Facebook Twitter

საქმე №ას-1605-2019 5 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.ა–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოპასუხე)

მესამე პირები – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ …… საჯარო სკოლა, ო.მ–ვი, შ.მ–ვა, პ.მ–ვა, ტ.ა–ვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა.ა–ვმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა აუცილებელი სატრანსპორტო და საფეხმავლო გზის დადგენა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №003764718 დასკვნის მე-2 ვარიანტისა და მის საფუძველზე ინდივიდუალური მეწარმე მ.ა–ის მიერ მომზადებული საკადასტრო გეგმითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (სკ .....) გავლით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში აქვს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე 3100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მოქცეულია სხვა მესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გარემოცვაში. მას შეზღუდული აქვს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი აუცილებელი გზით სარგებლობის შესაძლებლობა.

3. მოსარჩელის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მდგომარეობით დამოუკიდებელი კავშირი გზასთან არ გააჩნია და შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ ორი ვარიანტი, სადაც საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან მოეწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან: პირველი ვარიანტი – №.... და №..... საკადასტრო კოდების მიწის ნაკვეთების გავლით და №2 დანართზე ყვითელი ფერის ისრების მიმართულებით; მეორე ვარიანტი – №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით №2 დანართზე ლურჯი ფერის ისრებით. მე-2 ვარიანტის შესაბამისად გზასთან დასაკავშირებლად შედარებით უფრო მოკლე მანძილია. ასევე, გადის მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნაკვეთის ნაწილს, პრაქტიკულადაც საფეხმავლო მისასვლელი გზა სწორედ ამ გზიდან იყო, და წარმოადგენს იმ ტერიტორიის „მკვდარი“ კუთხის ნაწილს, არ იქნება მიყენებული რაიმე დანაკარგი და ზიანი. მხარისათვის არსებითი მნიშვნელობისაა, ჰქონდეს აუცილებლელი საავტომობილო გზა. ის სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და კაპიტალური კედლით გამიჯნავს აუცილებელ გზას სკოლის ეზოსგან.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი გზა არ არის ერთადერთი. ექსპერტის დასკვნით, უმოკლესი საფეხმავლო და საავტომობილო გზა შეიძლება მოეწყოს №..... და №........ საკადასტრო კოდების მიწის ნაკვეთების გავლით. ამასთან, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... საჯარო სკოლის სარგებლობის უფლება. მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებულია სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, აუცილებელი უალტერნატივო კავშირი საჯარო გზასთან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

დამოკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირთა პოზიცია:

5. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... საჯარო სკოლის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მოსწავლეები სწორედ ამ ადგილიდან შედიან სკოლის ტერიტორიაზე და უწყვეტად მოძრაობენ. მოსარჩელე კი ამ ადგილს აუთვისებლად მიიჩნევს.

6. რაც შეეხება გზის გაყვანას, ეს შორეული პერსპექტივაა, და რომც განხორციელდეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობითი სამუშაოების ჩატარება იქნება ამისთვის საჭირო, რომელიც ხელისშემშლელი იქნება სასწავლო პროცესისათვის.

7. ო.მ–ვი, შ.მ–ვა, პ.მ–ვა და ტ.ა–ვა ასევე არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან მოსარჩელეს აქვს საჯარო გზასთან დამაკავშირებელი გასასვლელი. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო სხდომაზე დასახელებულმა მესამე პირებმა განმარტეს, რომ მოსარჩელეს აუცილებელი გზა უნდა დაუდგინდეს მისი მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული და არა მათი მიწის ნაკვეთების გავლით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ........) წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთი ს/კ №....... სახელმწიფოს საკუთრებაა. №....... საკადასტრო კოდით უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ო.მ–ვის, პ.მ–ვას, ტ.მ–ას და შ.მ–ვას, ხოლო №..... ს/კ მიწის ნაკვეთი – ო.მ–ვს.

11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ .......) რეგისტირებულია სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... საჯარო სკოლის სარგებლობის უფლება. იქ ამჟამად ფუნქციონირებს სკოლა, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოსაყვანად.

12. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ .......) ფაქტობრივი მდგომარეობით დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან არ გააჩნია. მას ოთხივე მხრიდან ესაზღვრება სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობით შეღობილია და სხვის მფლობელობაშია.

13. საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 5 ივნისის №5003426618 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთიდან უმოკლესი საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია, მოეწყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან: 1. ვარიანტი: №..... და №.... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულიო მიწის ნაკვეთების გავლით; 2. ვარიანტი – №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის გავლით. ორივე შემთხვევაში, მისასვლელი საავტომობილო გზის მოსაწყობად საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტდება მხარეთა შეთანხმებით და ადგილზე დაზუსტების საფუძველზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მავთულბადის ღობის ნაწილის დემონტაჟი და გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება), რომელიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო პირობების მოთხოვნების შესაბამისად.

14. ამავე ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ა.ა–ვის საკუთრების მომიჯნავედ მდებარე კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, შემოღობილია, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იგი იმყოფება კონკრეტული პირის მფლობელობაში.

15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდგომ – სსსკ) კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

17. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სოფელ ..... საჯარო სკოლის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საჯარო სკოლის კუთვნილი ეზოს გამოყენება და მასზე აუცილებელი გზის მოწყობა გამოიწვევს მისი ამჟამინდელი მესაკუთრის საკუთრების უფლების იმგვარ შეზღუდვას, რომ იგი ფიქციად გარდაიქმნება – ის ნაწილი, რომელზეც მოეწყობა აუცილებელი გზა, გაემიჯნება მიწის ნაკვეთის დანარჩენ ნაწილს კედლით და მისით ფაქტობრივად მხოლოდ მოსარჩელე ისარგებლებს საკუთარი მიზნებისთვის. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აუცილებელი გზის მოწყობა მოითხოვს გარკვეული სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას, რა დროსაც შესაძლოა, შეფერხდეს სასწავლო პროცესი, რითაც შეილახება არასრულწლოვანთა ინტერესები და, გარკვეულწილად, რისკის ქვეშ დადგეს მათი უსაფრთხოებაც.

18. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლზე და მიუთითა, რომ, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას, რის საილუსტრაციო მაგალითსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 180-ე მუხლით რეგლამენტირებული აუცილებელი გზის უფლება წარმოადგენს.

19. სსკ-ის 170-ე, 180-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლების ანალიზი იძლევა არაერთი დასკვნის გაკეთების საფუძველს, კერძოდ, აუცილებელი გზა არ შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში დადგინდეს, ასეთ დროს უნდა დადგინდეს მიწის ნაკვეთის არაჯეროვანი კავშირი სხვადასხვა კომუნიკაციებთან. მაგრამ იგი არ გულისხმობს ნებისმიერი სახის ტერიტორიასთან ან კომუნიკაცასთან კავშირს, არამედ გარკვეულ, კანონით განსაზღვრულ კომუნიკაციებთან და, რაც მთავარია, ეს დაკავშირება უნდა გამომდინარეობდეს აუცილებლობიდან, რაც გულისხმობს, რომ მიწის ნაკვეთისათვის, გარდა მითითებული გზისა, ნაკლებად უნდა არსებობდეს სხვა ალტერნატივა. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი გამოკვეთილი უნდა იყოს ამ გზის გამოყენების უპირატესობა სხვებთან შედარებით. კერძოდ, აუცილებელი გზის დადგენით, რაც შესაძლებელია, ნაკლებად უნდა შეიზღუდოს სხვა მიწის მესაკუთრის უფლებები. მოთხოვნილი გზა ყველაზე მოხერხებულ უნდა იყოს და ყველაზე მეტად უნდა შეესაბამებოდეს სწორედ ამ კონკრეტული მიზნით გზის გამოყენებას. მიწის ნაკვეთის უკეთ გამოყენების მიზნით მხარეებმა შეიძლება დაადგინონ სერვიტუტიც, მაგრამ განსხვავებით სერვიტუტისაგან, აუცილებელი გზის მოთხოვნა გამომდინარეობს არა მხარეთა შეთანხმებიდან, არამედ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებიდან, რომ იმ მიწის მესაკუთრემ, რომელზეც გადის აუცილებელი გზა უნდა ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე განხორციელებული აუცილებელი გზის მოსაწყობად აუცილებელი ღონისძიებები და გზის ექსპლოატაციის შედეგები. ასევე, აუცილებელი გზის დადგენა ხდება მაშინ, როდესაც ერთ მიწის ნაკვეთს სხვადასხვა კომუნიკაციებთან კავშირი არ გააჩნია.

20. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სსკ-ის 180-ე მუხლით სამეზობლო თმენის ვალდებულებაა განმტკიცებული, რაც საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.

21. განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვნის ურთიერთშეჯერებით იკვეთება ისეთი გარემოება, როდესაც მიწის ნაკვეთი, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის დადგენას, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებასა და საჯარო სკოლის მფლობელობაში არსებულ ქონებას, ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით ...... და .....) თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნის კომლის წევრებს – მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. ორივე მიწის ნაკვეთი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოსაყვანად. ამასთან, დადგენილია ისიც, რომ ო.მ–ვის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე (ს/კ ......) მიდის გრუნტიანი გზა და, მართალია, აღნიშნული გზა სრულად არ უზრუნველყოფს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის კავშირს საჯარო გზასთან – არ მივყავართ მასთან, თუმცა მისით სარგებლობს როგორც აპელანტი, აგრეთვე სხვა მესამე პირებიც.

22. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ჩათვალა, რომ მოპასუხის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელის ნაკვეთით ჯეროვანი სარგებლობის ერთადერთი შესაძლებლობა არ არის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არსებობს სხვა ალტერნატიული გზა, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელეს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მათ შორისაა საქმეში მესამე პირად ჩაბმული პირების თანასაკუთრება, ო.მ–ვის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და ასევე საჯარო რეესტრში მოცემული მდგომარეობით დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილია და იგულისხმება, რომ ჰყავს მფლობელი.

23. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სასამართლომ სრულად მოუსპო მის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისვლის შესაძლებლობა, რამდენადაც, როგორც სასარჩელო მოთხოვნიდან და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაჟღერებული პოზიციით დგინდება, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებასა და საჯარო სკოლის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობისკენ, რაც ერთგვარად მის სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე მეტყველებს და აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ვერ გახდება სახელმწიფოს საკუთრების ბოჭვის კანონიერი საფუძველი, მით უფრო, რომ ეს უკანასკნელი არ იკვეთება საქმის მასალებით. პალატამ განმარტა, რომ, მართალია, სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, თუმცა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ. Nას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; N ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საჯარო გზასთან დასაკავშირებლად უალტერნატივოდ ესაჭიროებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენება. აღნიშნულის სამტკიცებლად მხარემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სადავო ნაკვეთში მოხვედრა, მოპასუხის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე, შესაძლებელია კიდევ ორი რეგისტრირებული და ერთი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მეშვეობით. შესაბამისად, დგინდება რა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ჯეროვანი სარგებლობისთვის ერთადერთი ობიექტური შესაძლებლობა არ არის, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია იმგვარი სააპელაციო საჩივარი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

26. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიის დასკვნით მითითებული, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი გზის მოწყობის შესაძლებლობა, რომელიც მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთსა და საჯარო გზას შორის ოპტიმალურ კავშირს უზრუნველყოფდა. ექსპერტიზის მიერ შეთავაზებული ვარიანტი მოიცავს ორი ნაკვეთის მესაკუთრეთა უფლებების შეზღუდვას, ო.მ–ვის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გზის გაყვანის შემთხვევაში კი ამ უკანასკნელს მოესპობა საკუთარი უძრავი ნივთის გამოყენების შესაძლებლობა.

27. მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, რა გზით ისარგებლოს მოსარჩელემ კუთვნილ ნაკვეთთან მისასვლელად. გასაჩივრებული განჩინების შედეგად მას სადავო მისასვლელი არ გააჩნია.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

31. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ......) წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. მის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთი ს/კ №....... სახელმწიფოს საკუთრებაა. №..... საკადასტრო კოდით უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ო.მ–ვის, პ.მ–ვას, ტ.მ–ას და შ.მ–ვას, ხოლო №..... ს/კ მიწის ნაკვეთი – ო.მ–ვს.

32. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ......) რეგისტირებულია სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლის სარგებლობის უფლება. იქ ამჟამად ფუნქციონირებს სკოლა, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოსაყვანად.

33. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ......) ფაქტობრივი მდგომარეობით დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან არ გააჩნია. მას ოთხივე მხრიდან ესაზღვრება სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობით შეღობილია და სხვის მფლობელობაშია.

34. საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 5 ივნისის №5003426618 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთიდან უმოკლესი საფეხმავლო და საავტომობილო კავშირი საჯარო გზასთან შესაძლებელია, მოეწყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან: 1. ვარიანტი: №........ და №..... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულიო მიწის ნაკვეთების გავლით; 2. ვარიანტი – №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის გავლით. ორივე შემთხვევაში, მისასვლელი საავტომობილო გზის მოსაწყობად საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტდება მხარეთა შეთანხმებით და ადგილზე დაზუსტების საფუძველზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მავთულბადის ღობის ნაწილის დემონტაჟი და გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება), რომელიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საპროექტო და სანებართვო პირობების მოთხოვნების შესაბამისად.

35. ამავე ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ა.ა–ვის საკუთრების მომიჯნავედ მდებარე კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც არ არის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, შემოღობილია, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იგი იმყოფება კონკრეტული პირის მფლობელობაში.

36. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნით წარმოდგენილი იყო მოსარჩელის ნაკვეთსა და საჯარო გზას შორის დაკავშირების ოპტიმალური ვარიანტი. სააპელაციო სასამართლომ უარყო მოსარჩელის მოთხოვნა და არ დაუდგენია, რა გზით დაუკავშირდეს მოსარჩელე კუთვნილ უძრავ ნივთს.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

39. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; საქმე №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).

40. ამასთან, აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება.

41. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1869-2018, 25 ოქტომბერი, 2019 წელი).

42. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის (მოპასუხის) მხრიდან სადავოა საკითხი იმის შესახებ, აქვს თუ არა მოსარჩელეს საკუთარ ნაკვეთთან ალტერნატიული მისასვლელი გზა/ან მისი მოწყობის საშუალება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის - მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს თუ არა – მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (სუსგ 30.03.2020წ. საქმე №ას-261-2020).

43. საქმე სამოქალაქო საქმეზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით (სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან, ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც.

44. 39. ამდენად, სსკ-ის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კაშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (იხ. სუსგ 8.02.2019წ. საქმე №ას-1513-2018).

45. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან სათანადო კავშირი არ გააჩნია. დავას იწვევს, თუ რა სახით უნდა მოეწყოს აღნიშნული გზა. საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სთავაზობს მოსარჩელეს მოცემული გზის მოწყობის ორ ვარიანტს, თუმცა სასარჩელო მოთხოვნა შეეხება აუცილებელი გზის მოწყობას ერთ-ერთი კონკრეტული ვარიანტის მიხედვით, რომელიც შეეხება გზის მოწყობას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ექსპერტიზის მიერ შეთავაზებული მეორე ვარიანტი მოსარჩელის მიერ უარყოფილია, რადგან იგი მის ნაკვეთთან სრულყოფილ კავშირს არ უზრუნველყოფს, თანაც ორი მესაკუთრის ნაკვეთზე გადის.

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, არითმეტიკულად რამდენი მესაკუთრის უფლებას შეზღუდავს აუცილებელი გზის დადგენა, არამედ აღნიშნული შეზღუდვის ხასიათსა და ხარისხს.

47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ დაარწმუნა სასამართლო მის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი გზის უალტერნატივობასა და მისი სადავო სახით დადგენის ობიექტურ აუცილებლობაში. კასატორის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის გარემოება, რომ სადავო გზამ უნდა გადაკვეთოს საჯარო სკოლის შესასვლელი ტერიტორია, რაც პოტენციურად საფრთხის შემცველია მოსწავლეთათვის იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია სხვა სახით გზის მოწყობის შესაძლებლობაც.

48. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა, რა სახის გზის მოწყობით უნდა ისარგებლოს მოსარჩელემ კუთვნილ ნაკვეთთან მისასვლელად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული კონკრეტული ვარიანტით აუცილებელი გზის გამოყოფას. მოთხოვნის უალტერნატივო ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული იყო საპროცესო შესაძლებლობას, ემსჯელა და დაედგინა მოსარჩელისათვის საჭირო გზა სხვა ვარიანტების შესაბამისად (სსსკ-ის 248-ე მუხლის ძალით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.).

49. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

50. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

52. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

54. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ.გ–ძის მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა.ა–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

1. კასატორ ა.ა–ვს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ.გ–ძის მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი