Facebook Twitter

საქმე №ას-1223-2020 16 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ი (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.კ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ბინა 14, ს/კ ........ (შემდგომში - „უძრავი ქონება“) და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

კასატორმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე №3/3695-20 საქმის განხილვამდე. კასატორმა შუამდგომლობას დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 01 ივლისის განჩინება (საქმე №3/3695-20) მოპასუხის სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე და განმარტა, რომ აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღარ იარსებებს მოცემული დავის წარმოების საფუძველი, ვინაიდან გაუქმდება მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.

კასატორმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, საგამოძიებო ორგანოებში მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე. მისი განმარტებით, მათი განცხადების საფუძველზე დაწყებულია გამოძიება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად მითვისების ფაქტზე. ამ გამოძიების სამართლებრივი შედეგი გამოიწვევს მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუქმებას, რაც პირდაპირ კავშირშია განსახილველ საქმესთან.

კასატორმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, აგრეთვე, იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე №2/30010-16 საქმის განხილვის დასრულებამდე. მან მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მისი სარჩელის განხილვა იგივე მხარეებს შორის, იგივე დავის საგანთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგთან.

კასატორმა 2021 წლის 14 აპრილს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილია განცხადება №2/1089-11 საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული განცხადებით მოთხოვნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად იქნა გატანილი ელექტრონულ საჯარო აუქციონზე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრე გახდა მოსარჩელე. შესაბამისად, განცხადების განხილვა პირდაპირ კავშირშია მოცემული დავის განხილვასთან. კასატორმა განცხადებას დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება, რომლის თანახმად დასაშვებად იქნა მიჩნეული მოპასუხის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული საქმის (№ას-1223-2020, კასატორი - თ.კ–ი, მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“) წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე №3/3695-20 საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2022 წლის 25 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სს „ს.ბ–ის“ წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმე N3/3695-20. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით შეჩერებული საქმის (№ას-1223-2020, კასატორი - თ.კ–ი, მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“) წარმოების განახლება. წარმოდგენილ განცხადებას ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N3/3695-20.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით სს „ს.ბ–ს“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება (საქმე N3/3695-20) არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით სს „ს.ბ–ს“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება (საქმე N3/3695-20) არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

ხარვეზის შესახებ განჩინება სს „ს.ბ–ის“ წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, განცხადებაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ........ საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2022 წლის 11 აპრილს ჩაბარდა სს „ს.ბ–ს“ (ტ. 1, ს.ფ. 288).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ სს „ს.ბ–ისათვის“ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 12 აპრილს და ამოიწურა 2022 წლის 25 აპრილს. ვინაიდან 25 აპრილი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2022 წლის 26 აპრილს.

ამ დროის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან განმცხადებელმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.ბ–ის“ წარმომადგენლის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი