1, ს.ფ. 33-34). ამდენად, ხსენებული წერილი არ შეიცავდა რაიმე მითითებას, მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების 6.1 პუნქტის დარღვევაზე.
მოპასუხის ზემომითითებული პრეტენზიის შეფასებისას ისიც საგულისხმო იყო, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფოტოსურათებით დგინდებოდა საქონლის ნაწილის სტელაჟებზე განლაგების ფაქტი. ამასთან, საქმეზე არსებობს მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ჩვენება, რომლის თანახმადაც, სასაწყობე ტერიტორიაზე წყალი დაახლოებით 20-25სმ. სიმაღლეს აღწევდა, რის გამოც დასველდა, როგორც პალეტზე მდებარე ნივთები, ასევე, ნივთები, რომლებიც პალეტზე არ იყო განლაგებული, მაგრამ განლაგებული იყო 15 სმ. ნიშნულზე მაღლა. ნივთები დასველდა, მათ შორის, ზემოდან ჩამონადენი წყლით.
ზემომითითებული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზღვევის ხელშეკრულების 6.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზით სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
26. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საქმეზე სპეციალისტის მოწვევისა და დაკითხვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 406-ე, 407.1 და 411-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას. კანონმდებელი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, რომელიც არ წარმოადგენს საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს, მოკლებულია საქმეზე სპეციალისტის მოწვევისა და მისი დაკითხვის შესაძლებლობას. ამდენად, კასატორის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა არ გამომდინარეობს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან და შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“ (ს/კ …) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის (საგადახდო დავალება #..., გადახდის თარიღი 24.11.2021წ.), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №...., სახაზინო კოდი ....;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ
კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე