Facebook Twitter

საქმე №ას-806-2021 22 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ხ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ტ–ძე (მოპასუხე)

არასრულწლოვანი – ლ.ტ–ძე

არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი - ს.კ–ი

მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ალიმენტისა და სარჩოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 02.10.2020 წლის გადაწყვეტილებით ნ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა მოსარჩელესა და ლ.ტ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) შორის 18.01.2018 წელს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი N01183000398). არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) შვილი, 12.02.2019 წელს დაბადებული ლ.ტ–ძე (შემდეგში „არასრულწლოვანი“) აღსაზრდელად გადაეცა დედას და მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი. მოპასუხეს არასრულწლოვნის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად – 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 31.12.2019 წლიდან, მის სრულწლოვანებამდე. მოსარჩელის მოთხოვნა სარჩოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში ეფუძნება შემდეგს:

1.1. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 18.01.2018 წლიდან და მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 12.02.2019 წელს დაბადებული არასრულწლოვანი.

1.2. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.

1.3. მოპასუხეს გააჩნია სასესხო ვალდებულებები საბანკო დაწესებულების მიმართ. სს ,,თ.ბ–ის“ მიერ 17.09.2020 წელს გაცემული ცნობით დადგენილია მოპასუხის დავალიანების ოდენობა.

1.4. ,,ს.ა.ჰ–ის" გენერალური დირექტორის მადლობის წერილით დასტურდება, რომ ლ.ტ–ძესთან გაფორმებული კონტრაქტი დასასრულს მოუახლოვდა და იგი აღარ მუშაობს. სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, მოპასუხეს ამჟამად არ აქვს მუდმივი შემოსავალი, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს მას შვილის აღზრდა-განვითარებაში მონაწილეობის მიღებისაგან.

1.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1198-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში, უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას, უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, ალიმენტის ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან, მომავალი დროისათვის. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა, გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს, მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების მხედველობაში მიღება თავისთავად გულისხმობს, მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც, უნდა განისაზღვროს ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რაც საჭიროა არასრულწლოვნის რჩენისა და აღზრდისათვის.

1.6. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილთან ერთად. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას, იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია გარემოება, რომ მოპასუხის კმაყოფაზე არასრულწლოვნის გარდა სხვა პირი არ იმყოფება.

1.7. მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად 300 ლარს.

1.8. სამოქალაქო კანონმდებლობა განსაზღვრავს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობას. სსკ-ის 1182-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას, ან/და სარჩოს მიცემის შესახებ, მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას, სასამართლო წესით, სარჩოს მიღების უფლება აქვს ცოლს, ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან – სამი წლის განმავლობაში. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა–განმარტებით დასტურდება, რომ მოპასუხე მატერიალურ დახმარებას უწევდა მოსარჩელეს ფეხმძიმობის პერიოდში. გარდა ამისა, 02.10.2020 წლამდე არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა მამის საცხოვრებელი ადგილი და მის მოვლა–პატრონობას უზრუნველყოფდა მოპასუხე. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა - მოპასუხისთვის არასრულწლოვნის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან (31.12.2019 წლიდან) მის სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით ალიმენტის, ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ ორსულობისა და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში (15.05.2018 წლიდან 12.02.2022 წლამდე პერიოდზე) ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩოს დაკისრება (იხ.:14.04.2021 წლის სხდომის ოქმი).

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 18.05.2020წ. დამსაქმებლის ელექტრონული წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებისა და კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გამო, რამაც უარყოფითად იმოქმედა მათ ფუნქციონირებასა და საქმიანობაზე და გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელი იყო მოპასუხეს ჩვეულებისამებრ, დადგენილი გრაფიკით შეესრულებინა სამსახურებრივი მოვალეობა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით იგი უნდა გასულიყო შვებულებაში.

3.2. 07.09.2020წ. ,,M. H. C”-ს გენერალური დირექტორის მიერ მოპასუხისთვის ელექტრონულად მიწერილ მადლობის წერილში აღნიშნულია, რომ მოპასუხის შრომითი კონტრაქტი დასასრულს მიუახლოვდა.

3.3. მოსარჩელე მუშაობდა ააიპ ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ამბროლაურის საბავშვო ბაგა-ბაღში შემდეგ პოზიციებზე: ძიძა-სანიტრის თანამდებობაზე (ხელფასი 310 ლარი); პირველი ცვლის აღმზრდელის თანამდებობაზე (ხელფასი 460 ლარი); აღმზრდელის თანაშემწის თანამდებობაზე (ხელფასი 340 ლარი). 28.02.2020წ.-დან იგი აღარ მუშაობდა აღმზრდელის თანაშემწის თანამდებობაზე.

3.4. საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მოპასუხეს 01.05.2020 წლის შემდეგ, სამუშაოდან გათავისუფლებამდე (2020 წლის სექტემბრამდე), მხოლოდ 2020 წლის 17 აგვისტოს, ჩარიცხული აქვს დამატებით 200 აშშ დოლარი. სადავო პერიოდში სხვა შემოსავლების არსებობა მოპასუხეს არ უფიქსირდება.

3.5. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1212-ე, 1214-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხე ამჟამად არ მუშაობს, აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკის მიმართ, ალიმენტის სახით დაკისრებული 300 ლარი გონივრული ოდენობაა და არ არსებობს უფრო მეტი ოდენობის ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

3.6. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 1182-ე მუხლის „ბ“ მუხლის ნორმატიული შინაარსი თავისთავად არ ნიშნავს სარჩოს უპირობოდ დაკისრებას. სარჩოს დაკისრებისას შეფასებული უნდა იქნას ყოველი კონკრეტული შემთხვევა, მხარის რეალური ფინანსური შესაძლებლობები, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი და არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს.

3.7. მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ მოსარჩელის მშობიარობის შემდეგ. მოსარჩელის განმარტებითვე დგინდება, რომ მოპასუხე მეუღლის ორსულობის პერიოდში მატერიალურად ზრუნავდა მასზე, რაც გამოვლინდა, თუნდაც, საბანკო ბარათის სარგებლობაში გადაცემაში. შესაბამისად, ორსულობის პერიოდზე სარჩოს დაკისრება უსაფუძვლოა. რაც შეეხება ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში სარჩოს დაკისრებას, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული აქვს ალიმენტი ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, გაუმართლებელია მოპასუხეს დაეკისროს სარჩო მეუღლის სასარგებლოდ, რამდენადაც მოპასუხის ამ ვალდებულებით დამატებით დატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს ალიმენტის ნაწილში ვალდებულების შესრულების გართულება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება (დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

8. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ არსებობს. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.11.2021წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია გააკეთოს შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ Nა-1915-ბ-8-2015 , 22.07.2015წ.; Nას-1150-2020, 29.11.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (Nას-1150-2020, 29.11.2021წ.).

9. კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოპასუხისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და ითხოვს მის გაზრდას 300 ლარიდან 600 ლარამდე.

10. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

11. სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).

13. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლომ შეისწავლა ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა დასაქმების და შრომის ანაზღაურების არარსებობის თაობაზე, ასევე მოპასუხის შემოსავლები და მის ანგარიშებზე ბრუნვა. სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოპასუხე ამჟამად დასაქმებული არ არის.

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის და სსკ-ის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 300 ლარი და ამ ეტაპზე, არსებული ფაქტობრივი წინაპირობების გათვალისწინებით, არ არსებობს ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი. ამასთან, მოპასუხის დასაქმების შემთხვევაში მოსარჩელეს უნარჩუნდება სსკ-ის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ახალი სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

15. კასატორის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის ორსულობისა და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში (15.05.2018 წლიდან 12.02.2022 წლამდე პერიოდზე) ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით სარჩოს დაკისრება სსკ-ის 1182-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვს ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მეუღლეები ვალდებულნი არიან იზრუნონ ერთმანეთზე და მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ეს მარტო ზნეობრივი მოვალეობა კი არა, იურიდიული ვალდებულებაცაა (რომან შენგელია, სსკ-ის კომენტარი, წიგნი V, თბილისი, 2000 წელი, მუხ. 1182, გვ. 144). სსკ-ის 1182-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესი სარჩოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად თანაბრად გამოიყენება როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე განქორწინების შემდეგ, თუმცა ის სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევაში იძენს პრაქტიკულ მნიშვნელობას. მის შესაბამისად, ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში აქვს სასამართლო წესით სარჩოს მოთხოვნის უფლება. ორსული ცოლისა და სამ წლამდე ასაკის ბავშვის დედისათვის სარჩოს გადახდის მოთხოვნა რანგით ჩამორჩება და უკან იხევს არასრულწლოვანი შვილისათვის სარჩოს გადახდის ვალდებულების წინაშე, თუმცა წინ უსწრებს ყველა სხვა საოჯახოსამართლებრივ რჩენის მოთხოვნას. გაუმართლებელია, მეუღლეს დაეკისროს სსკ-ის 1182-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარჩოს გადახდა ცოლის სასარგებლოდ, თუ ეს, ყოველთვიურ ხელფასთან ამ ვალდებულების თანაფარდობის გათვალისწინებით, გაართულებს არასრულწლოვანი შვილების საალიმენტო ვალდებულების შესრულებას (რუსიაშვილი/ქავშბაია/ბატიაშვილი, სსკ-ის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021 წელი, მუხ.1182, ველი 19-21).

17. სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოპასუხე მეუღლის ორსულობის პერიოდში მატერიალურად ზრუნავდა მასზე. რაც შეეხება ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში სარჩოს დაკისრებას, მოპასუხის რეალური მატერიალური მდგომარეობის და მოპასუხისთვის უკვე დაკისრებული საალიმენტო ვალდებულების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ მსჯელობას ამ მოთხოვნის უარყოფის თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ხ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. ნ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია