Facebook Twitter

საქმე №ას-1328-2021 22 მარტი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ჩ-ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სასარჩელო მოთხოვნა

1. თ. მ-მა (შემდეგში წოდებული "მოსარჩელე", "მოწინააღმდეგე", "მოპასუხე" მხარედ) თბილისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე ა. ჩ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის სახით - 7854 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით - 2700 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები

2. 2018 წლის 24 თებერვალს, ა. ჩ-ნი მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით „…“ სახ. ნომრით-…, ქ. თბილისში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობდა, რა დროსაც შეეჯახა ა/მანქანა „…“-ს, სან. ნომრით …. შეჯახების შედეგად მოსარჩელე თ. მ-მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ასევე, დაზიანდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

3. ავტოსაგზაო შემთხვევა, ა. ჩ-ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

მოპასუხის პოზიცია

4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ: ა/მანქანისათვის მიყენებული ზიანის ნაწილში - 1500 ლარის ოდენობით, სამედიცინო კვლევის - 43 ლარის და ევაკუატორის მომსახურების - 111 ლარის მოთხოვნის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში მიუთითა, რომ სადავოდ გამხდარი ზიანი არ წარმოადგენდა მოპასუხის ქმედების უშუალო შედეგს, რის გამოც მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა - 3654 ლარის (საიდანაც 3500 ლარი წარმოადგენს ავტომანქანისათვის მიყენებულ ზიანს, 111 ლარი - ავტომანქანის ევაკუატორის მომსახურების და საჯარიმო სადგომზე განთავსების, ხოლო 43 ლარი - მკურნალობის ხარჯს) და მიუღებელი შემოსავლის სახით - 2110.92 ლარის, გადახდის ვალდებულება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში ა. ჩ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

8. პალატამ საქმის გადაწყვეტისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 999-ე, 411-ე და 412-ე მუხლები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს, მოპასუხისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 3654 ლარის გადახდის ვალდებულება, მართებულად დაეკისრა. პალატამ განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ა. ჩ-ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა (ს.ფ. 97, 19-27, 139-152). შესაბამისად ცალსახა იყო, რომ არა აპელანტის გაუფრთხილებელი ქმედება არ მოხდებოდა ავარია და შესაბამისად, არც მოსარჩელის მანქანა დაზიანდებოდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.

9. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ობიექტური დამკვირვებლის თვალით, მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით გაკეთებული დასკვნა რელევანტური იყო და შეესაბამებოდა ექსპერტის მიერ გამოყენებულ მეთოდს, დასკვნაში მოყვანილი დაზიანებებისა და დართული ფოტომასალის მხედველობაში მიღებით, განსაზღვრული ზიანის საორიენტაციო ოდენობა არ იყო გადაჭარბებული ან/და არაგონივრული. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აპელანტმა მხარემ ეჭვქვეშ დააყენა წარდგენილი დასკვნის ვალიდურობა და განაცხადა, რომ ექსპერტიზის დაკვნით ვერ დასტურდებოდა აღწერილი დაზიანებების ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიყენება, ასევე ვერ დგინდებოდა კონკრეტულად რომელი ნაწილის დაზიანების აღდგენა რა თანხას საჭიროებდა და საბოლოოდ ზიანის ოდენობა 3500 ლარით რატომ განისაზღვრა. ამ არგუმენტის საპასუხოდ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტი მხარე საკუთარი პოზიციის დაცვის დროს, ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა, მას სარჩელის უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის უარყოფის მიზნით არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აპელანტის მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილ ამონაწერის ვალიდურობასთან დაკავშირებით კი, პალატამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ავტონაწილების ელექტრონული სუპერმარკეტის ვებგვერდიდან ფასების თვითნებური ამონაწერი, არასარწმუნო და არარელევანტური იყო, პირველ რიგში იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო ავტონაწილების წარმომავლობისა და მათი მდგომარეობის დადგენა, ასევე იმიტომაც, რომ აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე ვერ დგინდებოდა მითითებული ფასი წარმოადგენდა, თუ არა საბაზრო ფასს და რა იქნებოდა მათი ინსტალაციის ღირებულება. ამიტომ, პალატამ დაასკვნა, რომ რომელიმე ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე თვითნებურად მოპოვებული ფასების ჩამონათვალი, თუნდაც არაამომწურავი და არაიმპერატიული საექსპერტო დასკვნის გასაქარწყლებლად რელევანტურ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა და სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია.

10. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა აპელანტისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და დამატებით განმარტა, რომ საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, მოსარჩელის დასაქმება და მისი შემოსავალი ხელშეკრულების პერიოდში, მისი პირადი ავტომანქანის საშულებით მომსახურების გაწევას მოიცავდა. იმ პირობებში, როდესაც აპელანტს არ დაუდასტურებია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მის საკუთრებაში სხვა სატრანსპორტო საშუალებაც ჰყავდა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ავტოავარიის დროს სწორედ ხელშეკრულებაში მითითებული ავტომანქანა დაზიანდა, პალატის აზრით, ნიშნავდა რომ ხელშეკრულების დარჩენილ პერიოდში მოსარჩელეს ამ გარიგების საფუძველზე შემოსავლის მიღება აღარ შეეძლო. ამიტომ, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილშიც სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ა. ჩ-მა (შემდგომში კასატორი) საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

12. 2021 წლის 24 ნოემბერს, წარდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (მიყენებული ზიანის 3 500 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის 2110,92 ლარის დაკისრების ნაწილში).

13. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო ზიანის გამოანგარიშებისას, არასწორად დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერიზის დასკვნას და სრულიად დაუსაუთებლად არ გაიზიარა კასატორის მიერ (მოპასუხე) სასამართლოში წარდგენილი ელექტრონული მაღაზიის ვებ-გვერდიდან გაკეთებული ფოტოსურათები, რამაც ზიანის ოდენობის არასწორად გამოანგარიშება გამოიწვია. მისი მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნა არ არის ამომწურავი, იგი არ მიუთითებს დაზიანებულ მანქანას, რომელი კონკრეტული ნაწილი ჰქონდა დეფორმირებული და ექვემდებარებოდა აღდგენას და რომელი იყო ისე დაზიანებული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყო. აგრეთვე, კასატორის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ავტომობილის აღდგენა არა შეუძლებელი, არამედ მიზანშეუწონელია, შესაბამისად, სასამართლოს მისი აღდგენის შეუძლებლობაზე არ უნდა ემსჯელა. მისივე განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის წარმოდგენილი გაანგარიშება, თუ რის საფუძველზე გამოიანგარიშა ექსპერტმა ზიანის ოდენობა.

14. კასატორი სადავოდ ხდის ასევე, მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტსაც. მისი აზრით, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების მიუღებლობას უცილობლად დაადასტურებდა, ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც ამ ხელშეკრულების სამართლებრივი ძალა და მისი მოჩვენებითად დადების ფაქტი გამოირიცხებოდა. გარდა ამისა, მოსარჩელეს სასამართლოს წინაშე არ დაუდასტურებია, რომ სამსახური მისი ნების საწინააღმდეგოდ დაკარგა, ანუ არ წარმოუდგენია სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ ასეთი მტკიცებულება არ არსებობდა, აღნიშნული ნიშნავდა, რომ ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, მოსარჩელემ მასში მითითებული ანაზღაურება მიიღო და ამიტომ, მიუღებელი შემოსავლის კასატორისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლებამოსილი არ არის გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

17. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს კასატორისთვის (მოპასუხე) მიყენებული მატერიალური ზიანის სახით - 3 500 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით - 2110,92 ლარის დაკისრების კანონიერება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოსარჩელის მიერ განცდილი ფაქტობრივი ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მართლზომიერებას გამოიკვლევს, რათა დადგინდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის წინამძღვრების არსებობა.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

- 2018 წლის 24 თებერვალს, ა. ჩ-ნი, მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით „…“ სახ. ნომრით-…., მოძრაობდა ქ. თბილისში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რა დროსაც, იგი შეეჯახა ა/მანქანა „…“-ს, სახ. ნომრით …., შეჯახების შედეგად მოსარჩელე თ. მ-მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ასევე დაზიანდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა (ს.ფ. .., ..);

- ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ა. ჩ-ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც მოპასუხე დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით (ს.ფ. .., ..-.. ..-…);

- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თ. მ-მა გასწია მკურნალობის ხარჯი - 43 ლარი (ს.ფ. 28);

- თ. მ-მა ა/მანქანის ევაკუატორის მომსახურებისა და საჯარიმო სადგომზე განთავსებისათვის გადაიხადა - 111 ლარი (ს.ფ. 29).

20. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის (ფაქტობრივი ზიანი და მიუღებელი შემოსავალი) დაკისრების თაობაზე ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

21. მოსარჩელემ, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად 2018 წლის 29 მარტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტის N518/ს დასკვნა წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ თ. მ-ის კუთვნილ ავტომანქანაზე არსებული დაზიანებების ავარიული ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, მისი აღდგენა მიზანშეუწონელია, ხოლო მასზე მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა 3500 ლარს შეადგენს. ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი სახის შეკითხვები: ექვემდებარება, თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანა აღდგენას და რა ოდენობის თანხაა საჭირო აღნიშნული ავტომობილის აღდგენისთვის? დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ავტომანქანას დაზიანებული და დეფორმირებული აქვს: წინა ბამპერი, წინა პანელი, რადიატორის მოპირკეთების ბადე, ეკრანი, ძრავის სახურავი, წინა მარჯვენა და მარცხენა ფრთა, რადიატორები პროპელერით. წინა მარცხენა გვერდულა, წინა მარცხენა საყრდენი, ძარის სახურავი, წინა საქარე მინა, წინა საკიდარის მარცხეა მხარე, წინა მაშუქები, აირბალიშები და მარცხენა წინა კარი, სწორედ ამ მრავლობითი დაზიანებების გათვალისწინებით, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ავტომანქანის აღდგენა მიზანშეუწონელია და მასზე მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა 3500 ლარს შეადგენს (ს.ფ. 22-25).

22. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებში მოპასუხის (კასატორის) მიერ წარმოდგენილია ამონაწერი ერთ-ერთი ავტონაწილების ელექტრონული სუპერმარკეტის ვებგვერდიდან, სადაც ავტომობილის მეორადი ნაწილებია განთავსებული და ასევე მითითებულია მისი ფასი (ს.ფ. 91-96).

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ: №ას-1423-2019, 28.02.2020). ზიანის ანაზღაურების სასარჩელო პრეტენზიის ფარგლებში, მოპასუხის შესაგებლით სარჩელის საფუძვლიანობის გამორიცხვა, დამოკიდებულია სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენით ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ანაზღაურების საფუძვლის არარსებობის დასაბუთებაზე. ასეთ დროს, მოპასუხემ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

24. ამ მიმართებით, საკასაციო სასამართლო, სრულად იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობას, რომლის თანახმად, არასარწმუნოდ და არარელევანტურად იქნა მიჩნეული მოპასუხის მიერ ავტომობილის დაზიანებების გამოანგარიშების მიზნით წარმოდგენილი მტკიცებულება. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ მოპასუხის (კასატორი) მიერ წარდგენილი ელექტრონული სუპერმარკეტის გვერდიდან ამონაწერით, შეუძლებელია ავტონაწილების წარმომავლობისა და მათი მდგომარეობის დადგენა, ასევე აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე, შეუძლებელია დადგინდეს მითითებული ფასი წარმოადგენს, თუ არა საბაზრო ფასს და რა არის მათი ინსტალაციის ღირებულება. ამიტომ, პალატამ სრულიად ლოგიკურად დაასკვნა, რომ რომელიმე ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე თვითნებურად მოპოვებული ფასების ჩამონათვალი, საექსპერტო დასკვნის გასაქარწყლებლად რელევანტურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, მით უფრო, იმგვარი საექსპერტო დასკვნისას, სადაც მიყენებული დაზიანებების სრული ჩამონათვალია ასახული, დართულია ფოტომასალა და ექსპერტის შესაბამისი სპეციალური ცოდნის საფუძველზე, ზიანის საორიენტაციო ღირებულებაა გამოთვლილი (როგორც ეს მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაშია).

25. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მატერიალური ზიანის გამოანგარიშებისა და მისი მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება სათანადოდაა დასაბუთებული, შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

26. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელისთვის 2110,92 ლარის მიკუთვნების თაობაზე, მოსარჩელე უთითებდა, რომ მასსა და სარეკლამო სააგენტო შპს „..-ს“ („დამქირავებელს“) შორის 2018 წლის პირველ თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდეს დამკვეთის სასარგებლოდ უნდა განეხორციელებინა სუპერვაიზერის მომსახურება კომპანია „P. M. g“-ს პრომო აქციისათვის, ბრენდზე „…“. სამუშაოს ღირებულება კი, ხელშეკრულების თანახმად, თბილისში და მიმდებარე რეგიონებში ფიქსირებულ 9.1 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის 1.82 საშემოსავლო გადასახადი) ხოლო, გუდაურში, საათში, ფიქსირებულ 15 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის 3 საშემოსავლო გადასახადი) შეადგენდა. დაქირავებული ვალდებულებას იღებდა სამუშაო მიზნებისათვის მისი პირადი ავტომობილი „…“, რეგისტრაციის ნომრით - …, სახელმწიფო სანომრე ნიშნით …-… გამოეყენებინა, ვინაიდან ავტოავარიის დროს მისი მანქანა იმდენად დაზიანდა, რომ მისი გამოყენების შესაძლებლობა აღარ არსებობდა, ამიტომ მოსარჩელემ ხელშეკრულების შესრულება და შესაბამისად, შემოსავლის მიღება ვერ შეძლო, რაც მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.

27. მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამ მიმართებითაც, მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური და სამართლიანი პრინციპის გათვალისწინებით, მიუღებელი ზიანის არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს (იხ. სუსგ-ები: საქმე # ას-970-1271-08, 08.07.2008; საქმე # ას-39-38-2010, 15.07.2010; საქმე # ას-81-171-2011, 18.04.2011).

28. საქმის მასალებში, მოსარჩელის მიერ იმის დასამტკიცებლად, რომ მან ავტოავარიის შედეგად, ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც ავტომანქანის დაუზიანებლობის შემთხვევაში, გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების შედეგად მიიღებდა, წარმოდგენილია მოსარჩელისთვის დამსაქმებელი „შპს ..“-ის მიერ, 2018 წლის 09 მარტს 703,64 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე, ამ ორ სუბიექტს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც 2018 წლის 01 თებერვლიდან - 2018 წლის 30 აპრილის თვემდეა შეთანხმებული და სადაც ვალდებულების შესრულების საშუალებად სწორედ ის ავტომანქანაა მითითებული, რომელიც ავტოავარიის დროს დაზიანდა. ამ პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების არარსებობის ან მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის სრულად მიღებისა და შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის არარსებობის უკუდამტკიცების ტვირთი კასატორზე გადავიდა. ნიშანდობლივია, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე კასატორს, სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება ან ასეთი მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობის შესახებ განცხადება, რომ მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში იყო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაც, რომელიც შესაძლებელი იყო ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების შესასრულებლად გამოყენებულიყო (ცნობა შესაბამისი ორგანოდან), ასევე სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია შუამდგომლობა საბანკო დაწესებულებიდან მოსარჩელის ანგარიშის სრული ამონაწერის წარდგენის შესახებ. ამიტომ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების მხოლოდ თეორიული და ჰიპოთეტური შედავება, დასაბუთებულად ვერ მიიჩნევა და ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

30. საკასაციო პალატას, მის მიერ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

პროცესის ხარჯები

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, ჯ. ხ-ის მიერ 2021 წლის 24 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილია 280,50 ლარი, ხოლო 2021 წლის 21 დეკემბერს გ. ნ-ის მიერ N0 საგადახდო დავალებით გადახდილია 20 ლარი - სულ 300,50 ლარი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300,50 ლარიდან 210,35 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. ა. ჩ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი ….) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის (280,50 ლარი, საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 24/11/2021; 20 ლარი, საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 21/12/21, სულ 300,50 ლარი) 70% - 210,35 ლარი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე