Facebook Twitter

საქმე №ას-1034-2020 22 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ძ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ნი, ნ.ჩ–ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.06.2019 წლის გადაწყვეტილებით ნ.კ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე", „მსესხებელი“) და ნ.ჩ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე", პირველ მოსარჩელესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ 20.08.2018 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემცირდა 27 000 აშშ დოლარით და განისაზღვრა სესხის ძირი თანხა 93 000 აშშ დოლარით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 26.04.2017 წელს ე.ძ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „გამსესხებელი“ ან „კასატორი“) და პირველ მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს ექვსი თვის ვადით ასესხა 120 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 2,5% სარგებლის დარიცხვით. მსესხებელი ვალდებულიყო იყო, ყოველი თვის არაუგვიანეს 26 რიცხვისა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი. ხელშეკრულების მერვე პუნქტის თანახმად, მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ ურთიერთშეთანხმებით გაეგრძელებინათ სესხის დაბრუნების ვადა, ვადის გაგრძელება უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი N34.08.57.065). იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

1.2. 20.08.2018 წელს ნოტარიუს ი.ხ–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 120 000 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 130,26 ლარი და სააღსრულებო ხარჯი.

1.3. მოსარჩელეთა განმარტებით, მსესხებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ექვსი თვის ვადის გასვლის შემდგომაც აგრძელებდა ყოველთვიურად თანხის გადახდას, რაზედაც მხარეები წერილობითი ფორმით არ შეთანხმებულან. თანხის გადახდის დასადასტურებლად მოსარჩელეები უთითებენ 15.08.2018 წელს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 26.04.2017 წლიდან 15.08.2018 წლამდე მსესხებლის მიერ გადახდილია სარგებელი სრულად.

1.4. სასამართლომ მიუთითა მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 429-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება.

1.5. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით. ხელშეკრულების ვადა წერილობით არ გაგრძელებულა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლომ 15.08.2018 წელს გაფორმებული შეთანხმება არ მიიჩნია სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებად. მოვალეს სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 120 000 აშშ დოლარის 2,5% - 3000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, არაუგვიანეს ყოველი თვის 26 რიცხვისა, ანუ 2017 წლის 26 ოქტომბრამდე. შესაბამისად, 26.10.2017 წლიდან 26.07.2018 წლის ჩათვლით გადახდილი სარგებელი 27000 აშშ დოლარი (3000 აშშ დოლარი X 9 თვეზე) ჩაითვალა ძირ თანხაში გადახდილად და სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ძირითადი თანხის ნაწილში 120 000 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 93000 აშშ დოლარით.

1.6. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 625-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი ადგენს ქცევის წესს, რომლითაც მხარეები უფლებამოსილნი არიან ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეთანხმდნენ პროცენტის გადახდაზე. სსკ-ის 403-ე მუხლის თანახმად კი, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სსკ-ის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება სსკ-ის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. მხარეთა შორის სსკ-ის 403-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება შეთანხმებული არ ყოფილა. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 26.10.2017 წელს, შესაბამისად, მოთხოვნა მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ საპროცენტო სარგებლის სახით გადახდილი თანხის ძირითად თანხაში ჩათვლის შესახებ ნაწილობრივ, 27 000 აშშ დოლარის ნაწილში, მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მხარეთა შორის სსკ-ის 623-ე მუხლით (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მოწესრიგებული სასესხო ურთიერთობის არსებობა დავას არ იწვევს. სადავოა 20.08.2018 წელს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ფულადი ვალდებულების მოცულობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

9. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით წამოყენებული არ არის დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია, რომ 26.04.2017 წელს ექვსი თვით გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 26.10.2017 წელს და მისი ვადა არ გაგრძელებულა.

10. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მსჯელობა 15.08.2018 წლის შეთანხმების ვალდებულების წარმოშობის დამოუკიდებელ საფუძვლად მიჩნევის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენა სსკ-ის 341-ე მუხლით (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შდრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 08.11.2011წ.; №ას-392-371-2013, 08.11.2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ.; №ას-758-2019, 22.10.2019წ.). ვალის აბსტრაქტული (კონსტიტუციური) აღიარების, როგორც ვალდებულების წარმოშობის ახალი საფუძვლისაგან, უნდა გაიმიჯნოს ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა, თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვქვეშ დააყენებს (Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §781, Rn. 2-6; ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.11). ამდენად, კაუზალური აღიარების მიზანია: ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და არა ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა; დავისა თუ გაურკვევლობის თავიდან აცილება (შდრ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ. §781, ველი 2,3). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე ნათელია, რომ 15.08.2018 წლის შეთანხმება წარმოადგენს უკვე არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ფაქტობრივი მოცემულობის ამსახველ დოკუმენტს და ვერ შეფასდება ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის ახალ, დამოუკიდებელ საფუძვლად, სსკ-ის 341-ე მუხლით განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელი, რომელში ცვლილების შეტანის მოთხოვნითაც არის სარჩელი აღძრული, გაცემულია 26.04.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების აღსასრულებლად და არა 15.08.2018 წლის შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ 15.08.2018 წლის შეთანხმებით გამსესხებელმა აღიარა 26.04.2017 წლიდან 15.08.2018 წლამდე მსესხებლის მიერ ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის ოდენობის შესაბამისი თანხის სრულად გადახდის ფაქტი, რასაც, იმის გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის (ანუ 26.10.2017 წლის) შემდგომ გადახდილი 27 000 აშშ დოლარი (კასატორი სადავოდ არ ხდის ამ თანხის გადახდას) სწორად ჩაითვალა ძირ თანხაში გადახდილად და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ძირითადი თანხის ნაწილში 120 000 აშშ დოლარის ნაცვლად მართებულად განისაზღვრა 93 000 აშშ დოლარით.

11. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 4538 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 3176.6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ძ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ე.ძ–იას (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს ნ.გ–ას (პ/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4538 ლარის (საგადახდო დავალება №1604928207, გადახდის თარიღი 09.11.2020წ.) 70% – 3176.6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია