Facebook Twitter

საქმე №ა-2297-შ-68-2022 16 მაისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალტის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.ფ–ვას შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი გ.ფ–ის მიმართ, განქორწინების თაობაზე საბერძნეთის, კავალას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №56/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საბერძნეთის, კავალას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2წლის 11 ივნისის №56/2021 გადაწყვეტილებით, მ.ფ–ვასა და გ.ფ–ს შორის, 1997 წლის 18 აგვისტოს, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ.ფ–ვას წარმომადგენელმა გ.გ–მა, რომელმაც განმარტა, რომ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესაბამის რეგისტრაციაში გატარების მიზნით, რაზეც უფლებამოსილმა ორგანომ მოითხოვა, ამ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ უცხო ქვეყნის ის გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მოითხოვს მხარე, უნდა იყოს შესული კანონიერ ძალაში.

კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლით არ დასტურდება რომ კანონის აღნიშნული მოთხოვნა დაცულია.

განმცხადებლის მითითებით, საბერძნეთის, კავალას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია საბერძნეთში და იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 11 ივნისს, რაც არ დასტურდება.

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საბერძნეთის, კავალას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლო პროცესი ჩატარდა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლად.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და მ.ფ–ვას უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე (სსსკ-ის 186-ე, 187-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, კერძოდ, წარმოადგენს მტკიცებულებას იმის თაობაზე რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ფ–ვას უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. განმცხადებელს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დედანი დოკუმენტები.

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე