¹ 3გ-ად-18-კ-02 28 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ჩ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოპასუხის ლ. ა.-ის, მესამე პირის _ კ.-ის სოფლის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ცხოვრობს კასპის რაიონის სოფ. გ.-ში, მის მიერ აშენებულ სახლში. მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სახლის 1\2 ნაწილი, აღრიცხული ყოფილა მისი გარდაცვლილი შვილის _ მ. ჩ.-ის ოჯახის წევრების სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა კ.-ის სოფლის გამგეობაში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა და მთელი სახლის მის საკუთრებად აღრიცხვა.
კასპის რაიონული სასამართლოს 29.06.2000წ. გადაწყვეტილებით ლ. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კ.-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის ჩანაწერები, რომლის საფუძველზეც კასპის რაიონის სოფელ გ.-ში მდებარე ლ. ჩ.-ის საცხოვრებელი სახლის 1\2 ნაწილი აღრიცხული იყო აწ გარდაცვლილ მ. ჩ.-ის საკუთრებაში, ცნობილ იქნა ბათილად. საცხოვრებელი სახლი მთლიანად დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აწ გარდაცვლილი მ. ჩ.-ის მეუღლემ _ ლ. ჩ.-მ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.03.02წ. განჩინებით ლ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი კასპის რაიონული სასამართლოს 29.06. 2000წ. გადაწყვეტილებაზე საქმესთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანია სასოფლო საბჭოს აღმასკომში განხორციელებული ჩანაწერების ბათილობა, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რის გამოც პალატამ განსახილველი დავა მიიჩნია სამოქალაქო კატეგორიის საქმედ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 03.06.02წ. განჩინებით ლ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუბრუნდა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებულია სოფ. კ.-ის გამგეობის ბრალეული მოქმედება და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშობა ვალდებულება გარკვეული მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ, ჩანაწერის 1971 წლამდე არსებული სახით აღდგენაზე, რის გამოც სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში ჩაბმული უნდა იქნეს თანამოპასუხედ სოფლის გამგეობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 26.06.02წ. განჩინებით ლ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ლ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქრთველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. სასამართლოში წარდგენილი სასარჩელო განცხადებით და საქმეზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს კასპის რაიონის სოფ. კ.-ის საკომლო წიგნში სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ განხორციელებული ჩანაწერების ბათილობა, რომლითაც ი. ჩ.-ის სახლის 1\2 ნაწილი აღირიცხა მის აწ გარდაცვლილი შვილის ოჯახის წევრებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასოფლო საბჭოს აღმასკომში განხორციელებული ჩანაწერებით დაფიქსირდა კონკრეტული მომენტისათვის უძრავი ქონების ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც თავისი არსით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. ამდენად, ასეთ ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის ან მათი ბათილობის შესახებ დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას, არის კერძო-სამართლებრივი ხასიათის და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
საქმეში თავდაპირველად მესამე პირად ადმინისტრაციული ორგანოს _ კ.-ის სოფლის გამგეობის მონაწილეობა, ხოლო შემდგომში, საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 03.06.2000წ. განჩინებით გამგეობის საქმეში თანამოპასუხის სახით ჩართვა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსათვის ჩანაწერის შესწორების, 1971 წლამდე არსებული ჩანაწერის აღდგენის ვალდებულების წამროშობა არ ანიჭებს განსახილველ დავას ადმინისტრაციულ ხასიათს. საკომლო წიგნის ჩანაწერი, მასში ცვლილების შეტანა თავისი ბუნებით არის არა უფლებაწარმომქნელი, არამედ უფლებადამადასტურებელი ხასაითის, ჩანაწერი უკავშირდება უფლების დადასტურებას, მიზნად ისახავს უძრავ ქინებაზე უფლების შესახებ მონაცემების სათანადო სარწმუნოების უზრუნველყოფას და არ ეხება სამოქალაქო უფლების შინარასს, მას არ ძალუძს შეცვალოს საცხოვრებელ სახლზე (მის ნაწილზე) უფლების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი. საკომლო წიგნის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა არ არის დაკავშირებული ადმინისტრირებასთან, ადმინისტრაციული აქტის მიღებასთან. ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების სამართლებრივი შინაარსი ამ შემთხვევაში დეტერმინირებულია უფლების წარმომქმნელი კერძო-სამართლებრივი ხასიათის მატერიალური ურთიერთობებით, ჩანაწერის სამართლებრივი საფუძვლებით და უფლებაწარმომქნელი დოკუმენტაციით. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ლ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით არის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადი.
2. მოცემული საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნოს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება