Facebook Twitter

საქმე №ას-5-2022 28 მარტი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. თ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. დ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სარჩელის და შეგებებული სარჩელის მოთხოვნები

1. ა. დ-ემ (შემდეგში წოდებული „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“ მხარედ) ბოლნისის რაიონულ სამართლოში სარჩელი აღძრა ლ. თ-ის (შემდეგში წოდებული „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარედ) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის მდებარე მისამართზე: ქ. ბოლნისი, … ქ. #.., ს/კ …., გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა. სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე ასევე, იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

2. 2019 წლის 19 სექტემბერს, ლ. თ-მა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ა. დ-ის მიმართ შეგებებული სარჩელით მიმართა და მოითხოვა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე (ს/კ …) გაწეული გაუმჯობესების ანაზღაურება - 12000 ლარის ოდენობით.

სარჩელის და შეგებებული სარჩელის საფუძვლები

3. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან 2018 წლის 18 სექტემბერს შეიძინა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბოლნისი, … ქ. #.., ს/კ ..., რომელიც კანონის შესაბამისად, მისივე სახელზე, დაარეგისტრირა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დაკავებული ჰქონდა ლ. თ-ს და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებდა მას, რის გამოც უძრავი ქონების მესაკუთრე ვერ სარგებლობდა საკუთარი ქონებით.

4. შეგებებული სარჩელით ლ. თ-მა განმარტა, რომ სადავო ქონება წარმოადგენს კერძო სახლს, იგი თითქმის ნახევარი საუკუნის წინ აშენდა, რის გამოც გამუდმებით საჭიროებდა შეკეთებასა და რემონტს. ა. დ-ეს 2018 წლის 22 ნოემბერს სადავო უძრავი ქონება უკვე გასხვისებული ჰქონდა სხვა პირზე - ზ. ფ-ზე, რომელთანაც ლ. თ-ლი აწარმოებდა მოლაპარაკებას და შეთანხმებაც მიაღწია, რომ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ სადავო ბინა უნდა გამოესყიდა, თუმცა 2019 წლის ივნისში, ა. დ-ემ გააუქმა ეს ხელშეკრულება და უძრავი ქონება კვლავ საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა. ლ. თ-ლი უძრავ ქონებაზე ორი წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა, რა დროსაც 12 000 ლარი დახარჯა, ამ დროის განმავლობაში ა. დ-ეს არ განუცხადებია პრეტენზია სარემონტო სამუშაოებზე და არც მისი შეწყვეტა მოუთხოვია, რის გამოც მას უძრავ ქონებაზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯი უნდა დაკისრებოდა.

მოპასუხის პოზიცია

5. ლ. თ-მა წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საცხოვრებელი სახლის ყოფილი მესაკუთრე და უკანონო მფლობელი სამართლებრივად ერთი და იგივე ცნებებს არ წარმოადგენს, იგი უკანონო მფლობელს არ წარმოადგენდა და ამიტომ, არასათანადო მოპასუხედ უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

6. ა. დ-ემ წარდგენილი შესაგებლით არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ ლ. თ-მა იცოდა, რომ ქონება გასხვისებული იყო ამიტომ, მას არ უნდა განეხორციელებინა სარემონტო სამუშაოები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ლ. თ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე ა. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ბოლნისი, … ქ. #.., ს/კოდით … და აღნიშნული უძრავი ქონების მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა დადგინდა. ამასთან, არ დაკმაყოფილდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა.

11. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. თ-მა, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იმ მოტივით მოითხოვა, რომ სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის კუმულატიური პირობები არ ჰქონდა გამოკვლეული, ამასთან, საქმის მასალებით ქონებაზე 12 000 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტიც დგინდებოდა, რაც აპელანტის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. პალატამ საქმის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 170-ე და 172-ე, მუხლებით და დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სააპელაციო პალატამ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:

- 2019 წლის 26 ივნისის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე გახდა ქ. ბოლნისში, … ქ. #..-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე (ქონების ს/კოდია …) (ს.ფ. 14-18).

- მოპასუხე არის აღნიშნული უძრავი ქონების წინა მესაკუთრე (გამყიდველი). იგი ფლობს სადავო ქონებას, რომელიც წარმოადგენს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, მასზე მდგარი შენობა-ნაგებობით. საცხოვრებელ სახლში დღემდე ცხოვრობს მოპასუხის დედა და ძმაც (ს.ფ. 14-18, 170-173).

14. სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განმარტა, რომ რაიონულმა სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისთვის კუთვნილი ნივთი. ასევე მიუთითა, რომ მართალია აპელანტმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, თავდაპირველად სრულად გაასაჩივრა, თუმცა 2021 წლის 13 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო საჩივარზე თქვა უარი, რის შედეგადაც, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. ამიტომ, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მართლზომიერება სააპელაციო პალატამ აღარ შეაფასა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება ლ. თ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

16. ლ. თ-ლი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

17. საკასაციო საჩივარში მხარე მიუთითებს, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ყველა კუმულატიური პირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს.

18. კასატორი ასევე განმარტავს, რომ სასამართლომ განჩინება მიიღო ნაჩქარევად და ზერელედ, რითიც კასატორის ოჯახი უმწეო მდგომარეობაში დატოვა. ლ. თ-ს და მის ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, ამიტომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მათ უფლებას ლახავს.

19. კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარემ ქონება შეიძინა აუქციონზე და მისი ნამდვილი ფასი საგრძნობლად აღემატება გადახდილ თანხას.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, მხარეს განემარტა, რომ იგი ვალდებული იყო აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, წარმოედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

21. 2022 წლის 04 თებერვალს, კასატორმა წარმოადგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის შედეგადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

23. საკასაციო საჩივარში შედავებულია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო წინაპირობების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებაში საკასაციო პალატა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შემაფერხებელი გარემოებების არსებობას გამოიკვლევს.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

- 2019 წლის 26 ივნისის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე გახდა ქ. ბოლნისში, … ქ. #..-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე (ქონების ს/კოდია …) (ს.ფ. 14-18).

- მოპასუხე არის აღნიშნული უძრავი ქონების წინა მესაკუთრე (გამყიდველი). ის დღემდე ფლობს ამ ქონებას, რომელიც წარმოადგენს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, მასზე მდგარი შენობა-ნაგებობით. საცხოვრებელ სახლში დღემდე ცხოვრობს მოპასუხის დედა და ძმაც (ს.ფ. 14-18, 170-173).

25. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. კერძოდ, ვინდიკაციური სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).

26. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე (იხ. ტომი I, ს.ფ. 15-19). ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

28. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მფლობელს. მეტიც, საქმეზე წარდგენილ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში კასატორი ადასტურებდა ფლობის ფაქტს.

29. რაც შეეხება მოპასუხის ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, სწორედ კასატორის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმ ფაქტის რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დადასტურება, რომ მას გააჩნდა სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის საფუძველი (მაგ. ხელშეკრულება, ქირის გადახდის ქვითრები და ა.შ.).

30. კასატორის მიერ, ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა, წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც მის მიერ სადავო უძრავი ქონებების მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი დადასტურდებოდა, ამიტომ ამ მიმართებითაც, კასატორს წარმოდგენილი არ აქვს დასაშვები და დასაბუთებული შედავება, შესაბამისად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, რომ ლ. თ-ს ა. დ-ის საკუთრებაში არსებული და სადავოდ გამხდარი უძრავი ქონების ფლობის უფლება არ გააჩნდა.

31. რაც შეეხება კასატორის იმ არგუმენტს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში იგი და მისი ოჯახი უსახლკაროდ დარჩება, რა თქმა უნდა, წარმოადგენს მძიმე მორალურ არგუმენტს, თუმცა საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას. საქმის მასალებში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით, დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება 2018 წლიდან აღარ არის ლ. თ-ის საკუთრებაში, თუმცა იგი მაინც აგრძელებს ამ ქონებით სარგებლობას. ამ ქმედებით უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს ეზღუდება მისი უძრავი ნივთის დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება, ამგვარი შეზღუდვის „დაკანონების“ საფუძველი კი, ვერ გახდება ის არგუმენტი, რომ კასატორის ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, ვინაიდან ამ შემთხვევაში, სასამართლო კანონის დარღვევით, ერთ პირს მეორე პირის ხარჯზე მიანიჭებს უპირატესობას, რაც არც მორალური და არც კანონისმიერი დანაწესებიდან არ გამომდინარეობს.

32. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საქმეზე, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვა (იხ. სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.). ამასთან ნიშანდობლივია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ებები: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).

33. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ კასატორს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში არ გაუჟღერებია არგუმენტი მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარემ უძრავი ქონება აუქციონზე იმაზე ნაკლებ ფასად შეიძინა, ვიდრე ის რეალურად ღირდა. გარდა იმისა, რომ კასატორი არ მიუთითებს, თუ რა სამართლებრივ შედეგს უკავშირებს ამ ფაქტს და რის გამო მოხდა მისი საკასაციო საჩივარში მითითება, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს ეს არგუმენტი და იმსჯელოს მასზე.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად გამოიკვლიეს და დაადგინეს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელებელი კუმულატიური წინაპირობები, ხოლო ეს გარემოებები დასაბუთებული შედავების წარდგენის გზით, კასატორმა ვერ გააქარწყლა.

35.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

36.საკასაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

პროცესის ხარჯები

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.

2. კასატორ ლ. თ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი…) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. ლ-ის მიერ 2022 წლის 03 თებერვალს №… საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე