28 აპრილი 2022 წელი
საქმე №ა-1416-გან-4-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ შ.პ.ს. „ე–ი“-ს დირექტორი ვ.დ–ძე (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა
დავის საგანი _ იჯარის ხელშეკრულების ბათილად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს. „ს.ს.ე“-მ სარჩელი აღძრა შ.პ.ს. „ე–ი“-ს მიმართ მხარეთა შორის 2002 წლის 8 აგვისტოს დადებული № 59 იჯარის ხელშეკრულების და 2002 წლის 30 აგვისტოს დამატებითი შეთანხმების ბათილად აღიარების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. მოსარჩელემ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ს.ს.ე“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შ.პ.ს. „ს.ს.ე“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ს.ს.ე“-სა და შ.პ.ს. „ე–ი“-ს შორის 2002 წლის 8 აგვისტოს დადებული № 59 ხელშეკრულება და 2002 წლის 30 აგვისტოს დამატებითი შეთანხმება ცნობილი იქნა უცილოდ ბათილ გარიგებად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ე–ი“-ს დირექტორ ვ.დ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შ.პ.ს. „ს.ს.ე“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ს.ს.ე“-ს შ.პ.ს. „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 600 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2014 წლის 02 ივნისს გასცა სააღსრულებო ფურცელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც, კრედიტორია შ.პ.ს. „ე–ი“, ხოლო მოვალე _ შ.პ.ს. „ს.ს.ე“.
8. 2022 წლის 25 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა შ.პ.ს. „ე–ი“-ს დირექტორ ვ.დ–ძის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა, იმ მიზეზით, რომ დაკარგული აქვს მისი დედანი.
9. 2022 წლის 04 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ.დ–ძემ და საქმეზე დასართავად წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2022 წლის 01 აპრილს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 02 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორი არის შ.პ.ს. „ე–ი, ხოლო მოვალე _ შ.პ.ს. „ს.ს.ე“. სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების თანახმად მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ 600 ლარის გადახდა დაეკისრა. დღეის მდგომარეობით აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ფარგლებში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება მოვალე შ.პ.ს. „ს.ს.ე“-ს მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს და მიაჩნია, რომ შ.პ.ს. „ე–ი“-ს დირექტორ ვ.დ–ძის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.
11. მითითებული ნორმის მიხედვით, სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლო სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატს გასცემს იმ შემთხვევაში, თუ მხარემ დაკარგა სააღსრულებო ფურცელი.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, შუამდგომლობის საფუძლიანობის შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და შესაბამისი გარემოებების მტკიცების ტვირთიც მას ეკისრება.
13. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ერთის მხრივ ითხოვს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ დაკარგა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 02 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და ესაჭიროება სააღსრულებო ბიუროში წარსადგენად, ხოლო მეორეს მხრივ მანვე წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 02 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, კრედიტორი არის შ.პ.ს. „ე–ი, ხოლო მოვალე _ შ.პ.ს. „ს.ს.ე“. სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების თანახმად მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ 600 ლარის გადახდა დაეკისრა. დღეის მდგომარეობით აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ფარგლებში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება მოვალე შ.პ.ს. „ს.ს.ე“-ს მიმართ.
14. ამდენად, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 02 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ არის დაკარგული და სააღსრულებო ფურცელი არის ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში, შესაბამისად განმცხადებლის მოთხოვნა, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. „ე–ი“-ს დირექტორ ვ.დ–ძის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ე–ი“-ს დირექტორ ვ.დ–ძის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი