Facebook Twitter

საქმე №ას-221-2022 16 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ. დ. (მოსარჩელე), კ. დ. (შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი. (ე.) ს. (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე),

გ. ბ. ს, ი. ბ. (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. დ-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. (ე.ნ) ს-უს, გ. ბ-სა და ი. ბ-ს (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხე - ი.(ე.) ს. წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და დამატებით წარადგინა შეგებებული სარჩელი მ. დ-ა და კ. დ-ის (შემდგომში -„შეგებებული სარჩელით მოპასუხეები“) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება 8 640 ლარის ოდენობით.

შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - შეგებებული სარჩელით მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ამასთან, შეგებებული სარჩელით მოპასუხეებს დაეკისრათ 6 040 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი. მ. დ-ს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 260 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; მ. დ-სა და კ. დ-ს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 202 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორებს ჩაბარდათ 2022 წლის 12 მარტს.

2022 წლის 21 მარტს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) კასატორებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს განცხადება და მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

განცხადებაში მითითებულია, რომ კასატორები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და ვერ შეძლებენ სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით მ. დ-სა და კ. დ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მ. დ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 260 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; მ. დ-სა და კ. დ-ს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 202 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ. ტ…, ს.ფ. ..-..). აღნიშნული გზავნილები ჩაიბარა კ. დ-ის მამამ - ნ. დ-მა (იხ. ს.ფ. ..-…).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 7 აპრილის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ საქმის მასალებში არსებულ მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ კასატორების სახელზე გაგზავნილი გზავნილები 2022 წლის 14 აპრილს ჩაიბარა კ. დ-ის მამამ - ნ. დ-მა (იხ. ს.ფ. ...-…). რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნევა უფლებამოსილი პირისათვის და შესაბამისად მხარისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორთათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 15 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 26 აპრილს ამოიწურა, რამდენადაც ბოლო დღე - 25 აპრილი დაემთხვა უქმე დღეს.

ამ დროის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 73-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. დ-სა და კ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. მ. დ-სა (პ/ნ …) და კ. დ-ს (პ/ნ…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეთ კ. დ-ის (პ/ნ …) მიერ 2022 წლის 10 თებერვალს №.. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე