საქმე №ას-1237-2019 30 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.დ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ტ–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ტ–ვასა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელის მოპასუხე“) და ს.დ–ს (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის მოსარჩელე“ ან „კასატორი“) შორის 2014 წლის 24 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდგომში - „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“ ან „ხელშეკრულება“). ხელშეკრულების თანახმად, გარიგება დაიდო შემდეგი პირობებით: სესხის ოდენობა - 1 500 000 აშშ დოლარი; სესხის ვადა - 500 000 აშშ დოლარი 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 1 000 000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით; სარგებელი - 500 000 აშშ დოლარი სარგებლის გარეშე, ხოლო 1 000 000 აშშ დოლარი თვეში 1,5 %. ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
2. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეზე 6 თვის ვადით სესხის სახით გასცა 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
3. ხელშეკრულების თანახმად, ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა პირადობა მათ მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, ასევე, მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, რის შემდეგაც შეადგინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, წაუკითხა მათ ხმამაღლა და განუმარტა. ამასთან, მხარეებმა პირადად წაიკითხეს ხელშეკრულება, მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ ის ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი.
4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი სამი უძრავი ქონება: ს.კ. ....., ს.კ. ...... და ს.კ. ......
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 1 590 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 1 500 000 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას, ხოლო 90 000 აშშ დოლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს; 1 590 000 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების: ს.კ. ......, ს.კ. ........ და ს.კ. ......, იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაცია; სესხის სახით გადაცემული თანხის, 1 500 000 აშშ დოლარის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, ზიანის ანაზღაურების სახით, თანხის სრულად დაბრუნებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე გადაუხდელი თანხის 1,5%-ის (თვეში 22 500 აშშ დოლარი) გადახდის დაკისრება.
6. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, იგი არ ფლობს ქართულ ენას, რის გამოც მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი. ის არ შეესაბამება მოპასუხის ნებას. მხარეთა შორის არსებული მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხე ენდო მოსარჩელეს. ისინი შეთანხმებულები იყვნენ, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოსარჩელე მოპასუხეს სესხის სახით გადასცემდა 1 500 000 აშშ დოლარს პროცენტის გარეშე, თუმცა მას აღნიშნული თანხა არ გადაუცია.
7. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
8. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 1 485 000 აშშ დოლარისა და სარგებლის 90 000 აშშ დოლარის გადახდა; სარჩელი 15 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა; ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
11. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის 15 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 15 000 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავლის სახით 1 500 000 აშშ დოლარიდან გადაუხდელი თანხის ყოველწლიური 3%.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
14. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 49-50-ე მუხლები და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა. ამასთან, ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა პირადობა, მათ მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, ასევე, მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, შეამოწმა მათი ქმედუნარიანობა, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა და ამის შემდგომ შეადგინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, წაუკითხა მხარეებს ხმამაღლა და განუმარტა. ამასთან, მხარეებმა პირადად წაიკითხეს ხელშეკრულება, მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ ის ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი. მოპასუხის ხელმოწერასთან მითითებულია შემდეგი - „წავიკითხე ს.დ–ი“. ამრიგად, ხელშეკრულებიდან ნათლად ირკვევა, რომ ნოტარიუსის მიერ მოხდა არა ხელმოწერების ნამდვილობის, არამედ გარიგების შინაარსის დადასტურება.
15. სააპელაციო პალატის განმარტებით, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ გარიგებაზე ხელმოწერა შეესაბამება ხელმომწერის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ გარიგება ისეთ პირობებში იქნა ხელმოწერილი და შედგენილი, რომელიც გამორიცხავს გარიგებაში გამოვლენილი ნების შესაბამისობას რეალობასთან. გარიგებაზე ხელმოწერით ივარაუდება, რომ ხელმომწერი პირისათვის ცნობილია იმ გარიგების შინაარსი, რაზედაც ხელს აწერს.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გაეცნო იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც ხელი მოაწერა. სასამართლოს მითითებით, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა. მან მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი სრულყოფილად არ ფლობს ქართულ ენას, არ იცის წერა-კითხვა, რის გამოც ვერ შეძლებდა ხელშეკრულების შინაარსის წაკითხვასა და სრულყოფილად გაგებას, თუმცა მან ვერ წარადგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები. შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
17. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ მას სესხის თანხა არ გადასცემია. სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილია უტყუარი მტკიცებულება - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც გარკვევით და ნათლად არის აღნიშნული, რომ მოსარჩელემ მოპასუხეზე 6 თვის ვადით სესხის სახით გასცა 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ასეთ პირობებში მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით შეუძლებელია მტკიცების ტვირთის დაძლევა.
18. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი მასში მითითებული პირობებით.
19. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლები და აღნიშნა, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და დადგენილ ვადაში არ დააბრუნა სესხი, ეს გარემოება სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის საფუძველია.
20. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მსესხებლის მიერ გადახდილია სესხის ძირითადი თანხა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თავად მოპასუხე უარყოფს თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტს (მისი მტკიცებით, მას საერთოდ არ გადასცემია სესხის თანხა), რაც ამ ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის დამატებით სესხის ძირითადი თანხის 15 000 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
21. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და განმარტა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, ვინაიდან მოვალემ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მას სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა.
22. სააპელაციო სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის გონივრულ და სამართლიან ოდენობად გადაუხდელ თანხაზე წლიური 3% მიიჩნია.
23. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
24. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
24.1. საქმეში არ მოიპოვება სესხის გაცემის, ასევე, მოსარჩელის მიერ სესხის თანხის ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება;
24.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხე გაეცნო ხელშეკრულებას, ნოტარიუსმა წაუკითხა მისი შინაარსი, რაზეც ხელი მოაწერა და მიიღო თანხა. სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათ არასწორი შეფასება მისცა. კერძოდ, საქმეში არსებული სკოლის ატესტატითა და დიპლომით დასტურდება, რომ მოპასუხე არ ფლობს ქართულ ენას, მას რუსულ ენაზე აქვს დამთავრებული სკოლა და უნივერსიტეტი. ამასთან, იგი ცხოვრობს რუსეთში;
24.3. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხე რუსული ენის მცოდნეა და ქართულად წერა-კითხვა თითქმის არ იცის, მას ხელშეკრულება არ წაუკითხავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ხელს არ მოაწერდა. ხელშეკრულების შინაარსი მის ნებას არ შეესაბამება;
24.4. მხარეები იყვნენ მეგობრები, პარტნიორები და აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელისადმი ნდობა გააჩნდა. მოპასუხემ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მოსარჩელის მიერ ნდობის ბოროტად გამოყენების საფუძველზე. სასამართლომ ისე მიანიჭა უპირატესი მტკიცებულებითი ძალა ნოტარიულად დამოწმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, ეს გარემოება საერთოდ არ გამოიკვლია;
24.5. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ნოტარიუსის მიერ მოხდა გარიგების შინაარსის დადასტურება და მან მხარეებს განუმარტა სანოტარო აქტზე ხელმოწერის შედეგები. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული, მტკიცებულებათა კვლევის პრინციპის საწინააღმდეგოდ, უტყუარ მტკიცებულებად ჩათვალა სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და არასწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან გარიგება სანოტარო წესით დაიდო, მხარეებმა სრულად გაათვითცნობიერეს მისი სამართლებრივი შედეგები;
24.6. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით. მოსარჩელეს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რაც მიუღებელი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით ობიექტურ, რეალურ სურათს შექმნიდა;
24.7. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, თუმცა მას უფლება აქვს შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. ვინაიდან, შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან, მხარეს უფლება აქვს, სააპელაციო საჩივარს დაუპირისპიროს შეგებებული აპელაცია და არა დამოუკიდებელი მოთხოვნით წარდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი, როცა აღნიშნულ მოთხოვნაზე უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის წესი, რომლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და დაუშვებელია მისი შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმება;
24.8. გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
31. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მისთვის უცნობი იყო გარიგების რეალური შინაარსი, ვინაიდან იგი სათანადოდ არ ფლობს ქართულ ენას. კასატორის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ იგი გაეცნო ხელშეკრულებას, ნოტარიუსმა წაუკითხა მისი შინაარსი და განუმარტა გარიგების სამართლებრივი შედეგები.
32. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. იგივე შინაარსისაა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი.
33. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. იმავე კანონის 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი.
34. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ აქტის დასამოწმებლად (გარიგების, მოწმობის და სხვა), რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის და სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებანი.
35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას პრეზუმირებულია ნოტარიუსის მხრიდან მხარეთა ინფორმირების ფაქტი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარეები ხელმოწერამდე გაეცნენ საჯარო სანოტარო აქტს და მიიღეს ადეკვატური ინფორმაცია მისი შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ.
36. აღნიშნული პრეზუმფციის არსებობის გამო, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ ნოტარიუსმა სანოტარო აქტზე ხელმოწერისას მხარეს სათანადოდ არ გააცნო სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე, სანოტარო მოქმედების განხორციელებისას მოსარჩელე ჯეროვნად არ ფლობდა ქართულ ენას და საჭიროებდა თარჯიმანს, ეკისრება მოპასუხეს. ამასთან, საგულისხმოა, რომ მხარე, რომელმაც არ იცის სანოტარო მოქმედების შესრულების ენა, თავად არის ვალდებული მიუთითოს ნოტარიუსს აღნიშნულის შესახებ, რაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარმოშობს სანოტარო მოქმედების თარჯიმნის მონაწილეობით შესრულების ვალდებულებას.
37. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ეცნობა სადავო გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები, რაც მან დაადასტურა ქართულ ენაზე განხორციელებული ხელმოწერით [ხელშეკრულების ტექსტში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა მხარეებს ხმამაღლა წაუკითხა და განუმარტა ხელშეკრულება; მხარეებმა, ასევე, პირადად წაიკითხეს მისი შინაარსი და მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ იგი ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას]. ხელშეკრულება საჯარო აქტის ფორმით დაიდო; მოპასუხეს ხელმოწერის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მოპასუხე სანოტარო აქტზე ხელმოწერამდე გაეცნო მის შინაარსს და მიიღო ჯეროვანი განმარტებანი.
38. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე [თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს] მითითებით განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ანუ, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-773-773-2018, 14 იანვარი, 2019 წელი; №ას-1814-2018, 05 ივლისი, 2019 წელი; №ას-462-2019, 31 ივლისი, 2019 წელი).
39. მოპასუხე იმის დასადასტურებლად, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს იგი ჯეროვნად არ ფლობდა ქართულ ენას, მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ იგი ცხოვრობს რუსეთში და რუსულ ენაზე აქვს დამთავრებული სკოლა და უნივერსიტეტი, თუმცა ეს გარემოებები უტყუარად არ ადასტურებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მოპასუხე სათანადოდ არ ფლობდა ქართულ ენას. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სანოტარო აქტების შედგენისას მან ნოტარიუს განუცხადა ქართული ენის სათანადოდ არცოდნისა და თარჯიმნის საჭიროების შესახებ.
40. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი; ასევე, ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 06 მარტი, 2017 წელი).
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ქართული ენის სათანადოდ არცოდნის ფაქტი; ასევე, ის გარემოება, რომ მას ნოტარიუსმა არ აცნობა ხელშეკრულების შინაარსი და არ განუმარტა მისი სამართლებრივი შედეგები.
42. კასატორი დავობს, რომ მას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადასცემია.
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის არსებობისას, ხელშეკრულების დადებისა და სესხის გაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს, ხოლო სესხის დაბრუნების ფაქტის (ვალდებულების შესრულება) მტკიცება მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სანოტარო წესით დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ გასცა, ხოლო მოპასუხემ სესხი 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო ხელშეკრულების ხელმოწერამდე. მოპასუხეს, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარუდგენია ამ გარემოების საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ მას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია.
44. დაუსაბუთებელია, ასევე, კასატორის პრეტენზია მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით.
45. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად: „ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას“ (იხ. სუსგ საქმე №ას-992-950-2013, 04 მარტი, 2014 წელი; №ას-254-241-2015, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-929-869-2017, 27 დეკემბერი, 2017 წელი).
47. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს შეთანხმებულ ვადაში არ შეუსრულებია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება, სახეზეა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების წინაპირობა.
48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
49. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან. თავისი ხასიათით, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არის ძირითადი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი, რომლის მიზანია გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა (იხ. სუსგ საქმე №ას-328-313-2015, 28 ივლისი, 2015 წელი; №ას-1729-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი). შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც გასულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა (სსსკ-ის 369-ე მუხლი) ან/და მხარეს უარი აქვს ნათქვამი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე (სსსკ-ის 378-ე მუხლი).
50. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის ნაწილისა და სარგებლის გადახდა; იმავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა; თავის მხრივ, მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის საფუძველზე, შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამდენად, მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ძირითადი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და მის წინააღმდეგ, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალასთან დაკავშირებით.
51. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თუმცა იგი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებს, მისი პრეტენზია არის ზოგადი და არაკვალიფიციური, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯელობას.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
53. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
54. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-354-2019, 05 ივლისი, 2019 წელი, №ას-216-2019, 02 მარტი, 2020 წელი; №ას-1325-2019, 12 ნოემბერი, 2020 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
56. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4 200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ს.დ–ს (რ/ფ პასპორტი: ......) დაუბრუნდეს ა.ც–ძის (პ/ნ: ......) მიერ 2019 წლის 25 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 (ექვსი ათასი) ლარის 70% – 4 200 (ოთხი ათას ორასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი