საქმე №ას-476-2022 25 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „თ. ს. ს. უ.ს პ. ს.კ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ბ-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „თ. ს. ს. უ.პ. ს. კ-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ ფასიანი შვებულების - 2 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით სსიპ „თ. ს.ს. უ. პ. ს.კ-ას“ დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სსსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თ. ხ-ის სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან სსიპ „თ. ს. ს. უ. პ. ს. კ-ის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2022 წლის 4 მაისს და ამავე წლის 6 მაისს ჩაიბარა ნ. პ-მა (სპეციალისტი).
2022 წლის 13 მაისს (გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მითითებული თარიღი, იხ. ტ.., ს.ფ. …) კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ. ტ. ., ს.ფ. …-…).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 73 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ სასამართლო გზავნილი 2022 წლის 6 მაისს ჩაიბარა ნ. პ-მა, რომლის სტატუსადაც შეტყობინებაში მითითებულია - სპეციალისტი (ტომი 2, ს.ფ. …), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა უფლებამოსილი პირისათვის და შესაბამისად მხარისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 7 მაისს დაიწყო და ამავე წლის 11 მაისს ამოიწურა.
ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა 2022 წლის 13 მაისს (გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მითითებული თარიღი, იხ. ტ…,ს.ფ. …) განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა მინდობილობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს სსსკ-ის 63-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ვინაიდან აღნიშნული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევითაა წარმოდგენილი, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 73-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ „თ.ს. ს. უ. პ. ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ „თ. ს. ს. უ. პ. ს. კ-ას“ (ს/კ …..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…., სახაზინო კოდი ….) დაუბრუნდეს სსიპ თ. ს.ს. უ-ის. მიერ 2022 წლის 1 აპრილს №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 125 ლარი და სსიპ თ. ს. ს. უ. მიერ №.... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარი (2022 წლის 11 მაისი - მოთხოვნის დამატების თარიღი; 2022 წლის 13 მაისი - ტრანზაქციის განხორციელების თარიღი);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე