Facebook Twitter

საქმე №ას-1153-2021 30 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ო. შ–ძე, ს. შ–ძე და მ. შ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ნ.ტ–აძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2021 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.05.2020 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „კ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ო. შ–ძის, ს. შ–ძის, მ. შ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კერძო საჩივრის ავტორები“) და ნ.ტ–აძის (შემდეგში ტექსტში კერძო საჩივრის ავტორებთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“) მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ხელშეკრულებით განსაზღვრული დავალიანების 11 987,34 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 8824,94 აშშ დოლარი - ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი თანხაა; 2429,46 აშშ დოლარი - სარგებელი (%), 703,74 აშშ დოლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხაა, 17,77 აშშ დოლარი - 0,27% ჯარიმა ძირზე, 5% ჯარიმა ძირზე - 11,43 აშშ დოლარი; დადგინდა, რომ დავალიანების გადახდევინების მიზნით პირველ რიგში მოხდეს მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული ყველა შენობა-ნაგებობის, მდებარე წყალტუბოს რაიონი, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი 11 445 კვ.მ, ს/კ # ........ რეალიზაცია; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებიდან.

2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრები წარადგინეს მოპასუხეებმა, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 26.06.2020 წლის და 20.07.2020 წლის განჩინებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და განჩინებებზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.11.2020 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 479.49 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

3.2. 07.12.2020 წელს აპელანტებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გონივრული დროით გაგრძელება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.12.2020 წლის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 15 დღით.

3.3. 18.01.2021წ. აპელანტებმა იშუამდგომლეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე მძიმე ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (შუამდგომლობას ერთვოდა ჯანმრთელობის ცნობები კოვიდ ინფიცირების თაობაზე). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.01.2021 წლის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.

3.4. 12.02.2021 წელს აპელანტებმა მიმართეს სასამართლოს და კვლავ იშუამდგომლეს იმავე მიზეზით ხარვეზის შევსების ვადის 12 დღით გაგრძელების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2021 წლის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 12 დღით.

3.5. 15.03.2021 წელს აპელანტებმა სასამართლოს მიმართეს და მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის კიდევ 10 დღით გაგრძელება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.03.2021 წლის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მათ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.

3.6. 12.04.2021 წელს აპელანტებმა სასამართლოში წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და იშუამდგომლეს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.04.2021 წლის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს ხარვეზის სრულად შესავსებად ვადა გაუგრძელდათ 10 დღით.

3.7. 13.05.2021 წელს აპელანტებმა იშუამდგომლეს ხარვეზის შევსების ვადის 12 დღით გაგრძელების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.05.2021 წლის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 12 დღით.

3.8. 18.06.2021 წელს აპელანტებმა სასამართლოში კვლავ წარადგინეს განცხადება და მიუთითეს, რომ მძიმე ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სრულად ვერ ახერხებდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდას. განცხადებას ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 15 დღით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხარვეზის შევსების ვადის კიდევ გაგრძელების საფუძველი, ვინაიდან აპელანტებს ექვსჯერ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა, თუმცა მათ ხარვეზი სრულად არ შეუვსიათ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 365-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მიჩნეულ იქნა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2021 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს კერძო საჩივრის ავტორებმა, მოითხოვეს განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერება.

9. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატამ აპელანტებს ექვსჯერ გაუგრძელა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა, თუმცა აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად არ შეუვსიათ (იხ: წინამდებარე განჩინების 3.2.-3.7. პუნქტები).

11. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-1590-2019, 14.01.2020წ.; №ას-313-2019, 19.04.2019წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების არაერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ და მათ არაერთხელ გაუგრძელდათ ვადა ხარვეზის შესავსებად. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას მათ მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აპელანტებს სასამართლოსთვის მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას მასზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მათ არ განუმარტა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. სააპელაციო სასამართლოს ყველა განჩინებაში, მათ შორის ხარვეზის ვადის გაგრძელების უკანასკნელ განჩინებაში, აპელანტებს განმარტებული ჰქონდათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

16. ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორების მსჯელობა მასზე, რომ ისინი სათანადო წესით არ იყვნენ ინფორმირებული სააპელაციო სასამართლოს 24.05.2021 წლის განჩინების თაობაზე. მათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით პირადად მიმართეს სასამართლოს წერილობით, საიდანაც არაორაზროვნად ვლინდება, რომ განჩინების შინაარსი მათთვის ცნობილია და ითხოვენ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას, რაც არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მხრიდან.

17. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძველი და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. შ–ძის, ს. შ–ძის და მ. შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2021 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია