16 მარტი 2022 წელი,
№ას-1205-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.ს–ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ს–ი, ი.შ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ს–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: გ.ს–ის და ი.შ–ძის მიმართ, მოსარჩელის სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:
3.1. მოპასუხეები არიან მოსარჩელის შვილები.
3.2. მოსარჩელე ამჟამად ქორწინებაშია - ნ.ნ–თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2017 წლის 15 მარტს დაბადებული ა.ს–ი და 2018 წლის 19 ნოემბერს დაბადებული ე.ს–ი.
3.3. მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა, რაც გამწვავდა მოსარჩელისა და მისი პირველი მეუღლის - მ.ს–ს (მოპასუხეების დედა) შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ.
3.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე არ დადგენილა იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც შეიძლება გამხდარიყო მოპასუხეების უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველი. საქმეში არ იყო წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხეების მხრიდან მამკვიდრებლისათვის მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში განზრახ ხელის შეშლას თავისი ან მისი ახლობელი პირების მემკვიდრეებად მოწვევის ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდის მიზნით, კერძოდ, მოპასუხეებს განზრახ ხელი არ შეუშლიათ მამკვიდრებელისათვის უკანასკნელი ნების განხორციელებაში, არ ჩაუდენიათ განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ ანდერძის შედგენის ფაქტიც არ დადასტურებულა და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მამკვიდრებლის უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება მოპასუხეთა მხრიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხეთა საქციელმა იგი თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მიიყვანა ზოგადი სახის განმარტების გარდა, რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებით, რაც მოპასუხეების ბრალეულობაზე მიუთითებდა, არ დადასტურებულა, არც ის გარემოება დადასტურდა, რომ მოპასუხეებს სურდათ მოსარჩელე ფსიქიკური პრობლემების გამო სამედიცინო დაწესებულებაში მოეთავსებინათ. მოსარჩელეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, სხვა იმგვარი სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხეთა მხრიდან მის მიმართ ამორალურ, არაზნეობრივ და არაკეთილსინდისიერ ქცევას დაადასტურებდა, არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
3.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, არ დადასტურებულა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მამასა და შვილებს შორის არსებობს დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა და აგრესიული ურთიერთდამოკიდებულებაა, არ შეიძლება განხილულიყო მოპასუხეებისათვის მემკვიდრეობითი უფლების ჩამორთმევის საფუძვლად. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეიცავდა სარჩელის დაკმაყოფილების მაკვალიფიცირებელ კომპონენტებს, რის გამოც არ არსებობდა მოპასუხეებისათვის მამის სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის კანონით განსაზღვრული წინაპირობები. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ გამოვლენილა იმგვარი საფუძვლების არსებობა, რომლებიც იწვევს საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევაა. სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი, იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1381-ე და 1310-ე მუხლებია.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირს შეიძლება ჩამოერთვას არა მხოლოდ მემკვიდრეობის უფლება, არამედ - სავალდებულო წილის მიღების უფლებაც. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა იმავე საფუძვლით ხდება, რომლებითაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევისგან განსხვავებით სავალდებულო წილის მიღების უფლება მემკვიდრეს შეიძლება ჩამოერთვას ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, თუ მამკვიდრებელი სიცოცხლეშივე მიმართავს სასამართლოს მემკვიდრისთვის სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის თაობაზე. უღირს მემკვიდრედ ცნობის წინაპირობებს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მემკვიდრეობის უფლება პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას და ცნობილ იქნეს უღირს მემკვიდრედ, თუ იგი ჩაიდენს ისეთ მოქმედებას, რომლითაც განზრახ ხელს შეუშლის მამკვიდრებელს უკანასკნელი ნება-სურვილის განხორციელებაში და ამით ხელს შეუწყობს თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროდან მათი წილის გაზრდას. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევისთვის უმთავრესი ფაქტორია განზრახი მოქმედება, ამასთან, განზრახი მოქმედება მემკვიდრედ მოწვევის ან წილის გაზრდის მიზნით უნდა იყოს ჩადენილი.
5.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით მოპასუხეების მიზანი და განზრახი ქმედება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მტკიცდებოდა. მოსარჩელემ წარმოადგინა წერილები ელ. ფოსტიდან, მიმოწერაში ძირითადად საუბარი იყო საქმიან ურთიერთობაში არსებულ შეუთანხმებლობაზე, ბიზნესში წილების გადანაწილების პრობლემაზე, მათი გადაჭრის შესაძლო გზებსა და ოჯახური კონფლიქტის მიზეზებზე.
მართალია, აღნიშნული წერილები ადასტურებდა მხარეებს შორის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობის არსებობას (რაც მოპასუხეებს სადავოდ არც გაუხდიათ) თუმცა, წერილები თავისი შინაარსით არ ქმნიდა იმ დასკვნის სამართლებრივ საფუძველს, რომ განხორციელებულად მიჩნეულიყო სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის წინაპირობები. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხეთა ქმედებამ ის თვითმკვლელობის მცდელობამდე არაერთხელ მიიყვანა, რა დროსაც მოპასუხეთა ქმედების მიზანს მოსარჩელის ქონების დაუფლება წარმოადგენდა, თუმცა საქმის მასალებით მოპასუხეთა განზრახი ქმედებით მოსარჩელის სიცოცხლის მოსწრაფებისა და ქონების დაპატრონების მიზანი არ მტკიცდებოდა. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილ წერილებში, მოპასუხე არასრულწლოვანი და-ძმის მიმართ გამოხატავდა რა კეთილგანწყობას, აცხადებდა მზაობას მათ მიმართ მზრუნველობის შესახებ. შესაბამისად, მხარეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი საქმიან ურთიერთობებში არსებული შეუთანხმებლობა იყო და არა მამის სიცოცხლის მოსწრაფებისა და ამ უკანასკნელის ქონების სწრაფად დაუფლების მიზანი.
5.4. საქმის მასალებით, მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა დგინდებოდა, თუმცა მხოლოდ აღნიშნული ფაქტი, საკმარისი არ იყო საკანონმდებლო ნორმის, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელებულად მისაჩნევად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელთა არსებობაც სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის განსახორციელებლად აუცილებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოს მამის ქონების მისაკუთრების მიზნით მოპასუხეების განზრახი ქმედება არ მტკიცდებოდა.
საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები თავიანთი მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ქმედებებით ცდილობდნენ მოსარჩელისაგან ქონებრივი სარგებლის მიღებას. გასაჩივრებულ განჩინებაშიც იკვეთება, რომ მოპასუხეთა მოქმედებები არ შეესაბამებოდა მორალური ქცევის სტანდარტს. მოპასუხეთა საქციელმა არაერთხელ მიიყვანა მოსარჩელე თვითმკვლელობის მცდელობამდე, მათი სურვილი მამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება და ამ უკანასკნელის ქონების უკანონოდ დაუფლება იყო, ვინაიდან ამ გზით კასატორი ვერც თავისი ქონებით სარგებლობასა და ვერც ანდერძის შედგენას შეძლებდა.
6.2. მოპასუხეთა მიზანი იყო მაქსიმალურად შეეზღუდათ კასატორისათვის თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა, რათა მას ანდერძი არ შეედგინა ან საკუთრებაში არსებული ქონება სხვა პირზე არ გაესხვისებინა. ისინი ფიქრობდნენ, რომ კასატორი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მალე დაასრულებდა სიცოცხლეს და ამის შემდგომ კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით მიიღებდნენ მამის საკუთრებას. აღნიშნული მიუთითებს მამკვიდრებლის ნებაში აშკარა ჩარევას.
6.3. უსაფუძვლოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არგუმენტი, რომ მოსარჩელეს არ ჰქონია შედგენილი ანდერძი და შესაბამისად, მისი ნების გამოვლენას მოპასუხეები ხელს ვერ შეუშლიდნენ. კანონით გათვალისწინებული სავალდებულო წილის ინსტიტუტი ზღუდავს მამკვიდრებლის ნებას, თავისუფლად გადაწყვიტოს გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების ბედი. შესაბამისად, კასატორის მხრიდან ანდერძის შედგენა აზრს მოკლებული იყო, ვინაიდან ის ანდერძში მაინც ვერ შეძლებდა საკუთარი სურვილის სრულად ასახვას.
6.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლი და, შესაბამისად, სარჩელს დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. მამკვიდრებლის უკანასკნელი ნებაა განკარგოს საკუთარი ქონება, მას შეუძლია სიცოცხლეშივე გაანაწილოს სამკვიდრო და საერთოდ არ შეადგინოს ანდერძი. ასეთი ნების გამოვლენის შეზღუდვის მცდელობა კი, მემკვიდრის უღირსად ცნობის საფუძველია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობს თუ არა მოპასუხეთათვის სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის წინაპირობები. კასატორის მტკიცებით, სახეზეა მოპასუხეების უღირს მემკვიდრეებად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რაც ამ უკანასკნელთათვის სავალდებული წილის მიღების უფლების ჩამორთმევის განმაპირობებელია.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1381-ე და 1310-ე მუხლები წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1381-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სავალდებულო წილის მიღების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს იმ საფუძვლების არსებობისას, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას. სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის და უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველს წარმოადგენს ანდერძით ან კანონით მემკვიდრე პირის მხრიდან მამკვიდრებლისათვის უკანასკნელი ნების განხორციელებაში განზრახ ხელის შეშლა თავისი ან მისი ახლობელი პირების მემკვიდრეებად მოწვევის ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდის მიზნით, ანდა განზრახი დანაშაულის ან სხვა ამორალური საქციელის ჩადენა მოანდერძის მიერ ანდერძში მითითებული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო, პირს უღირს მემკვიდრედ მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლში მითითებული გარემოებების კუმულაციური თანხვედრისას ცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავაზე უნდა გამოიკვეთოს პირის განზრახი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მამკვიდრებლისათვის მისი უკანასკნელი ნების გამოვლენაში ხელშეშლით, ხელი შეუწყოს მისი ან მისი ახლობლების მემკვიდრეებად მოწვევას მამკვიდრებლის გარდაცვალებისას (შდრ. სუსგ №ას-1070-1029-2016, 15.02.2019წ), ასეთი ქმედების მიზანს სამკვიდროში მისი წილის გაზრდა უნდა წარმოადგენდეს (შდრ. სუსგ №ას-716-716-2018, 03.09.2018წ). განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული, პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის აუცილებელი წინაპირობები არ გამოვლენილა. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძვლების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება.
14. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელისათვის რაიმე ფორმით განზრახ ხელის შეშლა მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში თავიანთი ან მათი ახლობელი პირების მემკვიდრეებად მოწვევის ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდის მიზნით, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხეთათვის სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის საფუძვლები.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა.ს–ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №11304612648, გადახდის თარიღი: 29.07.2021წ. გადამხდელის პ/ნ .......) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია