Facebook Twitter

08 აპრილი, 2022 წელი

საქმე №ას-5-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ჭ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „R. G. G.“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება

განხილვის საგანი - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლოში სარჩელი შეიტანა ნ. ჭ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, კასატორი) შპს „R. G. G.-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი, მოპასუხე საწარმო) წინააღმდეგ, სამუშაოდან მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სანაცვლოდ მოსარჩელემ 10 თვის დარიცხული ხელფასის ეკვივალენტი ოდენობის (28 800 ლარი) კომპენსაცია მოითხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი;

- სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხეს კომპენსაციის - 8 640 ლარის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

3.1. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, კომპენსაციის 10 თვის ხელფასით განსაზღვრა.

3.2. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა დამსაქმებელმა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განჩინებით ხსენებული საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

6. 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით მოსარჩელემაც გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოიდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2022 წლის 17 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით:

- დასაქმებულის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (1-ლი პუნქტი) და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების 1.2 პუნქტი;

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, დამსაქმებელს, დასაქმებულის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის - 21 800 ლარის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ხსენებული მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

სსსკ-ის 37.1 მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, გამოიკვეთა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. ამასთან, მითითებული საკითხის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა მოხდეს, რამდენადაც არ არსებობს მისი ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობა.

10. სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

სსსკ-ის 55.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ამდენად, სსსკ-ის 55.1 მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს შემდეგი დათქმა: კანონმდებელი, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე ვალდებულ პირად მიიჩნევს მაშინაც კი, როცა თავად მოსარჩელე განთავისუფლებული იყო, მისი გადახდის ვალდებულებისგან, თუმცა, ასეთ დროს, მოპასუხეს, სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაევალოს - მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

11. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, უნდა გადახდეს მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის, 8 640 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა. შესაბამისად, მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით სადავოდ გახადა კომპენსაციის ის ოდენობა, რომლის მოპასუხისათვის დაკისრებაზეც მას უარი ეთქვა, სახელდობრ, 20 160 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, დამსაქმებელს, დასაქმებულის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის - 21 800 ლარის გადახდა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა, 13 160 ლარით გაიზარდა, ე.ი. მითითებული თანხის ნაწილში დადგა მოსარჩელის სასარგებლო პროცესუალური შედეგი. რაკი მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონით განთავისუფლებულია და, შესაბამისად, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, ამიტომ, მოპასუხეს, სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მითითებული 13 160 ლარის 5%-ის (სსსკ-ის 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით საკასაციო საჩივრისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა) - 658 ლარის გადახდა.

12. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია მოწინააღმდეგე მხარისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი, მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება და მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 658 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოპასუხე შპს „R. G. G.-ს“ (ს/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 658 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი - …, მიმღების ანგარიშის ნომერი - ..., სახაზინო კოდი - ....

2. დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე