Facebook Twitter

საქმე №ას-1481-2019 26 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ქ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2011 წლის 31 ოქტომბერს, ერთი მხრივ, შპს „ს.გ.წ.კ–სა” (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემკვეთი“ ან „კასატორი“) და, მეორე მხრივ, შპს „ნ.ე–სა” და შპს „ე ....”-ის (ამჟამად - შპს „ნ.ქ.“) (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „მენარდე“) ერთობლივ საწარმოს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება დაბა ...... წყლით მომარაგებასთან და საკანალიზაციო სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით.

2. 2012 წლის 28 მაისს შპს „ნ.ე–სა” და მოსარჩელეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად შპს „ნ.ე–მ” მიიღო ძირითადი ხელშეკრულების ავანსი - 1 218 495,12 ლარის ოდენობით.

3. 2012 წლის 03 დეკემბერს შპს „ნ.ე–ს” მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმისწარმოება, რის გამოც ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება განაგრძო მოსარჩელემ.

4. საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და ...... წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელების შესრულებული სამუშაოების №13 აქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებულია 12 062 724,56 ლარის ღირებულების სამუშაო. აღნიშნული აქტი დამოწმებულია მხარეთა მიერ, ასევე, ხელმოწერილია მიმდინარე პროექტის საზედამხედველო კომპანიის - „ე.ს.დ.ი.ე.ე–ის“ წარმომადგენლის მიერ.

5. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოებიდან ანაზღაურებულია შემდეგი თანხები:

- შპს „ნ.ე–სათვის“ 01.05.2012წ. ავანსი 185 821,25 ლარი (იხ. ტ. I, ს.ფ. 83);

- მოსარჩელისათვის: 26.06.2012წ. 136 653,01 ლარი; 14.12.2012წ. 93 597,40 ლარი; 21.06.2013წ. 162 036,83 ლარი; 25.07.2013წ. 181 073,12 ლარი; 03.09.2013წ. 134 837,26 ლარი; 22.10.2013წ. 150 618,39 ლარი; 02.12.2013წ. 116 152,68 ლარი; 06.02.2014წ. 146 000,01 ლარი; 10.06.2014წ. 98 665,72 ლარი; 09.09.2014წ. 98 022,78 ლარი; 25.12.2014წ. 96 650,48 ლარი; 08.05.2015წ. 39 917,85 ლარი; 06.05.2015წ. 221 838,57 ლარი; 30.01.2014წ. 811 377,08 ლარი; 24.06.2014წ. 548 322,63 ლარი; 11.09.2014წ. 544 749,56 ლარი; 22.12.2014წ. 537 123,15 ლარი; 05.12.2013წ. 645 504,22 ლარი; 05.12.2013წ. 837 043,16 ლარი; 16.09.2013წ. 749 341,51 ლარი; 08.02.2013წ. 1 006 291,60 ლარი; 07.05.2013წ. 900 499,75 ლარი; 18.12.2012წ. 520 156,07 ლარი; 07.09.2012წ. 759 432,33 ლარი (იხ. ტ. I, ს.ფ. 84-107);

6. მოსარჩელეს ნაწილობრივ არ აუნაზღაურდა №13 აქტში მითითებული, შესრულებული სამუშაოების ღირებულება 308 592,82 ლარის ოდენობით. ამასთან, შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიის სახით დაკავებულია სამუშაოების ღირებულების 10%. მოპასუხის განმარტებით, მას დაკავებული აქვს 1 218 500 ლარი.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: მის მიერ 2011 წლის 31 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული სამუშაოების შესრულებულად მიჩნევა 12 062 724,56 ლარის ოდენობით; მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით 308 592,82 ლარისა და ხარისხის გარანტიის სახით დაკავებული 10%-ის 1 206 272,45 ლარის გადახდის დაკისრება.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 308 592,82 ლარისა და 1 206 272,45 ლარის გადახდა.

10. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 649-ე მუხლებით და დაადგინა, რომ ვინაიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

14. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

15. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

15.1. მხარეთა შორის 2011 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს ნარდობის სტანდარტულ ხელშეკრულებას. მისი დაფინანსების წყაროა საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია - აზიის განვითარების ბანკი. ხელშეკრულების შინაარსი შეესაბამება აღნიშნული ბანკის მოთხოვნებს და შედგება ზოგადი და განსაკუთრებული პირობებისგან. ხელშეკრულების ძირითად და განუყოფელ ნაწილს წარმოადენს F-ის (იგი არის კონსულტანტ ინჟინერთა ეროვნული წევრი ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია და თავისი მიზნების მისაღწევად აქვეყნებს საერთაშორისო ხელშეკრულებების სტანდარტულ ფორმებს) მშენებლობის ხელშეკრულების პირობები, სადაც განმარტებულია როგორ უნდა იმოქმედონ მხარეებმა ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისა და გადახდის დროს, რას ნიშნავს შუალედური გადახდა და საბოლოო გადახდის სერტიფიკატი, როგორ ხდება საბოლოო გადახდის სერტიფიკატის გაცემა, რა იგულისხმება საბოლოო განაცხადში და ა.შ. აღნიშნული საკითხების გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება;

15.2. სასამართლოს არ უმსჯელია საქმეში წარდგენილ ყველა მტკიცებულებაზე და, შესაბამისად, არც მათი შეფასება მოუხდენია. გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ...... წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების შესრულებული სამუშაოების №13 აქტს და საგადასახადო ანგარიშფაქტურებს, თუმცა მას არ უმსჯელია საქმეში არსებულ, საკონსულტაციო კომპანია ე–ას ინჟინრის, მ.ბ–ის 2017 წლის 20 დეკემბრის წერილზე და მასზე თანდართულ საბოლოო გადახდის სერტიფიკატზე. წერილში აღნიშნულია, რომ ინჟინერი 2017 წლის 21 ივლისს მოსარჩელისგან ითხოვდა კონტრაქტის საბოლოო განაცხადის სამუშაო ვერსიას, ხელშეკრულების 14.11 ქვემუხლის შესაბამისად, რაც მოცემულია F-ის წესებში, თუმცა, ვინაიდან მან პასუხი და შესაბამისი კონტრაქტის საბოლოო განაცხადის სამუშაო ვერსია ვერ მიიღო, 2017 წლის 20 დეკემბრის საბოლოო გადახდის სერტიფიკატი ჩაითვლებოდა მიღებულად. კასატორის მტკიცებით, მითითებული სერტიფიკატი არის საბოლოო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომლის მიხედვით მოსარჩელის მიერ შესრულებულია 9 440 257,97 ლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, მოპასუხეს მის მიმართ არ აქვს გადასახდელი არც 308 592,82 ლარი და არც გარანტიის სახით დაკავებული სამუშაოების ღირებულების 10%. უფრო მეტიც, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაჯეროვან შესრულებას და რიგი სამუშაოები ინჟინრის მიერ არ იქნა ჩათვლილი;

15.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ მიანიჭა სასამართლომ იურიდიული/მტკიცებულებითი ძალა შუალედური გადახდის №13 სერთიფიკატს და რატომ უგულებელყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ე–ას ინჟინრის მიერ დამოწმებული 2017 წლის 20 დეკემბრის საბოლოო გადახდის სერტიფიკატი.

16. კასატორმა, ასევე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინების გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა საქმეზე მტკიცებულების დართვაზე. კასატორის განმარტებით, მან სააპელაციო სასამართლოში წარადგინა F-ის გამოცემა წიგნად. მისი მტკიცებით, საკითხის სრულყოფილი შესწავლისათვის მნიშვნელოვანი იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სრულყოფილი შესწავლა, რისი შესაძლებლობაც მანამდე არ ყოფილა, ვინაიდან მოსარჩელემ წარადგინა ხელშეკრულების მხოლოდ განსაკუთრებული პირობების ნაწილი, რომლითაც არ რეგულირდებოდა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოპასუხის შუამდგომლობა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

23. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, კომპანია ე–ას ინჟინრის, მ.ბ–ის 2017 წლის 20 დეკემბრის წერილი და მასზე თანდართული საბოლოო გადახდის სერტიფიკატი, საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულია 9 440 257,97 ლარის და არა 12 062 724,56 ლარის ღირებულების სამუშაო.

24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 31 ოქტომბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შესრულებული აქვს 12 062 724,56 ლარის ღირებულების სამუშაო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს (იხ. ტ. I, ს.ფ. 56-67), ასევე, შესრულებული სამუშაოების 2015წ. №13 აქტს (იხ. ტ. I, ს.ფ. 68-82), რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ და დამოწმებულია პროექტის საზედამხედველო კომპანია E -ს წარმომადგენლის მიერ. დასახელებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ შეასრულა სწორედ 12 062 724,56 ლარის ღირებულების სამუშაო. რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ წერილს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკონსულტაციო კომპანია E -ს ინჟინრის, მ.ბ–ის წერილი და მასზე დართული საბოლოო გადახდის სერთიფიკატი (იხ. ტ. I, ს.ფ. 116-118) დათარიღებულია 2017 წლის 20 დეკემბრით, მაშინ, როდესაც შესრულებული სამუშაოების №13 აქტი შედგენილი და სათანადო პირების მიერ დამოწმებულია ორი წლით ადრე, 2015 წელს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დასახელებული აქტი დამოწმებულია თავად E -ს წარმომადგენლის მიერ. გარდა ამისა, კასატორს კონკრეტულად არ მიუთითებია, რატომ უნდა მინიჭებოდა E -ს ინჟინრის 20.12.2017წ. წერილს უპირატესობა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან შედარებით. იგი მხოლოდ ზოგადად და არასრულად მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შეფასდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის სათანადოობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება-გამოკვლევასთან დაკავშირებით.

26. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას და რიგი სამუშაოები ინჟინრის მიერ არ იქნა ჩათვლილი. მოპასუხე ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, თუმცა მას მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარუდგენია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

27. კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო F-ის, კონსულტანტ ინჟინერთა ეროვნული წევრი ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის მშენებლობის ხელშეკრულების პირობების გამოკვლევის გარეშე, რომელიც ნარდობის ხელშეკრულების ძირითად და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამდენად, დასახელებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

29. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ყველა ზემოაღნიშნული წინაპირობა. კერძოდ, მხარეთა შორის 2011 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება; ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდის მიერ შესრულებულ იქნა 12 062 724,56 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც შემკვეთს არ აუნაზღაურებია 308 592,82 ლარი. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიის სახით დაკავებული აქვს სამუშაოების ღირებულების 10%. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას, რომელიც ამ შემთხვევაშიც ზოგადი და ბუნდოვანია. კასატორი არ მიუთითებს F-ის მშენებლობის ხელშეკრულების რომელი პირობების გამოკვლევის გარეშე იყო შეუძლებელი დავის მართებულად გადაწყვეტა.

30. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით, მოპასუხეს უარი ეთქვა საქმეზე F-ის ხელშეკრულების წიგნის დართვაზე იმის გამო, რომ არ არსებობდა საპატიო გარემოებები, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ იქნა წარდგენილი (სსსკ-ის 380-ე მუხლი).

31. კასატორი, აგრეთვე, ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინების გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა საქმეზე მტკიცებულების სახით F-ის მშენებლობის ხელშეკრულების პირობების ქართული თარგმანის დართვაზე.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

34. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი იყო იგივე შუამდგომლობა, რაზეც წინა სასამართლო სხდომაზე სასამართლოს უკვე ნამსჯელი ჰქონდა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა F-ის მშენებლობის ხელშეკრულების პირობების საქმეზე დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, საპატიო გარემოებები, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ იქნა წარდგენილი (იხ. 16.01.2019წ. სხდომის ოქმი 15:53:04-15:54:30სთ.). ამდენად, მოპასუხემ ზემოაღნიშნული მტკიცებულების დართვის თაობაზე შუამდგომლობა განმეორებით წარადგინა, რის გამოც აღარ არსებობდა მასზე მსჯელობის საფუძველი.

35. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინება სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული ისეთი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

38. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1407-2019, 06 დეკემბერი, 2019 წელი; №ას-1207-2019, 31 იანვარი, 2020 წელი; №ას-495-2020, 23 ოქტომბერი, 2020 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ს.გ.წ.კ–იას“ (ს/კ: ....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 25 ივლისს №25141233 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 (რვა ათასი) ლარის 70% – 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი