Facebook Twitter

17 მაისი 2022 წელი

საქმე№ ა-2173-შ-62-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ.უ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – როიტლინგენის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2F360/16)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

როიტლინგენის საოლქო სასამართლოს (სასამართლო საოჯახო საქმეში) 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით 2006 წლის 23 ნოემბერს დანიაში ტონდერის რაიონის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგ. #5584/2006) შეწყდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 03 თებერვალს.

შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი _ ზ.უ–ძე ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ირკვევა, რომ 2019 წლის 10 ივლისიდან ის გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით ზ.უ–ძის შუამდგომლობა როიტლინგენის საოლქო სასამართლოს (სასამართლო საოჯახო საქმეში) 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების, განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ზ.უ–ძის შუამდგომლობა როიტლინგენის საოლქო სასამართლოს (სასამართლო საოჯახო საქმეში) 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების, განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

დადგენილია, რომ როიტლინგენის საოლქო სასამართლოს (სასამართლოს საოჯახო საქმეში) 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2F360/16) შეწყდა 2006 წლის 23 ნოემბერს დანიაში ტონდერის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ ზ.უ–ძეს (დაბადებული 19.01.1984წ. საქართველოს მოქალაქე, ცეპელინიშტრასე 25/2, 72793 პფულნგენი) და ლ.ა–ძეს (დაბადებული 03.01.1983წ. გერმანიის მოქალაქე, ერნსტ-როიტერ-ვეგის 19, 72764 როიტლინგენი) შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგ. #5584/2006). გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 03 თებერვალს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.

შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ ზ.უ–ძე ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, როიტლინგენის საოლქო სასამართლოს (სასამართლო საოჯახო საქმეში) 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს ზ.უ–ძის შუამდგომლობა როიტლინგენის საოლქო სასამართლოს (სასამართლო საოჯახო საქმეში) 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2F360/16) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე როიტლინგენის საოლქო სასამართლოს (სასამართლო საოჯახო საქმეში) 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2F360/16), რომლითაც შეწყდა 2006 წლის 23 ნოემბერს დანიაში ტონდერის რაიონის მმაჩის ბიუროში ზ.უ–ძეს (დაბადებული 19.01.1984წ. საქართველოს მოქალაქე, ცეპელინიშტრასე 25/2, 72793 პფულნგენი) და ლ.ა–ძეს (დაბადებული 03.01.1983წ. გერმანიის მოქალაქე, ერნსტ-როიტერ-ვეგის 19, 72764 როიტლინგენი) შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგ. #5584/2006).

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი