Facebook Twitter

7 აპრილი, 2022 წელი

საქმე №ას-729-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - დ. შ, მ. შ, მ. შ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო. შ.

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.ფოთში, ... (ყოფილი ...) ქუჩის N...-ში მდებარე ბინა (შემდეგში - უძრავი ქონება ან სადავო ბინა) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის.

2. სადავო ბინაში ცხოვრობენ: დ. შ. (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი), მ.შ. (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) და მ. შ. (შემდეგში - მესამე მოპასუხე ან მესამე კასატორი).

3. ო. შ.(შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) რეგისტრირებულია და ცხოვრობს ქარელის რაიონში.

4. მოპასუხეებმა, სადავო ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ვერ დაირეგისტრირეს, იმის გამო, რომ არ გააჩნდათ რეგისტრაციისთვის აუცილებელი ერთმანეთის, ანუ ყველა კანონიერი მოსარგებლის თანხმობა.

5. მოსარჩელე, პირველ მოპასუხესთან, 1994 წელს განქორწინდა, მისი რეგისტრაციის მისამართია - ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი .....

6. საქართველოს ეროვნული არქივის ფოთის ადგილობრივი არქივის ცნობის მიხედვით, სადავო ბინა (რომლის მონაცემები ასახულია უფლების დამდგენ დოკუმენტში) კანონიერი მფლობელის უფლებით გადაეცა მოსარჩელეს, რომლის ოჯახის შემადგენლობაში ოთხი წევრი შედიოდა. უძრავ ქონებაში შესასახლებელ პირთა სიაში მითითებულია: პირველი მოპასუხე (ცოლი), მეორე მოპასუხე (ქალიშვილი) და მესამე მოპასუხე (ქალიშვილი).

7. 1983 წლის 4 აგვისტოს, სადავო ბინაზე გაიცა ორდერი.

8. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელესა და ნ. ბ-ს. შორის, ქარელის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე 2009 წლის 26 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და აღნიშნული სახლის ½ ნაწილი პირველი მოპასუხის სახელზე აღირიცხა; დანარჩენ ნაწილში პირველი მოპასუხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2019 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, ხსენებული უძრავი ქონება რეგისტრირებულია ნ. ბ-სა (1/2 ნაწილი) და პირველი მოპასუხის (1/2 ნაწილი) თანასაკუთრებაში.

9. მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა, მოპასუხეებს დაევალოთ გასცენ სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა კანონიერი მოსარგებლის მიერ უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის მიზნით; ხოლო ასეთი თანხმობის გაუცემლობის შემთხვევაში, მისთვის, მოპასუხეებისგან დამოუკიდებლად, მათი თანხმობის გარეშე და მათი სახელით, უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის შესრულების უფლების მინიჭება.

10. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:

- მოპასუხეებს დაევალათ, სადავო ბინის კანონიერი მფლობელის საკუთრების სანოტარო წესით თანხმობის გაცემა;

- ზემოღნიშნული ვალდებულების შესრულება მოპასუხეებს დაევალათ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 14 დღის ვადაში;

- წინააღმდეგ შემთხვაში, მოსარჩელეს უფლება მიენიჭა, მოპასუხეებისგან დამოუკიდებლად, მათი თანხმობის გარეშე და მათი სახელით შეასრულოს უძრავი ქონების თანხმობაზე, კანონიერი მფლობელის სახელზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

12.1. პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12.2. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ) საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილებასა (რომლითაც განისაზღვრა საცხოვრებელი ბინის დამქირავებლების ან დამქირავებლის ოჯახის წევრებისათვის საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა) და ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილებაზე (რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, საკუთრებაში ფართის გადაცემის საკითხის განხილვისას, შეამოწმოს, განმცხადებლის მოთხოვნისა და წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა აღნიშნული წესის მოთხოვნებთან. ამავე წესის თანახმად, ბინის მესაკუთრედ რეგისტრაცია მხოლოდ ყველა მესაკუთრის, კანონიერი მოსარგებლის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი).

12.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პრივატიზაციის მიზნებისთვის, ფართით სარგებლობა არ გულისხმობს პირის მიერ ამ ფართის უშუალო ფლობას. ასეთ დროს, გადამწყვეტია, სარგებლობის უფლების დამდგენი დოკუმენტი (ამ შემთხვევაში, საარქივო დოკუმენტაცია და ორდერი, რომლის შინაარსსაც მხარეები სადავო არ ხდიდნენ), რომლითაც პირი ფართის კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა.

12.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ, მოსარჩელე, სადავო ბინის კანონიერი მოსარგებლე იყო. მოპასუხეებს არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ბინაზე მოსარჩელის კანონიერი მოსარგებლის სტატუსს ეჭვქვეშ დააყენებდა. მოპასუხეთა მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სხვა რეგისტრაციის მისამართი ჰქონდა და, ამასთან, ხანძრის შედეგად დაზიანებული უძრავი ნივთის აღდგენაში მას მონაწილეობა არ მიუღია, ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს მოსარჩელის კანონიერი მოსარგებლის სტატუსზე, რაც საარქივო დოკუმენტაციით დადგინდა და რომელთა შინაარსიც მოპასუხეებს არ უარუყვიათ.

12.5. სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 115-ე მუხლით (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) და სარჩელი დააკმაყოფილა, რაც შემდეგი მოსაზრებით დაასაბუთა: მოპასუხეები (როგორც კანონიერი მოსარგებლეები), არ იყენებდნენ თავიანთი უფლებას - ერთობლივად (მოსარჩელესთან ერთად) მიემართათ მარეგისტრირებელი ორგანოსათვის და დარეგისტრირებულიყვნენ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად. აქედან გამომდინარე, მოპასუხეთა მოქმედებას (უმოქმედობას) სხვა შეფასება ვერ მიეცემოდა, თუ არა - მარტოოდენ სხვისთვის (მოსარჩელისთვის) ზიანის მიყენება. უფლების ასეთი განხორციელება კი, გაუმართლებელი და დაუშვებელი იყო.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ერთ-ერთ განჩინებაში (საქმე №ბს-593(კ-20), 28.01.2021) განმარტებულია, რომ, იმ პირობებშიც კი, თუ დადასტურებულად იქნება მიჩნეული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) არსებობა სადავო ფართთან მიმართებით, აუცილებელია, დადასტურდეს - შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე ნივთით სარგებლობის ფაქტიც.

13.2. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბინა კანონიერი მფლობელის უფლებით მოსარჩელეს გადაეცა, რომლის ოჯახის შემადგენლობაშიც მოპასუხეები შედიოდნენ, თუმცა იმაზე არ იმსჯელა, რომ ორდერის გაცემის დღიდან უძრავი ქონებით მხოლოდ მოპასუხეები სარგებლობდნენ. საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები (ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ცნობა; საინფორმაციო ბარათები), რომელთა მიხედვითაც, სადავო ბინაში 1983 წლიდან პირველი მოპასუხე ცხოვრობდა, ხოლო, 1984 წლიდან, მასში ცხოვრობდნენ დანარჩენი მოპასუხეები. უძრავ ქონებასთან მოსარჩელის კავშირი არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, გარდა ორდერისა. ხსენებულ ბინაში მოსარჩელე ჩაწერილი არასდროს ყოფილა, რადგან მისი ინტერესი ქარელის რაიონის სოფელ ... მდებარე სახლია, სადაც ის რეგისტრირებულია.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა). საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ). საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ). საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე). სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ). გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ.

18. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილია:

ა). მოპასუხეთათვის, კანონიერი მფლობელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის გაცემის დავალება;

ბ). წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის უფლების მინიჭება, მოპასუხეებისგან დამოუკიდებლად, მათი თანხმობის გარეშე, და, მათი სახელით, შეასრულოს უძრავი ქონების კანონიერი მფლობელის სახელზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

განსახილველი სარჩელის მიზანი ისაა, რომ მოსარჩელემ, როგორც სადავო ბინის პრივატიზაციაზე უფლების მქონე ერთ-ერთმა პირმა („კანონიერმა მოსარგებლემ“), აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს და მის მესაკუთრედ აღირიცხოს, მოპასუხეებთან ერთად. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელია, მოპასუხეთა მხრიდან შესაბამისი ქმედების (სადავო ბინის პრივატიზაციაზე თანხმობის მიუცემლობა) მართლზომიერება.

19. პალატის შეფასებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სწორად შექმნა საქმეზე დადგენილმა შემდეგმა ფაქტობრივმა გარემოებებმა, კერძოდ:

1). სადავო ბინა, კანონიერი მფლობელის უფლებით გადაეცა მოსარჩელეს, რომლის ოჯახის შემადგენლობაში ოთხი წევრი შედიოდა. უძრავ ქონებაში შესასახლებელ პირთა სიაში მითითებულია: პირველი მოპასუხე (ცოლი), მეორე მოპასუხე (ქალიშვილი) და მესამე მოპასუხე (ქალიშვილი).

2). 1983 წლის 4 აგვისტოს, უძრავ ქონებაზე გაიცა ორდერი. აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის.

3). სადავო ბინაში მოპასუხეები ცხოვრობენ. მოსარჩელე, პირველ მოპასუხესთან, 1994 წელს განქორწინდა, მისი რეგისტრაციის მისამართია - ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი .....

4). მოპასუხეებმა სადავო ბინა საკუთრების უფლებით ვერ დაირეგისტრირეს, იმის გამო, რომ არ გააჩნდათ რეგისტრაციისთვის აუცილებელი ერთმანეთის, ანუ ყველა მესაკუთრის თანხმობა.

ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად ცნობის პირობებში (რაც საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, გამომდინარე სსსკ-ის 407.2 მუხლიდან) სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ, ორივე მხარე, სადავო ბინაზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებით აღიჭურვა, თუმცა ბინის მესაკუთრედ რეგისტრაცია, მხოლოდ ყველა „კანონიერი მოსარგებლის“ თანხმობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი („საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ) საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილება, ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება) (შდრ. იხ.: სუსგ, №ას-969-2021, 3.11.2021).

20. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც მათ მიერ მოსარჩელისთვის სადავო ბინის პრივატიზაციაზე თანხმობის გაცემის უარის კანონიერ საფუძველს შექმნიდა.

უფრო მეტიც, მოსარჩელემ სარჩელს თან დაურთო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება (რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, საააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და გასაჩივრებული განჩინება ძალაში დარჩა), რომლითაც ირკვევა შემდეგი: დასახელებულ ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელი აღძრეს წინამდებარე საქმის მოპასუხეებმა, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს: მათთვის სადავო ბინის გადაცემასთან დაკავშირებით უარის თქმის შესახებ 2017 წლის 19 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა და, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, თითოეული მათგანის სასარგებლოდ, სადავო ბინის 1/3 ნაწილის თანასაკუთრებაში გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე, წინამდებარე საქმის მოსარჩელე მონაწილეობდა, როგორც სავალდებულო მესამე პირი, რომელმაც უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მოსარჩელეთათვის მიკუთვნებაზე უარი განაცხადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხმობის გაცემაზე მოპასუხეთა უარის მიზანია, მოსარჩელემ ვერ მოახდინოს იმ უძრავი ქონების (თავისი წილის) პრივატიზება და საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, რომლის კანონიერ მოსარგებლედაც იქნა ცნობილი.

21. სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის ის ნაწილიც, სადაც განმარტებულია, რომ, თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (შდრ. იხ.: სუსგ, №ას-1161-1107-2013, 29.05.2015; №ას-164-154-2014, 6.05.2014).

22. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეზე შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა საკმარისად ასაბუთებს სსკ-ის 115-ე მუხლით (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) გათვალისწინებული საფუძვლით სარჩელის წარმატებულობას.

კანონის დასახელებული ნორმით კანონმდებელი განსაზღვრავს ზოგად აკრძალვას იმ შემთხვევებისათვის, როდესაც უფლების ბოროტად გამოყენების კანონკრეტული შემთხვევა კანონის სპეციალური იმპერატიული ნორმებით არ არის გათვალისწინებული.

ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში.

კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. ეს პრინციპი განმტკიცებულია ეროვნული კანომდებლობის დონეზეც: სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა ამავე თვალსაზრისით შეფასდეს.

კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქციაა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შდრ. იხ. სუსგ, №ას-1338-1376-2014 , 29.06.2015).

უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა.

უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს.

ამდენად, იმისათვის, რომ პირის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი ჰქონდეს, უნდა იკვეთებოდეს ამ უკანასკნელის მიზანი - ზიანი მიაყენოს სხვა პირს. ყოველი შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ ძირითადი მამოძრავებელი ინტერესი პირის მიერ უფლების გამოყენებისა, სწორედ მესამე პირისათვის ზიანის მიყენება ან ზიანის დაშვებაა.

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოკვეთილია ვითარება, როდესაც მოპასუხეები (როგორც კანონიერი მოსარგებლეები), არ იყენებენ თავიანთი უფლებას - ერთობლივად (მოსარჩელესთან ერთად) მიმართონ მარეგისტრირებელ ორგანოს და სადავო ბინის თანამესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ. აქედან გამომდინარე, მოპასუხეთა მოქმედება (უმოქმედობა) რომელიც სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე გაუმართლებელი და დაუშვებელია, მოსარჩელის საკუთრების უფლებისთვის ზიანის მიყენებად უნდა შეფასდეს ვინაიდან ო. შ-ც ვერ ახერხებს უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციას;

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, პირველი კასატორი და მეორე კასატორი გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) გადახდა გადაუვადდა მესამე კასატორს. შესაბამისად, რაკი წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ამიტომ მესამე კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის, 45 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. შ-ის, მ. შ-ისა და მ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. შ-ეს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის ნომერი ..., სახაზინო კოდი ...) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 30%-ის - 45 ლარის გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

ლევან მიქაბერიძე