საქმე №ას-384-2022 16 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ. კ.“ (სს „თ.. ბ-ის“ სავარაუდო უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ, ნ. ა, ქ. გ. (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის, სარგებლის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ. ბ.“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ნ-ას, ნ. ა-ასა და ქ. გ-ას (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებოდათ სესხის ძირი თანხის, სარგებლის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2022 წლის 16 მარტს შპს „ტ. კ-მა“ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მასსა და სს „თ. ბ-ს“ შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულბის საფუძველზე სს „თ. ბ-ს“ უფლებამონაცვლედ შპს „ტ. კ-ის ცნობა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს „ტ. კ-ს“ დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სს „. ბ-სა“ და შპს „ტ. კ-ს“ შორის 2022 წლის 21 იანვარს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების №1 დანართის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, სადაც მითითებული იქნება, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარის (მ. ნ, ნ. ა) მიმართ არსებული სს „თ. ბ-ის“ მოთხოვნის უფლება გადაეცა შპს „ტ. კ-ს“; ბ) სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით; გ)სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება შპს „ტ. კ-ის“ წარმომადგენელს თ.ფ-ს (იხ. მინდობილობა ტ. ., ს.ფ. …) გაეგზავნა 2022 წლის 19 აპრილს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ა. მ-ის ქ. …/ ა. ყ-ის გამზ. ..ბ. აღნიშნული გზავნილი 2022 წლის 21 აპრილს ჩაიბარა სამმართველოს უფროსმა - ი. ლ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ. ტ…, ს.ფ. ..-..).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 73 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ კასატორის წარმომადგენლის თ. ფ-ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი 2022 წლის 21 აპრილს ჩაიბარა ი.ლ-მა, რომლის სტატუსადაც შეტყობინებაში მითითებულია - სამმართველოს უფროსი (ტომი.., ს.ფ. …,…), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა უფლებამოსილი პირისათვის და შესაბამისად მხარისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 22 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 29 აპრილს ამოიწურა.
ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „ტ. კ-ის“ წარმომადგენელმა თ. ფ-ემ 2022 წლის 6 მაისსა და 12 მაისს განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ გზავნილი არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა, ასევე, წარმოადგინა საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს სსსკ-ის 63-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ვინაიდან აღნიშნული განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევითაა წარმოდგენილი, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია მათზე მსჯელობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 73-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ტ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ტ. კ-ს“ (ს/კ….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …., მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 2 მაისს №… საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე