საქმე №ას-83-2022 20 მაისი, 2022 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება
დავის საგანი - საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლამ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა დ.მ–ძის (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, საიჯარო ქირის სახით 7855 ლარისა და ასევე, პირგასამტეხლოს სახით, დავალიანების ძირითადი თანხის - 7855 ლარის 0.1%-ის (2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით - 1 436.87 ლარი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების მოთხოვნით (იხ. დაზუტებული სარჩელი, 28.05.2016 წლის სხდომის ოქმი, დრო - 17:03:39).
2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:
3. 2015 წლის 26 იანვარს მხარეთა შორის 1 წლის ვადით გაფორმდა N9 იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება). ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა ქ.თბილისში, ბარნოვის ქ.N46-ში შენობის პირველ სართულზე არსებული სპორტული დარბაზი N1 გასახდელებთან ერთად [(597,407+23,314) ჯამში 620,721 კვ.მ ფართი]. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, მოიჯარეს ფართით სარგებლობის უფლება გადაეცა კვირაში 23 საათით, კერძოდ, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16:00 საათიდან 20:30 საათამდე. ამასთან, ხელშეკრულების ღირებულება კომუნალური გადასახადების ჩათვლით განისაზღვრა წელიწადში 12070 ლარით, ხოლო წინმსწრებით 10 თვეზე გადანაწილებით თვიური საიჯარო ქირა უნდა გადახდილიყო ყოველი საანგარიშსწორებო თვის ბოლო რიცხვამდე. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2015 წლის 26 იანვარს და მოქმედებდა ერთი წლის ვადით ანუ, 2015 წლის 25 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების 4.6 პუნქტით განისაზღვრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გადასახდელი ქირის 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოიჯარის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას და მის არაჯეროვან შესრულებას. მოპასუხემ გარდა წინმსწრებით გადახდილი სამი თვის საგარანტიო თანხისა (3 015), რაც მოიჯარეს ეთვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ღირებულებაში, საიჯარო ქირის გადახდა განახორციელა მხოლოდ ერთხელ 2015 წლის 30 აპრილს 1 200 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა შეტყობინებები საიჯარო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. მოპასუხემ მხოლოდ ერთხელ გადაიხადა საიჯარო ქირა. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 7 855 ლარს, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 1 436.87 ლარს 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, რაც ყოველდღიურად იზრდება.
4. მოპასუხემ მარტივი შედავებით სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის სახით - 7 855 ლარის და პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დავალიანების ძირითადი თანხის - 7 855 ლარის 0.1%, 8 თვის მანძილზე, რაც ჯამში შეადგენს - 1 885.2 ლარს, გადახდა დაეკისრა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ერთი წლის ვადით, დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, ბარნოვის ქ. N46-ში მდებარე N53 საჯარო სკოლის შენობის პირველ სართულზე არსებული სპორტული დარბაზი N1 და მასთან არსებული გასახდელი (ჯამში 620.721 კვ.მ ფართი) იქ არსებულ ინვენტართან ერთად (ს.ფ. 19-23).
10. ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს საიჯარო ფართით სარგებლობის უფლება მიენიჭა საათობრივად, კვირაში 23 საათით, შემდეგი განრიგით: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16:00-20:30 საათამდე; სამშაბათს და ხუთშაბათს 16:00-19:30 საათამდე და შაბათს 11:00-13:30 საათამდე.
11. ხელშეკრულების საერთო წლიური ღირებულება, კომუნალურ გადასახადებთან ერთად განისაზღვრა 12 070 ლარით, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა წინმსწრებად 10 თვის განმავლობაში (ივლისი, აგვისტოს თვის გამოკლებით), თვეში 1 207 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად,
12. არდადეგების პერიოდში საიჯარო ქირა გადანაწილებულია დანარჩენ თვეებზე.
13. მხარეთა მიერ შეთანხმდა პირგასამტეხლო, კერძოდ, თუკი მოიჯარე არ გადაიხდიდა თანხას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, იგი ვალდებული იყო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაეხადა გადასახდელლი თანხის 0.1% მეიჯარის სასარგებლოდ.
14. ხელშეკრულებით მეიჯარეს მიენიჭა უფლება ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მოიჯარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვადის 3 თვით გადაცილების შემთხვევაში, რის თაობაზეც ხელშეკრულების შეწყვეტამდე წერილობით უნდა შეეტყობინებინა მოიჯარისათვის.
15. მოპასუხემ, ხელშეკრულების დადების ეტაპზე წინასწარ, ბე-ს სახით, 3015 ლარი გადაიხადა, რაც მხარეთა შეთანხმებით, საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხელშეკრულებით განსაზღვრულ საიჯარო ღირებულებაში ეთვლება (ს.ფ. 36; 21; მხარეთა ახსნა-განმარტება).
16. მოპასუხემ, იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ქირის გადახდის ვალდებულება დაარღვია, მისი მხრიდან საიჯარო ფართით სარგებლობის პერიოდში ქირის გადახდა 1 200 ლარის ოდენობით მხოლოდ ერთხელ - 2015 წლის 30 აპრილს განხორციელდა (ს.ფ. 34; მხარეთა ახსნა-განმარტება);
17. მოპასუხეს წლიური საიჯარო ქირიდან მხოლოდ 4 215 ლარი აქვს გადახდილი, რაც ბე- ს სახით გადახდილ 3 015 ლარსა და 30.04.2015 წ. გადახდილ 1 200 ლარს მოიცავს (ს.ფ. 34; 36; მხარეთა ახსნა-განმარტება).
18. მეიჯარემ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხეს საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა დ.მ–ძის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა (ს.ფ. 25-30; მხარეთა ახსნა-განმარტება).
19. მოპასუხეს დარჩენილი აქვს საიჯარო ქირის გადასახადი 7 855 ლარის ოდენობით, ასევე სახელშეკრულებო დათქმის შესაბამისად, მას ეკისრება პირგასამტეხლო, რაც 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 1 436.87 ლარს, რომელიც იზრდება ყოველდღიურად (ს.ფ. 31-32).
20. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 7 855 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 8 თვის მანძილზე, დავალიანების ძირითადი თანხის - 7 855 ლარის 0.1% -ის, 1 885.2 ლარის გადახდა დაეკისრა.
21. მოსარჩელემ - სსიპ აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №53 საჯარო სკოლამ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრებაზე უარის თქმისა და მისი შემცირების მართლზომიერებაზე.
22. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვით, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა. კერძოდ, უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები პირგასამტეხლოს ოდენობაზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულების 6.6 პუნქტის თანახმად, თუკი მოიჯარის მხრიდან თანხის გადახდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდებოდა, იგი ვალდებული იყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელლი თანხის 0.1% მეიჯარის სასარგებლოდ გადაეხადა.
23. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია. მოპასუხეს ვალდებულების დარღვევა სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გამოყენების გადახდის ვალდებულება.
24. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება- არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს. სააპელაციო პალატა, აქვე განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.
25. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, 1885,2 ლარის ოდენობით, წარმოადგენდა შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა, არა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არამედ ხელშეკრულების მოქმედების 8 თვის მანძილზე. აღნიშნული მიდგომით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება, თანაბრად მოხდებოდა. კერძოდ, ერთი მხრივ, კრედიტორის შელახული ინტერესი გონივრულ ოდენობამდე იქნებოდა აღდგენილი, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევისათვის შესაბამის გონივრული პასუხისმგებლობის წარმოშობას უზრუნველყოფდა.
26. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა, წინამდებარე განჩინებაში მოყვანილი პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნები და დანიშნულება, გაითვალისწინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა, ასევე მოვალის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №53 საჯარო სკოლის სააპელაციო პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით, სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, ჯამში 1885,2 ლარის ოდენობით, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის კომპნესირებისათვის, ადეკვატურ რაოდენობად იქნა მიჩნეული.
27. რაც შეეხება დ.მ–ძის სააპელაციო მოთხოვნას პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირება ისედაც მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა და სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების პირობებშიც კი, იგი კვლავ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა, რომელიც შეუსაბამო იყო, როგორც მოვალის ფინანსურ მდგომარეობასთან, ასევე ვალდებულების დარღვევის ხასიათთან და იგი მოვალის ინტერესებს გაუმართლებლად ლახავდა. მხარეს, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ითხოვს, ევალება მისი შეუსაბამობის დადასტურებაც. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს აღნიშნულთან მიმართებით არგუმენტირებული ახსნა-განმარტება ან/და სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მსგავსი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, მხოლოდ აპელანტის მატერიალურ მდგომარეობაზე მითითება, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების მიზნებისთვის, არარელევანტურია. ამდენად, დ.მ–ძის სააპელაციო საჩივარში მოყვანილმა მსჯელობამ სასამართლო ვერ დაარწმუნა, რომ დარიცხულ პირგასამტეხლოსა და ვალდებულების დარღვევის ხასიათს შორის შეუსაბამობა არსებობდა, აღნიშნული კი, სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლად იქნა მიჩნეული.
28. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ (აპელანტი) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას და დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან სრულიად გათავისუფლებას.
29. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და ამ ნაწილში გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. კასატორი მიუთითებს სსკ-ის 420-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კასატორი მიუთითებს, რომ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ნამსჯელია პირგასამტეხლოს გონივრულობასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებზე, საბოლოოდ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება მათ საპირსპიროდაა მიღებული, როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა საიჯარო ქირის ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას - დღეში ძირითადი თანხის 0,1%, რაც წლიური 36%-ია, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა დაექვემდებაროს შემცირებას სამართლიან ოდენობამდე" (სუსგ Nას-2-2-2016; 14 ივნისი, 2016 წელი). კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ „გონივრულ", „სამართლიან" ოდენობამდე შეამცირა პირგასამტეხლო, მაგრამ პირგასამტეხლოს სახით 1885.2 ლარის დაკისრება ანუ, 8 თვის განმავლობაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ძირითადი თანხის 0,1%-სა არის უკანონო, მაშინ როდესაც გადახდილი იყო ხელშეკრულების დადების ეტაპზე წინასწარ, ბე-ს სახით 3 015 ლარი და ქირა - 1 200 ლარის ოდენობით. კასატორი აღნიშნავს, რომ თანხის გადაუხდელობა გამოწვეული იყო მისი მეუღლის მძიმე ავადმყოფობით. 4 წლის განმავლობაში უწევდა ფინანსების მობილიზება, რომ ჩაეტარებინა შესაბამისი მკურნალობა და შეენარჩუნებინა მისთვის სიცოცხლე (თვეში დაახლოებით 10000 ლარამდე თანხის მოძიება მოხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდი), თუმცა, უმძიმესი დაავადების გამო, მისი მეუღლე გარდაიცვალა. კასატორი აღნიშნავს, რომ არაერთი პირისგან ნასესხები აქვს გარკვეული თანხა ზემოხსნებული გარემოების გამო. მისი ფინანსური მდგომარეობა დღემდე ძალიან მძიმეა. პანდემიიდან და მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღემდე ვერ მუშაობს და არ აქვს შემოსავალი. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეს თან ურთავს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, რომ სასამართლოს შეექმნას რწმენა მის ფინანსური მდგომარეობის სიმძიმის თაობაზე. კასატორი მოითხოვს, რომ პირგასამტეხლოს გადახდისგან სრულად გათავისუფლდეს, ასევე, ძირ თანხაზე მოითხოვს, რომ გაკეთდეს გონივრული გრაფიკი. კასატორი აღნიშნავს, რომ ცდილობდა მოლაპარაკებას მოსარჩელესთან, თუმცა, დღემდე ვერ მოხერხდა ძირ თანხაზე გრაფიკის გაკეთება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
33 საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
34 სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
35 წინამდებარე განჩინების პპ: 13, 16-20 დადგენილია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმდა პირგასამტეხლო, კერძოდ, თუკი, მოიჯარე არ გადაიხდიდა თანხას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, იგი ვალდებული იყო ვადაგადაცილებულ დღეზე გადაეხადა გადასახდელი თანხის 0.1% მეიჯარის სასარგებლოდ. მოპასუხემ, იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ქირის გადახდის ვალდებულება დაარღვია, მისი მხრიდან საიჯარო ფართით სარგებლობის პერიოდში ქირის გადახდა 1 200 ლარის ოდენობით მხოლოდ ერთხელ - 2015 წლის 30 აპრილს განხორციელდა (ს.ფ. 34; მხარეთა ახსნა-განმარტება). მოპასუხეს წლიური საიჯარო ქირიდან მხოლოდ 4 215 ლარი აქვს გადახდილი, რაც ბე-ს სახით გადახდილ 3 015 ლარსა და 30.04.2015წ. გადახდილ 1200 ლარს მოიცავს (ს.ფ. 34; 36; მხარეთა ახსნა-განმარტება). მეიჯარემ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხეს საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა, დ.მ–ძის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა (ს.ფ. 25-30; მხარეთა ახსნა-განმარტება). მოპასუხეს დარჩენილი აქვს საიჯარო ქირის გადასახადი 7 855 ლარის ოდენობით, ასევე, სახელშეკრულებო დათქმის შესაბამისად, მას ეკისრება პირგასამტეხლო, რაც 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 1 436.87 ლარს, რომელიც იზრდება ყოველდღიურად (ს.ფ. 31, 32) (იხ., ს.ფ. 310, 311).
36 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 7 855 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 8 თვის მანძილზე, დავალიანების ძირითადი თანხის - 7 855 ლარის 0.1% -ის, 1 885.2 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით.
37 განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს, რომ სრულად გაუქმდეს დაკისრებული პირგასამტეხლო. კასატორი აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და ამ ნაწილში გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ „გონივრულ", „სამართლიან" ოდენობამდე შეამცირა პირგასამტეხლო, მაგრამ პირგასამტეხლოს სახით 1885.2 ლარის დაკისრება ანუ, 8 თვის განმავლობაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ძირითადი თანხის 0,1%-სა არის უკანონო, მაშინ როდესაც გადახდილი იყო ხელშეკრულების დადების ეტაპზე წინასწარ, ბე-ს სახით 3 015 ლარი და ქირა - 1 200 ლარის ოდენობით (იხ., ამ განჩინების პ. 29).
30. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში მითითებული არგუმენტები არ წარმოშობენ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლებს.
31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
32. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ: ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
34. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
36. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
37. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. შeსაბამისად, კასატორის მოთხოვნა დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია.
38. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, სსკ-ის 420-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
39. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, ხოლო სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, 1885,2 ლარის ოდენობით, წარმოადგენდა შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა, არა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არამედ ხელშეკრულების მოქმედების 8 თვის მანძილზე. აღნიშნული მიდგომით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება, თანაბრად მოხდებოდა. კერძოდ, ერთი მხრივ, კრედიტორის შელახული ინტერესი გონივრულ ოდენობამდე იქნებოდა აღდგენილი, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევისათვის შესაბამის გონივრული პასუხისმგებლობის წარმოშობას უზრუნველყოფდა. შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, ჯამში 1885,2 ლარის ოდენობით, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის კომპენსირებისათვის, ადეკვატურ რაოდენობად იქნა მიჩნეული.
40. საკასაციო პაატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების შესაძლებლობა და ამ თვალსაზრისით, საკასაციო ს აჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
41. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი მოითხოვს, რომ ძირ თანხაზე გაკეთდეს გონივრული გრაფიკი. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ცდილობდა მოლაპარაკებას მოსარჩელესთან, თუმცა, დღემდე ვერ მოხერხდა ძირ თანხაზე გრაფიკის გაკეთება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მხარეთა დისპოზიციური უფლებაა, კერძოდ, სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამასთან, მორიგება, მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში მიღწეული ორმხრივი შეთანხმებაა. შესაბამისად, არც ამ ნაწილშია საკასაციო საჩივარი დასაშვები. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მორიგება შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
45. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე