საქმე №ას-781-2022 27 მაისი, 2022 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „ე.ჯ–ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - შპს „დ.ს.ე–ის“ სარჩელის გამო, სს „ე.ჯ–ის“ მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სს „ე.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ვინაიდან დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორის - სს „ე.ჯ–ის“ წარმომადგენელ მ.მ–ათვის (რწმუნებულება ს.ფ. 250) ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (სხდომის ოქმი ს.ფ.252-262). აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2021 წლის 4 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე - 2021 წლის 14 ნოემბერი. ამდენად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება 2021 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 14 ნოემბრამდე. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ სს „ე.ჯ–ის“ წარმომადგენელმა მ.მ–ძემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა ვადის დარღვევით - 2021 წლის 2 დეკემბერს. გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა იწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან - 2021 წლის 15 ნოემბრიდან და ამოიწურა 2021 წლის 5 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან 5 დეკემბერი დაემთხვა დასვენების დღეს, ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2021 წლის 6 დეკემბერს.
საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დგინდება, რომ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით - 2022 წლის 5 მაისს, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2022 წლის 5 მაისი, რაც უტყუარად ადასტურებს ვადის დარღვევას. აღნიშნული კი, სს „ე.ჯ–ის“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სს „ე.ჯ–ს“ უნდა დაუბრუნდეს მ.მ. მიერ 2022 წლის 5 მაისის #1651752016/GEL საგადახდო დავალებით გადახდილი 184.38 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ე.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. სს „ე.ჯ–ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.მ– (პ/ნ ......) მიერ 2022 წლის 5 მაისის #1651752016/GEL საგადახდო დავალებით გადახდილი 184.38 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე