Facebook Twitter

საქმე №ა-2447-გან-8-2022 24 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის №ა-4010-შ-113-2021 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით კ.მ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ.ნიჟნი ტაგილის ლენინსკის რაიონის N2 სასამართლოს უბნის 2020 წლის 13 მარტის ბრძანება. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 26 ოქტომბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

2022 წლის 18 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიურომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის №ა-4010-შ-113-2021 განჩინებით კ.მ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ.ნიჟნი ტაგილის ლენინსკის რაიონის N2 სასამართლოს უბნის 2020 წლის 13 მარტის ბრძანება, რომლითაც ა.ზ–ს არასრულწლოვანი შვილების - 2015 წლის 27 ივლისს დაბადებული ს.ა. ასული ზ–სა და 2017 წლის 20 სექტემბერს დაბადებული ნ.ა. ასული ზ–ს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის, რაც ექვემდებარება ალიმენტის სახით დაკავებას, 1/3-ის გადახდა ს.ა. ასული ზ–ს სრულწლოვანებამდე, ხოლო ნ.ა. ასული ზ–ს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის 1/4-ის გადახდა ნ.ა. ასული ზ–ს სრულწლოვანებამდე. თანხის გადახდა დაეკისრა ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლის - კ.მ–ას სასარგებლოდ 2020 წლის 10 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: თ. ლილუაშვილი, ბ. ლილუაშვილი, საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართალი, თბ., 2020, გვ.178).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან გადაწყვეტილების (ბრძანების) გამომტანი სასამართლოა რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ.ნიჟნი ტაგილის ლენინსკის რაიონის N2 სასამართლოს უბანი.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. (სუსგ №ა-1493-შ-39-2020, 29 სექტემბერი, 2020).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების თარგმანის მონაცემების საკასაციო პალატის მიერ განჩინებაში ნაწილობრივ უსწოროდ ასახვას, შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის №ა-4010-შ-113-2021 განჩინებაში და აღნიშნული განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, განჩინებისა და სააღსრულებო ფურცელის სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ.ნიჟნი ტაგილის ლენინსკის რაიონის N2 სასამართლოს უბნის 2020 წლის 13 მარტის ბრძანება, რომლითაც ა.ზ–ს არასრულწლოვანი შვილების - 2015 წლის 27 ივლისს დაბადებული ს.ა. ასული ზ–სა და 2017 წლის 20 სექტემბერს დაბადებული ნ.ა. ასული ზ–ს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის, რაც ექვემდებარება ალიმენტის სახით დაკავებას, 1/3-ის გადახდა ს.ა. ასული ზ–ს სრულწლოვანებამდე, ხოლო ს.ა. ასული ზ–ს სრულწლოვანების მიღწევისთანავე ნ.ა. ასული ზ–ს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის 1/4-ის გადახდა ნ.ა. ასული ზ–ს სრულწლოვანებამდე. თანხის გადახდა დაეკისრა ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლის - კ.მ–ას სასარგებლოდ 2020 წლის 10 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.“

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 262-ე, 284-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის №ა-4010-შ-113-2021 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის №ა-4010-შ-113-2021 განჩინებაში და აღნიშნული განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის №ა-4010-შ-113-2021 განჩინებისა და აღნიშნული განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 26 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელის სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ქ.ნიჟნი ტაგილის ლენინსკის რაიონის N2 სასამართლოს უბნის 2020 წლის 13 მარტის ბრძანება, რომლითაც ა.ზ–ს არასრულწლოვანი შვილების - 2015 წლის 27 ივლისს დაბადებული ს.ა. ასული ზ–სა და 2017 წლის 20 სექტემბერს დაბადებული ნ.ა. ასული ზ–ს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის, რაც ექვემდებარება ალიმენტის სახით დაკავებას, 1/3-ის გადახდა ს.ა. ასული ზ–ს სრულწლოვანებამდე, ხოლო ს.ა. ასული ზ–ს სრულწლოვანების მიღწევისთანავე, ნ.ა. ასული ზ–ს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის 1/4-ის გადახდა ნ.ა. ასული ზ–ს სრულწლოვანებამდე. თანხის გადახდა დაეკისრა ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლის - კ.მ–ას სასარგებლოდ 2020 წლის 10 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.“

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე